DataLife Engine > საზოგადოება > ახალი ნაგავსაყრელი თბილისის ზღვის მკვებავი არხის მახლობლად შენდება
ახალი ნაგავსაყრელი თბილისის ზღვის მკვებავი არხის მახლობლად შენდება21 აპრილი 2010. : merabi |
|
"შესაძლოა, ნაგავსაყრელიდან მკვებავი არხი დაბინძურდეს, რომლის საშუალებითაც დედაქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება"
გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონის მოსახლეობის მრავალწლიანი მოთხოვნა, რომელიც ამ რაიონებში ნაგავსაყრელის გაუქმებას ეხებოდა, როგორც იქნა დაკმაყოფილდა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის ნაგავსაყრელი გაუქმდა. მას შემდეგ, რაც 2004 წლის 16 მაისს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურა, მთელი დატვირთვა გლდანის ორ და იალღუჯას ნაგავსაყრელებზე მოდიოდა. აქვე გლდანის ნაგავსაყრელთან ფუნქციონირებდა ე.წ. "ბეკერის" ორმო, სადაც შინაური ცხოველების ლეშების დამარხვა ხდებოდა. გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონების მოსახლეობისთვის ნაგავსაყრელი პრობლემური განსაკუთრებით ზაფხულობით იყო, როდესაც მოსახლეობას ნაგავსაყრელიდან წამოსული კვამლის და სუნის გამო ფანჯრის გაღება არ შეეძლო. ნაგავსაყრელზე მუდმივად მიმდინარეობს ბიოწვა, ბიოწვისას გამოიყოფა მეთანი და ასევე უცნობი ტოქსიკური ნივთიერებები, რაც თავისთავად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. კვამლი და სუნი როგორც გლდანულამდე, ისე გლდანის?იკრორაიონებამდე მიდის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ნაგავსაყრელის დახურვა ყველა წესის დაცვით მოხდეს. დახურვა გულისხმობს ნარჩენების სარკოფაგში მოქცევას და სრულ იზოლაციას გარემოსგან, როგორც ატმოსფეროსგან, ასევე წყლისგან და რაც მთავარია, მოსახლეობისგან, ეს პრობლემა კი უბრალოდ მიწის მიყრით, როგორც ქალაქის მერიამ გააკეთა, არ გადაიჭრება. თავდაპირველად, გლდანის ნაგავსაყრელის ალტერნატივად ნორიოდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ისტორიული მარტყოფის ველი იყო შერჩეული, თუმცა, მოსახლეობის, პოლიტიკოსების, მწვანეთა პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ახალი ნაგავსაყრელი დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, რასაც უკვე მოჰყვა საპროტესტო აქცია მოსახლეობისგან. მათი თქმით, ნაგავსაყრელი მათ კუთვნილებაში არსებულ მიწებზე შენდება. ამასთან, მათი განცხადებით, ნაგავსაყრელის აშენების შემდეგ, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე გარემოს საფრთხე ემუქრება. მოსახლეობის საპროტესტო აქციას კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის აშენების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება არამხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ, არამედ მთლიანად თბილისის მოსახლეობას. "ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განთავსება პრობლემას არამარტო იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნის. საქმე იმაშია, რომ ნაგავსაყრელი ძალიან ახლოს მდებარეობს, თბილისის ზღვის მკვებავ, მტკნარი წყლის არხთან, რითაც საფრთხე ექმნება სრულიად თბილისის მოსახლეობას. დიდია ალბათობა იმისა, რომ ნაგავსაყრელიდან მკვებავი არხი დაბინძურდეს, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. ეს კი შესაძლოა მძიმე შედეგების მიზეზი გახდეს", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში შემდეგ განცხადებას აკეთებენ. "აღნიშნული პრობლემა 2010 წლის ბოლოს გადაიჭრება. ნაგავსაყრელებს ნარჩენების მიმღები და გადამამუშავებელი ქარხანა ჩაანაცვლებს, რომელიც უსაფრთხო იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე გარემოსთვის. ქარხანა ევროპული სტანდარტებით იქნება აშენებული და მას გამონაბოლქვიც კი არ ექნება. რაც შეეხება ტერიტორიებს, სადაც ახალი ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, მართლაც, რომ კერძო საკუთრებაში იყო, თუმცა, მოსახლეობასთან შეთანხმება მოხდა და მათ მერიამ სხვა მათთვის მისაღები მიწები გადასცა. აღნიშნული ქარხანა, მერიის დაქვემდებარებაში იქნება და იქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. რაც შეეხება გლდანის ნაგავსაყრელს, ის უკვე მწვანე ზონად გამოცხადდა და პირველი ხე თავად ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ დარგო”, _ აცხადებენ მერიაში. როგორც მერიაში აცხადებენ, 2010 წლის ბოლოდან ნაგვის დაწვის ნაცვლად მისი გადამუშავება დაიწყება, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება ნაგვის გადამუშავება, რადგან, როგორც ცნობილია, იმ ქვეყნებში, სადაც ნაგვის გადამუშავება ხდება, თავად მოსახლეობა ახდენს მის დახარისხებას, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი იგეგმება. ქეთი ქასრაშვილი |