DataLife Engine > საზოგადოება > თბილისის შემოგარენში არსებული ტყეები უკვე გაყიდულია

თბილისის შემოგარენში არსებული ტყეები უკვე გაყიდულია


8 აგვისტო 2010. : merabi
ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მათ უცხოელების მეშვეობით გაიფორმებენ

სულ ცოტა ხნის წინ ეს ტერიტორიები თბილისის დაქვემდებარებაში შევიდა. ანუ მათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სტატუსი მიენიჭა. კანონმდებლობის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა არ შეიძლება. დედაქალაქის გამგებლობაში შესული ტერიტორიების გაყიდვა კი თავისუფლად არის შესაძლებელი. ამჯერად ხელოვნურდ გაშენებული ტყეების გაყიდვაც კანონდება. ანუ სულ მალე კოჯრის, წყნეთის და მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულ ტყეებს საპრივატიზაციოდ გამოიტანენ და უცხოელებზე გაყიდიან.


სატყეო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "სატყეო სააგენტოს შესახებ" კანონი უკვე ძალაშია. სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან განსხვავებით, "სატყეო სააგენტოს" ხელმძღვანელს გარემოს დაცვის მინისტრი ერთპიროვნულად დანიშნავს. რეფორმირებული სატყეო დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა მომსახურების გაცემისთვის საფასურიც ახალი რედაქციით დადგინდება, თუმცა, კანონის ეს ნაწილი ძალაში 2011 წლის პირველი იანვრიდან შედის და, შესაბამისად, დამატებითი შემოსავალი, რაც დაახლოებით 3 მილიონი იქნება, "სატყეო სააგენტოს" მომავალი წლიდან ექნება ექნება.
"სატყეო სააგენტო" მომსახურების საფასურის გარდა, ბიუჯეტიდანაც დაფინანსება. ამასთან, შეეძლება მიიღოს მიზნობრივი გრანტები და აიღოს კრედიტები, მიიღოს შემოსავალი საჩუქრისა და შემოწირულობის სახით. მის ანგარიშზე ჩაირიცხება აუქციონებიდან მიღებული შემოსავლებიც.
აღნიშნული კანონის ძალაში შესვლიდან სატყეო დეპარტამენტში შტატების ოპტიმიზაციასაც ელოდებიან და ადმინისტრაციის შტატების ხარჯზე, რეინჯერების და მეტყევე სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა იგეგმება. კერძოდ, რეინჯერების რაოდენობა, სავარაუდოდ, 480-იდან 1000-მდე გაიზრდება. ამავე კანონის მიხედვით, სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი გარემოს დაცვის მინისტრმა ორი თვის განმავლობაში უნდა დანიშნოს.
თუ რა სიკეთეს მოუტანს სატყეო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება ჩვენს გადამწვარ, გაჩეხილ და გაყიდულ ტყეებს, ამის შესახებ `ბანკები და ფინანსები~ მკითხველს პერიოდულად გააცნობს.
დღეისათვის ტყის ფონდის ტერიტორიებით უფასოდ სარგებლობა შეუძლებელი ხდება. "სატყეო სააგენტოს" შესახებ კანონი ძალაში შევიდა, რომელიც ტყის ფონდის ტერიტორიების მოსარგებლებისთვის განსხვავებულ რეგულაციებს აწესებს. კერძოდ, ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული ხაზობრივი და კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობების მფლობელები უკვე ვალდებულნი არიან სამი თვის განმავლობაში სააგენტოსთან "ტყითსარგებლობის ხელშეკრულება" დადონ და შესაბამისი საფასურიც გადაიხადონ.
ამას გარდა, ის პირები, რომლებსაც სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე და მათი ეს უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ვალდებულნი არიან ასევე 3 თვის ვადაში დადონ ხელშეკრულებები სააგენტოსთან და ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლობის თანხა, სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხონ. აღნიშნულ საფასურს მთავრობა დაადგენს.
ყველაზე მთავარი, რაც ახალ კანონპროექტში წერია, არის ის, რომ საკოლმეურნეო ტყე პრივატიზებას დაექვემდებარება. ამას ითვალისწინებს "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. როგორც აგრარული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, დღემდე საკოლმეურნეო ტყეების გასხვისება არ ხდებოდა, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებდა.
"არ მინდა ისე გაიგოთ, რომ საუბარია ტყის მასივის გასხვისებაზე. საკოლმეურნეო ტყე ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ არის ისეთი ტიპის ტყე, რომელიც ხელოვნურადაა გაშენებული იმისათვის, რათა მოსახლეობამ მოიხმაროს სხვადასხვა მიზნით. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ასეთი საკოლმეურნეო ტყეები გაგვესხვისებინა და შეძენის შემთხვევაში მსურველს შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარი ნების მიხედვით განეკარგა ეს ტყე, თუმცა, იმ პირობით, რომ სისტემატურად განაახლებდა მას და ახალ ხეებს დარგავდა", - აცხადებს ლაშა თორდია.
მისივე განმარტებით, ასეთ პრივატიზებულ ტყეში არ შეიზღუდება ადამიანების გადაადგილება და ნებისმიერ მსურველს პრივატიზებულ საკოლმეურნეო ტყეში კენკრის, ან სოკოს დაკრეფის საშუალება თავისუფლად მიეცემა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ტყეში სოკოს ან კენკრის მოკრეფა აკრძალული ჰქონდა და ამის გამო აჯარიმებდნენ კიდეც.
როგორც ჩანს, სახელმწიფოს დაავიწყდა წინაპრებისგან დატოვებული სიტყვები "ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია" და მას შემდეგ, რაც ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემა დაიწყო, რასაც ჩინელები დიდი მონდომებით ითვისებენ, ახლა უკვე პრივატიზებასაც არ ერიდება.
საჯარო აუქციონზე საკოლმეურნეო ტყის გასაყიდი ყოველი 1 ჰექტარის საწყისი ფასი 200 ლარი იქნება. შემოსული თანხები კი ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს.
"მწვანეთა მოძრაობის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე აცხადებს: "საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ე.წ. საკოლმეურნეო ტყეები. კოლმეურნეობებს გადაცემული ჰქონდათ სოფლების მიმდებარე ტყეები სარგებლობისთვის. ეს იყო დაახლოებით 560 ათასი ჰექტარი საკოლმეურნეო ტყე. საქართველოში არის სულ 2 მილიონ შვიდასი ათასი ჰექტარი ტყე. ეს საკმაოდ დიდი ფართობები იყო. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საკოლმეურნეო ტყეები ცაში გამოკიდებული დარჩა. ჩვენ რომ პარლამენტში ვიყავით, თუ არ ვცდები, 1997 თუ 1998 წელი იყო, საკოლმეურნეო ტყეების ცნება გავაუქმეთ და ის ტერიტორიები საქართველოს სატყეო დეპარტამენტს დავუქვემდებარეთ, ანუ შევიდა ერთიან სატყეო ფონდში. როგორც იურიდიული ცნება, "საკოლმეურნეო ტყე" აღარ არსებობს თითქმის 12 წელიწადია. ახლა პროექტში წერენ, საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიები გამოტანილ იქნეს საპრივატიზაციოდ და ერთი ჰექტარის საწყისი ფასი 200 ლარი დადგინდესო. გლეხებს 200 ლარის გადახდა კი არა, ერთი ტომარა ფქვილის ყიდვის საშუალება არ აქვთ. გარდა ამისა, როგორ წარმოუდგენიათ, გლეხები ეკონომიკის სამინისტროში ჩამოვლენ და აუქციონში მიიღებენ მონაწილეობს?
ამ ტყეების გაყიდვა გაუჭირდებათ, რადგან გლეხებს ფული არ აქვთ და ინვესტორებს კი ინტერესი არ ექნებათ, რადგან ამ ტყეებში მხოლოდ ბუჩქნარებია დარჩენილი და ძირითადად განადგურებულია. მე ვფიქრობ ამ ტყეების ყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს აიძულებენ, შემდეგ ისინიც ამ ტყეებს წინა საარჩევნოდ გამოიყენებენ ხოლმე მოსახლეობის მოსასყიდად.
"ბანკები და ფინანსებთან" საუბარში გლეხები აცხადებენ, რომ თუ სპეციალური აუქციონი ჩატარდება, სადაც მხოლოდ გლეხები მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ კიდევ შეიძლება, რომ შეძლონ ტყეების შესყიდვა, ხოლო თუ ფასი გაიზრდება, მათ ნაკლებად აქვთ ამის შესაძლებლობა.
ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცვლილებებში ერთი საინტერესო და ფრიად საყურადღებო დეტალი იმალება. ფაქტია, რომ ხელისუფლება, რომელიც დაუნდობლად ებრძვის ყველაფერ საბჭოურს, ტყუილად არ გააცოცხლებდა "საკოლმეურნეო ტყის" ცნებას. ლაშა თორდიას დაზუსტებული აქვს, რომ გაიყიდება ხელოვნურად გაშენებული ტყეები.
ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, გვახსენდება კოჯრის, წყნეთის და მიმდებარე ტერიტორიებზე გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენებული ტყეები. როგორც ჩანს, ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს დედაქალაქის შემოგარენში არსებული გამწვანებული ტერიტორიების სარფიანად გაყიდვას.
გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ეს ტერიტორიები თბილისის დაქვემდებარებაში შევიდა. ანუ მათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სტატუსი მიენიჭა. კანონმდებლობის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა არ შეიძლება. დედაქალაქის გამგებლობაში შესული ტერიტორიების გაყიდვა კი თავისუფლად არის შესაძლებელი. ამჯერად ხელოვნურდ გაშენებული ტყეების გაყიდვაც კანონდება. ანუ სულ მალე კოჯრის, წყნეთის და მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულ ტყეებს საპრივატიზაციოდ გამოიტანენ და უცხოელებზე გაყიდიან.
როგორც ვხედავთ, ლაშა თორდიას ბოლო საკანონმდებლო ინიციატივის, შემდეგ უცხოეთის მოქალაქეებს თბილისის შემოგარენში არსებული ტყეების ყიდვა თავისუფლად შეეძლებათ. ასე რომ, ქართველ გლეხებს ნუ ექნებათ იმედი, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათთვის სპეციალურ აუქციონს მოაწყობს და ამ მიწებს 200 ლარად მიჰყიდის. ეს ტერიტორიები გაცილებით ძვირად გაიყიდება და ვერა ქობალიაც იამაყებს იმით, რომ საპრივატიზაციო გეგმას შეასრულებს.

ადა ექიზაშვილი