DataLife Engine > საზოგადოება > SOS შავი ზღვის სანაპირო ზოლი საფრთხეშია
SOS შავი ზღვის სანაპირო ზოლი საფრთხეშია6 თებერვალი 2010. : merabi |
|
მდინარე ჭოროხზე კაშხალი აშენდა, რომელიც შავი ზღვის სანაპირო ზოლს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის. ამ კაშხალის აშენების შედეგად, სოფლები ანგისა და ადლია საგრძნობლად დაზარალდა, სადაც ცხოვრება ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება. ზღვამ უამრავი საცხოვრებელი სახლი დატბორა. სიტუაცია ნამდვილად საგანგაშოა და პრობლემა დროულად ითხოვს მოგვარებას. "ბ&ფ"-ი დაინტერესდა, თუ რა ეკოლოგიური პრობლემებია შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ამ საკითხთან დაკავშირებით "მწვანეთა პარტიის" გენერალურ მდივანს, გიორგი გაჩეჩილაძეს გავესაუბრეთ.
- შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური საფრთხე რამდენიმე კუთხით ემუქრება, პირველ რიგში, აღსანიშნავია თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე აშენებული დერნესის კაშხალი. ავუხსნათ "ბ&ფ"-ს მკითხველს, თუ რა კუთხით უქმნის კონკრეტულად საფრთხეს ის ქართულ საზღვაო კურორტებს. - ეს პრობლემა ახალი არ არის. იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის ტერიტორიაზე კაშხალები არ აშენებულიყო, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების უნიათობის გამო, ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა და ამან დღეს, კატასტროფული შედეგები გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ მდინარე ჭოროხს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მდინარე გახლავთ, რომელიც შავ ზღვას საქართველოს ტერიტორიაზე უერთდება, უამრავი რაოდენობის ქვა-ღორღი და ქვიშა ჩამოაქვს. ეს სანაპირო ზოლის ძირითადი მკვებავია. იქ ასეთი ეკოლოგიური ბალანსია: ტალღას ხომ დიდი ენერგია აქვს და ღელვის დროს სანაპირო ზოლს რეცხავს, შემდეგ, რამდენსაც ირეცხავს, იმდენივე ფაქტიურად შემოაქვს და ანაწილებს. იქედან შემოტანილი მასალა ნელ-ნელა ლაგდება და ასე ვთქვათ, ბალანსია. ამიტომ არის, რომ სანაპირო ზოლი ფაქტიურად სტაბილურია - არც წინ მიდის და არც უკან. როგორც კი ეს ბალანსი ირღვევა, იმ წუთშივე კატასტროფული შედეგები დგება. როცა მოაკლდა, ერთი უზარმაზარი ყრუ კაშხალი აშენდა, რომელიც ქვა-ღორღს და ამ მასალას, რომელიც მდინარეს მოაქვს, უკვე აღარ ატარებს. აქედან გამომდინარე, ბათუმის გაგრძელებაზე სოფელი ანგისა და სოფელი ადლია კატასტროფულ მდგომარეობაშია. ზღვა უკვე საცხოვრებელ სახლებში შევიდა. ამ სოფლებიდან ხალხი, ფაქტიურად, გადასახლდა. ეს ახალი ამბავი არ არის. იგივე ამბავი ფოთსაც დაემართა, როდესაც კომუნისტების დროს, რიონის კასკადი აშენდა და ამან მდინარის მიერ ზღვის წყალში მყარი მასალის შემოტანა ჩაკეტა. ფოთში ზღვა ერთი კილომეტრით არის შემოჭრილი. და იქ რომ ჩახვიდეთ და ზღვას გახედოთ, შეიძლება სადღაც შორს, წვეროები დაინახოთ. რადგან ადრე ხმელეთის უდიდეს მონაკვეთზე, რომელიც ახლა ზღვაშია ჩაფლული, სასაფლაო, იპოდრომი და შენობები იყო გაშენებული. ეს სერიოზული პრობლემაა. - როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემას, რა არის გამოსავალი? - გამოსავალი უკვე ძალიან ძვირად ღირებულია. ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე უნდა ეზრუნა, რადგან არსებობს საერთაშორისო კონვენციები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლის თანახმადაც, ამ პრობლემის შეჩერება შეიძლებოდა. ახლა უკვე ამის მოგვარებას, სისტემატიურად ყოველ წელიწადს, მინიმუმ, 5 მილიონი დოლარი დასჭირდება. მდინარემ რაც ზღვას მოაკლო, აი, ის რაოდენობა მასალისა უნდა შეიტანონ და ჩაყარონ ზღვაში, რათა ზღვა გამოკვებონ და ბალანსი აღადგინონ. მაგრამ ყველანაირი მასალა კი არ გამოკვებავს, ზღვას გარკვეული ფრაქციის და სიდიდის მასალა სჭირდება. ამისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კარიერების გახსნაა საჭირო. საჭიროა ახალი მასალის მოპოვება, გარკვეულ ფრაქციამდე დაყვანა და შემდეგ წამოღება და ზღვაში ჩაყრა. ეს კი რეალურად წყალში ფულის გადაყრაა. - იმ დროს, როდესაც შავი ზღვის ქართული სანაპირო, აზერბაიჯანული და შუა აზიური ენერგეტიკული გადაზიდვების რესურსცენტრი ხდება, რამდენად იქონიებს ეს ზეგავლენას შავი ზღვის საკურორტო სისტემაზე? - საერთოდ, შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ნავთობის მოპოვების, ტრანზიტისა და გადამუშავების ადგილად გადაქცევა, თვითონ შავი ზღვის საკურორტო სისტემისათვის, კატასტროფული შედეგების მომტანია. უნდა ვიცოდეთ, რომ ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტოქსიკური ნივთიერებაა, არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ ფლორისა და ფაუნისათვის, რომელიც ზღვაშია. როდესაც ნავთობი წყალში ხვდება, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ იშლება და ფენოლებს წარმოქნის. ფენოლი ერთგვარი ნივთიერებაა, რომელიც გაცილებით უფრო ტოქსიკურია და იქაურობას საერთოდ ანადგურებს. ერთი ტონა ნავთობის დაღვრის დროს, 12 კვ. კილომეტრის აბსკი, ნავთობის ფენა წარმოიშვება. წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაბინძურდება ზღვა. ამის უამრავი შემთხვევაა. ასე მაგალითად: ხან ტანკერს რაიმე გაუფუჭდება და დაეღვრება ნავთობი, ან კიდევ ეს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი წარმოება, რომელიც აბსოლუტურად ეკოლოგიურად საშინელებაა და იქაურობას ნავთობის ნარჩენებით და ა.შ. ანადგურებს. არავის გაუთვლია შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ნავთობის ტრანზიტისა და გადამამუშავებელ ცენტრად გადაკეთება, თუ რისი მომტანია. და არავის არ გაუთვლია, რომ იქნებ, ამ ქვეყნისთვის და ამ სანაპირო ზოლისთვის, ტურიზმს, უფრო მეტის შემოტანა შეუძლია, ვიდრე ნავთობს. და კიდევ, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნავთობცენტრად გადაკეთება იმიტომაა სახიფათო, რომ თუ სადმე ნავთობი ლოკალურად ჩაიქცევა, მხოლოდ იქ კი არ ჩერდება, არამედ ზღვაში არსებული დინებების გამო, მთელს ზღვისპირეთს დააბინძურებს. - ბოლო ხანს საუბარია სუფსაში ნავთობქიმიური ქარხნის მშენებლობის შესახებ. რა ეკოლოგიური საფრთხეების შემცველი იქნება ეს პროექტი? - საერთოდ, შავი ზღვის რეკრეაციულ ზონებში ამდაგვარი წარმოების მშენებლობა დაუშვებელია. ასეთი გიჟური პროექტები 90-იანი წლების დასაწყისში არსებობდა. მაგალითად, იყო ასეთი პროექტი: შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნარჩენების გადამამუშავებელი უზარმაზარი წარმოებები უნდა აეშენებინათ - ხუთი თუ ექვსი. ევროპიდან ტოკსიკური ნარჩენები უნდა ეზიდათ და აქ უნდა გადაემუშავებინათ. მატერიალურად ეს ვიღაცისთვის ძალიან მომგებიანია, მაგრამ ეკოლოგიურად კატასტროფული შედეგების მომტანი. ევროპელებსაც ამ ტოქსიკური ნარჩენების მოშორება, რა თქმა უნდა აწყობდათ. ეს პროცესი ასე თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ყოველგვარ ტურიზმზე და განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. - პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ბრძანა, იმისათვის, რომ ქართულ საზღვაო კურორტებზე ამინდი უკეთესი გახდეს და წვიმა აღარ იყოს, მტირალას მთა უნდა გადაჭრან. რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება? წვიმა მართლა აღარ მოვა? - ეს ინფორმაცია ჩვენი აჭარელი მეგობრების ინფორმაციის საფუძველზე გავავრცელეთ, როდესაც სააკაშვილი ზაფხულში იქ იყო ჩასული და როდესაც მან ვარშალომიძეს კითხვა დაუსვა. პრეზიდენტმა იკითხა, თუ რატომ ჩავარდა ტურიზმის სეზონი და თუ რატომ იყო ცოტა დამსვენებელი იმ წელს. ვარშალომიძემ უპასუხა, რომ წვიმები იყო. შემდეგ პრეზიდენტმა, ასეთი წვიმები რატომ არისო. ვარშალომიძემ უპასუხა, - ქედები და მთები რომ არის, მაგიტომ არის ასეთი წვიმებიო. ჩვენი პრეზიდენტიც არ დაიბნა და მყისვე ბრძანა: მერე ადექით და მოჭერითო. თქვენ რომ იცოდეთ, ეს ქედები უზარმაზარია. სიგრძეში ათობით კილომეტრია და ზოგის სამაღლე 2800 მეტრს აღწევს, ხოლო ზოგის - 2500 მეტრს. მათი მოჭრა ფანტასტიკის დონეზეა, უბრალოდ, სრული სიგიჟეა. შემდეგ, ჩვენ რომ ჟურნალისტებმა გვკითხეს, რასაც თქვენ მეკითხებით, მე ვუპასუხე: რა უნდა ვქნათ? ავდგებით და ამ წინადადების ავტორის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოვითხოვთ-მეთქი. იმიტომ, რომ ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რომ მიხვიდე და ქედი მოჭრა. არარეალურია. ბუნებრივია, დედამიწაზე ამის გამკეთებელი არავინ არის. საქართველოს ის სიმდიდრე აქვს, რაც სხვა ბევრად განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას არ გააჩნია. ეს სიმდიდრე არის ზღვა. თუმცა ზღვას, სწორი გამოყენება უნდა ვუპოვოთ, რომ იგი სიმდიდრედ ვაქციოთ. ჩვენი მთავრობა ყოველივე ამას არასწორად იყენებს, რაც საბოლოო ჯამში, ამ სიმდიდრეს ნეხვად აქცევს. ესაუბრა დიმიტრი ლელაძე |