ნანახია: 647
სოფლის მეურნეობის განვითარება, საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. თუმცა აღნიშნული დარგი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მაგალითად მარცვლეული კულტურების ადგილობრივი წარმოება დაბალ დონეზეა. მაშინ, როდესაც საქართველოში მეფის რუსეთის დროს, თურმე, იმდენი ხორბალი მოჰყავდათ, რომ მისი ექსპორტიც კი ხდებოდა, დღეს ქვეყანაში ხორბლის 85-90% იმპორტირებულია, ხოლო ადგილობრივი წარმოების ხორბალს კი მხოლოდ 10-15% უკავია.
"მეხორბლეთა ასოციაციის" პრეზიდენტი არკადი მექერიშვილი არსებულ მძიმე მდგომარეობას პრობლემათა მთელ ჯაჭვს მიაწერს და აცხადებს, რომ დღეს სოფლის მეურნეობის დაფინანსება რთულია მაღალი რისკებიდან გამომდინარე, რის გამოც ბანკები თავს იკავებენ. ექსპერტი თვლის, რომ ეკონომიკის სამინისტროდან უნდა ხდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირება, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არ შეუძლია ამ დარგის დაფინანსება და მასში უფრო მეტი რესურსების ინვესტირება.
ქვეყანას წელიწადში 850 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება. საქართველოში კი მხოლოდ 200 ათასი ტონა იწარმოება და ნავარაუდევი 200-250 ათასი ტონა ხორბლის ნაცვლად, შარშან მხოლოდ 100 ათასი ტონა ხორბლის აღება გახდა შესაძლებელი. საქართველოში ხორბალი უკვე რამდენიმე წელია რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოდის. აქედან მთლიანი იმპორტის 70% რუსული ხორბალი შეადგენს.
"საქსტატის" მონაცემებით, 2008 წელს ხორბალი 2,7 ათას ჰექტარზე იყო დათესილი. 2009 წელს ეს მონაცემი მნიშვნელოვნად გაზრდილია და იგი 3,7 ათას ჰექტარს მოიცავს. არადა, მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ხორბლის ნათესები თითქმის სამჯერ შემცირდა და მოსავალიც გაუარესდა.
"ხორბლის ადგილობრივი წარმოება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი იმპორტი. ფერმერს ხელი არ მიუწვდება იმუშაოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფერმერები არ მიდიან იმაზე, რომ მოხდეს ნათესების კოოპერირება. მათ არ აქვთ საშუალება, რომ იმუშაონ სხვა სტანდარტებით. ამავდროულად ძალიან სუსტია ამ ბიზნესის სადაზღვევო ნაწილი და პრაქტიკულად ისეთი მაღალია რისკები, რომ ბანკებთანაც ვერ გექნება პრეტენზია", - ამბობს ბატონი მექერიშვილი.
საგულისხმოა, რომ ხორბლის კულტურის როლი და მნიშვნელობა დღეს სწორად არ არის შეფასებული და გაცნობიერებული. იგი საქართველოსთვის ყოველთვის იყო სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი კულტურა და ამავდროულად ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტთა ნუსხასაც განეკუთვნება. გადაუღებელი წვიმების გამო კახეთში ხორბლის ნათესებს დაავადება ,"ჟანგა" გაუჩნდა და გამორიცხული არ არის, რომ გლეხებმა წელს მოსავალი ვერ მიიღონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აბსოლიტურად არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც გადარჩეს მოსავალი და ქართველი გლეხი სულ მთლად ხელცარიელი არ დარჩეს. ამის შემხედვარე გლეხი, გაისად, ალბათ, აღარც მოიყვანს მოსავალს, რადგან ის მხოლოდ წაგებაშია. ბევრ მათგანს კრედიტი აქვს ბანკიდან აღებული, რისი გადახდაც მას ასეთ პირობებში ძალიან გაუჭირდება. აქედან გამომდინარე, ძნელია დაიჯერო სახელმწიფოს მიერ არაერთხელ გაჟღერებული განცხადება, იმის შესახებ, რომ დღეს ადგილობრივი წარმოება და სოფლის მეურნეობა ქვეყნის განვითარების მთავარ ამოცანას წარმოადგენს.
სამწუხაროდ, "მეხორბლეთა ასოციაციის" პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის განვითარების სამომავლო გეგმებს პოზიტიურ ჭრილში არ განიხილავს და ამბობს, რომ მანამ, სანამ საინვესტიციო ფონის გააქტიურდება არ მოხდება სოფლის მეურნეობაში, მეხორბლეობის განვითარებას არ უნდა ველოდოთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს ამ დარგის განვითარება და აღორძინება.
ქეთი სიხუაშვილი
|