ნანახია: 1400
ცოტა იფიქრეს თუ ბევრი, ტურიზმის დეპარტამენტში სასტუმროებისთვის რჩევის მიცემა გადაწყვიტეს: ფასები შეამცირეთ. ეს მხოლოდ რჩევის დონეზე. არ არსებობს არანაირი შკალა ან პროგრამა. რეკომენდაცია, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სასტუმროების მეპატრონეებს ამჟამად შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად და მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით მისცა. თუმცა რამდენით ან რაზე შეამცირონ ფასები, ამაზე თავი თავად მეპატრონეებმა უნდა იტეხონ. მთავარია, რჩევა მიცემულია. ტურიზმის დეპარტამენტს არ უფიქრია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ სასტუმროები არსებული მდგომარეობიდან და რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისათვის, არც პროექტის დაწერაზე უფიქრიათ ამ მიმართულებით. სამაგიეროდ, საქართველოს შესახებ ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა და ტურისტული გზამკვლევების გამოცემა, როგორც ჩანს, ამ დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი სასტუმროებისთვის ტრენინგს ატარებენ, რომელიც კრიზისის პირობებში სხვა ქვეყნების გამოცდილების ადგილობრივი სასტუმროების მფლობელებისა და პერსონალისთვის გაზიარებას ემსახურება, რათა მათ ფასების რეგულირება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება მოახერხონ. ერთი, თუ არა ერთადერთი, რაზეც ტურიზმის დეპარტამენტი და სასტუმროების მფლობელები თანხმდებიან არის ის, რომ ქვეყანაში ტურიზმის სფეროში, ისევე როგორც ზოგადად ყველა სფეროში, კრიზისული მდგომარეობაა. ის კი რაშიც, სავარაუდოდ, ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროების მფლობელებს ნამდვილად არ დაეთანხმება, ამ დეპარტამენტის სისუსტეა. "ტურიზმის დეპარტამენტთან ადრე ვთანამშრომლობდი, მაგრამ არავითარი შედეგი ამან არ გამოიღო. მათთან აღარ ვთანამშრომლობთ. ხელს არაფერში გვიწყობს". - ამბობს სასტუმრო "ანდამატის" დირექტორი ზვიად ვეკუა. პარადოქსია, რომ დღევანდელი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფასების დაწევის ინიციატივით ტურიზმის დეპარტამენტი გამოდის. თითქოს, სასტუმროების მეპატრონეები თავად ვერ მიხვდებოდნენ რომ დაეწიათ ფასები. ამის მიზეზი არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისია, არამედ ისიც, რომ ბათუმში, ქობულეთში და საერთოდ, საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ცნობისთვის, ჩვენს მეზობელ თურქეთში სასტუმროებში არნახული ფასდაკლებებია. საზაფხულო სეზონის გახსნამდე სასტუმროებს უკვე ჰქონდათ შემუშავებული გეგმა არა მხოლოდ ფასების შემცირებასთან, არამედ რიგი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც მათ სეზონის ჩავარდნისგან იხსნიდა. თუმცა ფასებში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ისინი არ გეგმავენ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. გლობალური კრიზისის ფონზე მთელს მსოფლიოში ტურისტების ნაკადის კლება აღინიშნება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორი - ზაფხულში მომხდარი ომი – ემატება. კრიზისულ მდგომარეობაში ტურიზმის დეპარტამენტი მართლაც რომ ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ისინი სეზონის ჩავარდნას არ ელოდებიან, უფრო მეტიც აჭარაში, სეზონის მიწურულს, აგვისტოში, 200 000 ტურისტს ელოდებიან. სასტუმროებში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. უკვე დაჯავშნული ნომრები და ტურისტების ახლანდელი რაოდენობა კი ოპტიმიზმის საშუალებას სულაც არ იძლევა. ისინი ტურიზმის დეპარტამენტისგან უფრო კონკრეტულ შემოთავაზებებსა და ნაბიჯებს ელიან. სხვა რომ არაფერი, საქართველოში საზაფხულო სეზონის წინააღმდეგ ბუნებაც გამოდის, რასაც ტურიზმის დეპარტამენტს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. საქართველოში მომხდარი წყალდიდობები და უსასრულო ნალექი პრობლემას კიდევ უფრო მწვავეს ხდის. თუ სინოპტიკოსებს დავუჯერებთ, ასეთი ამინდი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. თუ თქვენ ეკონომიკური კრიზისი არ შეგეხოთ და არც აგვისტოს მოვლენების გამეორება გაშინებთ (ღმერთმა გვაშოროს!), მაშის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. მერე რა რომ მზე ორ დღეში ერთხელ გამოანათებს, ისიც თუ გაგიმართლებთ და ანტალიასთან, ქემერსა და სხვა მეზობელ კურორტებთან შედარებით ორმაგი ფასის გადახდა მოგიწევთ. თუ ასეთი მოხალისეები აღმოჩნდებიან და ტურიზმის დეპარტამენტის ოპტიმიზმი გამართლდა, ტურისტული გზამკვლევები უკვე მზადაა.
ირმა ზარნაძე
|