გენმოდიფიცირებული პროდუქციის ტრანსსასაზღვრო კონტროლი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ცნება უშუალოდ არის დაკავშირებული თანამედროვე ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის განვითარებასთან. თანამედროვე ბიოტექნოლოგია სათავეს იღებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და თეორიულად ეფუძნება გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებს, მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიღწევებს. გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების (გმო-ს) გავრცელება ბიომრავალფეროვნებისთვის ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორიცაა უცხო სახეობის ჩასახლება ახალ გარემოში. ტრანსგენური კულტურების დამკვიდრების საშიშროებაზე მიანიშნებს ის გარემოებაც, რომ გენური ინჟინერია მონოკულტურების შექმნის ტექნოლოგიია. მონოკულტურა გენეტიკურ ერთგვაროვნებას ნიშნავს, გენეტიკურად ერთგვაროვანი კულტურების ნათესები კი ბევრად მგრძნობიარენი არიან დაავადებისა, თუ გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ.
გენური ინჟინერია, გენმოდიფიცირება, გენ-ტექნიკა და გენ-მანიპულირება _ ყველა ეს ტერმინი ერთმანეთის იდენტურია და ჩვეულებრივ, გულისხმობს გენების გადატანას ერთი სახეობიდან მეორეში, მაგალითად: თევზიდან პომიდორში, ღორიდან ბადრიჯანში და ა.შ. მას ხშირად თანამედროვე ბიოტექნოლოგიასაც უწოდებენ და მას თითქმის ისეთივე პროცესებთან აიგივებენ, როგორიცა ხორბლიდან პურის ცხობა, ყურძნიდან ღვინის დაყენება ან რძიდან მაწვნის შედედებაა. თუმცა მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები, კერძოდ: გენმოდიფიცირებული პროდუქტების უჯრედებში წინასწარ განუჭვრეტლად შესაძლებელია მოხვდეს ადამიანისთვის საშიში ნივთიერებების (ტოქსინების, ალერგენების და სხვა) სინთეზირება, ანუ გმო გარკვეულწილად ქიმიურად საშიშ ნივთიერებას წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმისათვის, რაც არ ახასიათებს ნატურალურ _ სასურსათო წარმოების პროდუქტს.
მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მატულობს
გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა. უარყოფითი თვისებების მიუხედავად, გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტი სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს საქართველოშიც (1996 წლიდან მოყოლებული). "საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, მცენარის ზრდის სტიმულატორები, შხამ-ქიმიკატები და ა.შ.) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანად გადააქციონ. მით უმეტეს, რომ აქ, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს", _ ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
ბოლო წლებში, ცნობილი გახდა ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების უარყოფით ზეგავლენას ადასტურებს. ამიტომ მსოფლიოში დაიწყეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა აღნიშნული სახის პროდუქციის წარმოების სამართავად. ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონვენციის ფარგლებში 2000 წელს შემუშავებული _ ბიოუსაფრთხოების "კარტახენას ოქმი", რომელიც ძალაში შევიდა 2003 წლის 11 სექტემბერს. "კარტახენას ოქმი" ეფუძნება გაეროს 1992 წლის "გარემოსა და განვითარების დეკლარაციის" მე-15 პრინციპს. ამ ოქმის მიზანია უსაფრთხოების სათანადო დონის დაცვა (ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხის გათვალისწინებით) თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული ისეთი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. ოქმი ძირითადად მოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საკითხებს ეხება და საშუალებას აძლევს იმპორტიორ, ანუ მიმღებ ქვეყანას, დაიცვას თავისი ეკოსისტემა შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისაგან.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არც კანონის, არც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე არ არეგულირებს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს. იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (პროდუქტების) მოხვედრის ძირითად წყაროს "ტრანსსასაზღვრო გადაადგილება" წარმოადგენს, "კარტახენას ოქმის" რატიფიცირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასევე აღსანიშნავია კანონპროექტი – "საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ", რომელიც ერთი წლის წინ იქნა ინიცირებული პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, თუმცა საკომიტეტო მოსმენის შემდეგ რატომღაც აღარ განიხილება. მნიშვნელობა კი ამ კანონპროექტისა განუსაზღვრელია იმდენად, რამდენადაც იგი ქვეყანაში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შემოტანას თითქმის კრძალავს. შესაბამისად, საქართველოში ისეთი გარემოა შექმნილი, რომელიც მოსახლეობას არ აძლევს დამოუკიდებელი არჩევანის უფლებას, გენმოდიფიცირებულ და ნატურალურ (ჯანმრთელობისათვის არა მავნე) პროდუქტს შორის, რაც ანტიქმედებაა იმ კანონისა, რომელიც მიღებულ იქნა ევროპაში 2004 წელს გმო-ს ნიშანდებასთან დაკავშირებით.
ბესო ჭელიძე