ნანახია: 1374
მართალია, გაზაფხული ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რეგიონებში მოსახლეობამ მარცვლოვანი კულტურის დასათესად სასოფლო-სამეურნეო მიწის გაფხვიერება და მოხვნა უკვე დაიწყო. თუმცა, ამ შრომატევად პროცესს ბევრი ისეთი პრობლემა ახლავს თან, რომელიც ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული და მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ნორმალურად წარმართვაში უშლის ხელს. ერთ-ერთი ასეთი, და შეიძლება ითქვას, ძირითადი პრობლემა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არქონაა და თუ არის ასეთი ტექნიკა, მისი დაქირავება საკმაოდ ძვირია. მართალია, სახელმწიფომ სოფლების დასახმარებლად ტრაქტორების დარიგების პროგრამა დაიწყო, მაგრამ დღემდე ამ ტრაქტორების ბედი, რეგიონის უმეტესობაში, გაურკვეველია და გლეხები იმ შეღავათებით ვერ სარგებლობენ, რასაც ეს პროგრამა ითვალისწინებს. გარდა ამისა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას მიწის გადასახადიც წარმოადგენს. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ქვემო ქართლში ერთი ჰექტარი ურწყავი მიწის ნაკვეთი 37 ლარი ღირს, სარწყავის კი 78 ლარი. მიწის გადასახადი ხარისხის მიხედვითაც იცვლება და "კარგი" სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფასი, სხვა დანარჩენ კატეგორიებთან შედარებით, მაღალია. ფერმერები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მიწის ხარისხი ხშირად არ შეესაბამება იმ კატეგორიას, რომლის საფასურსაც იხდიან და ეს საკითხი რეგიონებში ძალიან პრობლემატურია. ისინი მიწის რეალური ხარისხის დადგენას ითხოვენ. გლეხებისთვის კიდევ ერთ დიდ პრობლემას მოსავლის რეალიზაციაც წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი ერთად ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს ძალიან უშლის. დღეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობა სოფლის მცხოვრებლებს ერთი ტომარა აზოტის გვარჯილით ეხმარება. პროგრამის ფარგლებში აზოტის გვარჯილა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 939 925 კომლს დაურიგდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან რუსთავის აზოტის ქარხნისგან სასუქის შესაძენად 25 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ამ თანხაში მისი ტრანსპორტირების ხარჯებიც შედის. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთავის აზოტის ქარხნისგან 47 ათას ტონამდე გვარჯილა შეიძინა, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს. აზოტის გვარჯილას დარიგება ქვემო ქართლის რეგიონიდან უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მთელს საქართველოს მოიცავს. გვარჯილას საბაზრო ღირებულება დღემდე, ერთი ტომარა ანუ 50 კგ, 37 ლარი იყო. დღეს კი მისმა ფასმა საგრძნობლად დაიკლო. მსგავსი სახელმწიფო დახმარებები სოფლის მცხოვრებლებს სტიმულს აძლევს და მიწის დამუშავების სირთულეებს ცოტათი მაინც უმსუბუქებს. სოფლის მეურნეობის პრობლემებთან და პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენიმე კითხვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პარლამენტის აგრარულ კომიტეტს მივმართეთ, მაგრამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის კომპეტენტური პირები რეგიონებში იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მათთან დაკონტაქტება ვერ მოვახერხეთ.
ადა ექიზაშვილი
|