ნანახია: 1002
უმუშევართა რაოდენობა გერმანიაში პროგნოზებზე სწრაფად მცირდება. ოქტომბერში უმუშევართა რაოდენობა, სეზონური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელად 118.000 მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი გერმანელი ეკონომისტების ყურადღების საგანი აღმოჩნდა. უმუშევართა დონე 8%-დან 7.7%-მდე დაეცა და 3.2 მლნ. ადამიანი შეადგინა, რაც დეკემბრიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ევროპის მასშტაბით უმუშევართა რაოდენობამ თითქმის 10%-ი შეადგინა. თუმცა არის თუ არა ყველაფერი ისე კარგად, როგორც ეს მაჩვენებლები? დასაქმების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ფრანკ-იურგენ ვაიზემ განაცხადა: "ეს მაჩვენებლები წარმოების სფეროში სამსახურების შემცირებაზე მიგვითითებს. ამ სფეროში გასულ წელთან შედარებით 350.000 სამუშაო ადგილის შემცირება მოხდა. ამავდროულად, სახეზეა სადაზღვევო სფეროში გაჩენილი სამუშაო ადგილები, ასევე სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების სფეროებში." ეს ყველაფერი კი მიგვითითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილებს ქმნის, თუმცა ეს საბაზისო პრობლემებს ვერ წყვეტს. დასაქმების ზრდა საქმიან აქტიურობაზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ პროგნოზების თანახმად, ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები 5%-ით შემცირდება. რაც იმაზე მიგვითითებს, რომ კომპანიები სამუშაო ადგილების შემცირებას განაგრძობენ.
მოამზადა ირმა ზარნაძემ
|