ნანახია: 989
მთავრობა სათამაშო ბიზნესის ხელშესაწყობად მათი გადასახადებისგან გათავისუფლებას გეგმავს. საუბარია აჭარის რეგიონში 100-ნომრიან სასტუმროში განთავსებული სამორინეების გადასახადისგან 10 წლის განმავლობაში გათავისუფლებაზე. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ცვლილებების პროექტი მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს და უახლოეს მომავალში ის პარლამენტს გადაეგზავნება. "ჩვენ ტურიზმის წახალისებას ვცდილობთ, სამორინოების გადასახადი წელიწადში 250 ათასი ლარია. თუმცა, ახალი სასტუმროების შემთხვევაში მშენებლობისა და მუშა-ხელის დასაქმებიდან შემოსულ თანხასთან შედარებით ეს ფული, არაფერია", - განმარტავს ფინანსთან მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში 100 ნომრიან სასტუმროში სულ ორი სამორინე მოქმედებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით ნარმანიას შეფასებით ტურისტული სექტორის წახალისება მნიშვნელოვანია, თუმცა სამორინეების გადასახადებისგან გათავისუფლება ეფექტური შედეგის მომტანი ვერ იქნება. ექსპერტის განმარტებით, საქართველოში ტურისტული სფერო იმ დონეზე განვითარებული არ არის, რომ აჭარაში მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტები ჩავიდნენ და ფული სათამაშო ბიზნესში დახარჯონ.
|