სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და IFC-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებული სურსათის 90 პროცენტზე მეტი სტანდარტებს არ შეესაბამება, გვესაუბრება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის აკადემიკოსი, ს.ს. "ამალთეას" პრეზიდენტი ზურაბ ცქიტიშვილი.
- ბატონო ზურაბ, 2009 წლის ბოლოს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლი, კიდევ ერთხელ, 2016 წლამდე გადაიდო. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?- თუ კარგად გაეცნობით დღეს მოქმედ კანონმდებლობას, დაინახავთ, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლი არ გადადებულა, პირიქით, გარდამავალი დებულებით 2 პრიმა მუხლის მე-3-ე პუნქტით მოქმედება დამთავრდა 2009 წლის 31 დეკემბერს, რომელიც ზღუდავდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას. საწარმოების კონტროლი შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ისიც მთავრობის მიერ დადგენილი წესით. დღეს აღნიშნული მუხლის მოქმედება შეჩერებულია და შედეგად ამოქმედდა 21-ე მუხლი, რომელმაც განსაზღვრა უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე წინ მეწარმეების კეთილდღეობა დააყენა. რამდენად ხდება დღეს საქართველოში სურსათის ხარისხის კონტროლი და ვინ დაიცავს მომხმარებლის ინტერესს 2016 წლამდე? ხომ არ იგეგმება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იმ საწარმოების დახურვა, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ?- მომხმარებლის უფლებების დაცვაზე ზემოთაღნიშნული კანონი ზრუნავს. მისი პრეამპულა მიუთითებს იმაზე, რომ კანონის უმთავრესი მიზანია მომხმარებლების უსაფრთხოებაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა, მაგრამ თუ რომელიმე ორგანო, პარლამენტი, ან მთავრობა, შეაჩერებს იმ მუხლებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სურსათის კონტროლი და ადამიანის სიცოცხლის დაცვა, მაშინ ეს კითხვა იმ ორგანოების წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ.
შეფასება, რომ ამ კანონით ხდება მომხმარებლის უსაფრთხოებაზე წინ მეწარმეების კეთილდღეობის დაყენება, სწორად არ მიმაჩნია. რაც შეეხება საწარმოების დახურვას, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ ის უსაფრთხოების შიდა სისტემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაინერგოს სურსათის საწარმოებში და რომელთა დანერგვა დაკავშირებულია გარკვეულ მატერიალურ რესურსებთან, არ ეხება მცირე, საშუალო და კუსტარული ტიპის საწარმოებს. ასე რომ, ამ კანონის ამუშავებას არანაირი საწარმოების დახურვა არ მოყვება. მითუმეტეს, რომ უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი დღეს მოქმედი კანონით უკვე მუშაობს.
- საქართველოს ევროკავშირისგან მიღებული აქვს სავაჭრო პრეფერენციების სისტემა GSP+, მაგრამ მას აქამდე სრულად ვერ ვიყენებდით. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან სრულად არ არის ამოქმედებული სურსათის უვნებლობის კანონი. 2009 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით კი ის საწარმოები, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე არიან ორიენტირებული, 2011 წლიდან შემოწმდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად არიან მზად დღეს ქართული კომპანიები HACCP–ის სისტემის დასანერგად და ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად? - არსებობს კონტროლის ორი სისტემა, ერთი არის სახელმწიფო სისტემა, ხოლო მეორე _ შიდა საწარმო სისტემა. შიდა საწარმოო სისტემების დანერგვა, 2011 წლიდან შევა ძალაში იმ საწარმოებისთვის, რომლებმაც სურსათი ევროკავშირის ბაზარზე უნდა გაიტანონ. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების შიდა კონტროლის სისტემაზე, მხედველობაში გვაქვს მიკვლევადობისა და კრიტიკული საკონტროლო სისტემების დანერგვა. საქმე იმაშია, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ სისტემების დანერგვა აღნიშნული კანონით არ ეხება მცირე, საშუალო, ფერმერულ და კუსტარულ საწარმოებს. ხოლო იმ საწარმოების 80-90 პროცენტს, რომლებიც არ შედიან ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილთა შორის, უკვე დანერგილი აქვთ აღნიშნული სისტემები, რასაც მოწმობს გაცემული საერთაშორისო სერთიფიკატის რაოდენობა. ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის უკვე ამ სისტემების დანერგვა არ არის ისეთი აქტუალური, რადგანაც უმრავლეს საწარმოს, რომელსაც უნდა დაენერგა ეს სისტემა, უკვე დანერგა. ახლა მთავარია სახელმწიფომ საწარმოებისთვის, რომლებიც გავლენ ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყოს პირველადი წარმოების დონეზე ვეტერინარული და მცენარეების მავნე ორგანიზმებისგან დაცვითი ღონისძიებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მე მგონია, რომ ეს არ უნდა შეეხოს მხოლოდ ევროკავშირში სურსათის შეტანის მსურველ საწარმოებს.
- მიზეზად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის კანონი 2006 წელს სრულად არ შევიდა ძალაში, მთავრობამ დაასახელა ქართული კომპანიებისთვის გარკვეული დროის მიცემა, რათა ისინი ამისთვის მომზადებულიყვნენ და ბევრი მათგანი არ დახურულიყო. როგორ ფიქრობთ, რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ? - როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ კომპანიების 90 პროცენტს, რომლებსაც ეხება აღნიშნული კანონი, დანერგილი აქვთ შიდა საწარმოო უსაფრთხოების სისტემა, მხედველობაში მაქვს HACCP-ი. ქართველმა მეწარმეებმა ამ სისტემის დანერგვა დიდი ხანია დაიწყეს, რადგან მიხვდნენ, რომ საჭიროა ამ სისტემებით აღჭურვა.
- IFC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში არსებული სურსათის 90 პროცენტზე მეტი სტანდარტებს არ შეესაბამება. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 70 პროცენტზე მეტს ახალი კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ საბაზისო ცოდნა არ გააჩნია. რა კომენტარს გააკეთებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით? - ისინი გულისხმობენ ყველა ზომისა და ყველა დონის კომპანიებს, მაგრამ კანონი გვეუბნება, რომ ამ სისტემის დანერგვა არ ეხება მცირე, საშუალო და კუსტარული ტიპის საწარმოებს და რატომ ვაძალებთ მათ? ნუ ჩავყრით იმ რაოდენობას ამ ყულაბაში. თვითონ უვნებლობის კანონმა განსაზღვრა რამდენიმე მიმართულება და მათ შორის, არის შიდა საწარმოო სისტემების დანერგვის აუცილებლობა, ანუ HACCP-ი. საწარმოში შეიძლება ეს სისტემა დანერგო, ეს არის შიდა კონტროლის სისტემა, რათა მომხმარებელი დარწმუნდეს, რომ პროდუქცია უსაფრთხოა. რაც შეეხება სახელმწიფო სისტემას, იგი ერთნაირად აკონტროლებს როგორც ამ სისტემების მქონე, ისე არმქონე საწარმოების მიერ გამოშვებულ პროდუქციას ბაზარზე. საქართველოში უვნებლობის მაჩვენებლები ყველა სურსათისთვის ერთნაირია და მე როცა ვახორციელებ სახელმწიფო კონტროლის იმ მიმართულებას, რომელსაც ჰქვია სინჯების აღება ლაბორატორიული კონტროლისათვის, ერთნაირად ავიღებ ამ სინჯებს მცირე საწარმოს მიერ გამოშვებულ პროდუქციასა და უსაფრთხოების სისტემის მქონე კომპანიების პროდუქციაზე. თუმცა, ჩემთვის, მომხმარებლისთვის უფრო საფრთხის შემცველია იმ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია, რომელსაც ეს უსაფრთხოების სისტემები არ აქვს დანერგილი. ამიტომ მეტ ყურადღებას მაღალი რისკის შემცველ საწარმოებს მივაქცევ, მათ შორის, იმ საწარმოებს რომლებმაც არ დანერგეს შიდა კონტროლი. შიდა წარმოების ეს სისტემები უზრუნველყოფენ პრევენციულ კონტროლს. პრევენციული კონტროლი კი განსხვავდება იმ კონტროლისგან, რომელიც ჩვენ მოგვდევს საბჭოთა პერიოდიდან. საბჭოთა პერიოდის დროს საწარმოში ხდებოდა საბოლოო პროდუქტის კონტროლი. დღეს კი, როცა ვსაუბრობთ პრევენციულ სისტემაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ პროდუქცია საბოლოო სახეს მიიღებს, მანამდე საწარმოო პროცესში ხდება მისი კონტროლი. აი, ეს არის განსხვავება. როდესაც მე ვარ მცირე საწარმო და მინდა, რომ მომხმარებელმა შეიძინოს ჩემი პროდუქტი და ვხედავ, რომ მომხმარებელს სჯერა იმ ინფორმაციის, რომელიც აწერია ეტიკეტზე, რომ გამოყენებულია HACCP-ის სისტემა, ამ შემთხვევაში მეც დავიწყებ მათ დანერგვას.
ესაუბრა დაკო შონია