ქართული ტელესივრცე პრპაგანდისტული მანქანა თუ მედიაბიზნესი
ბიზნესის თავისუფლება დღევანდელ საქართველოში კომიზმამდე ასული ტრაგედიაა. ყველა მეტნაკლებად სერიოზული ბიზნესის უკან სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოიაზრებიან. განსაკუთრებით საინტერესო ვითარებაა მედიაბიზნესში, ერთის მხრივ, ეს არის ბიზნესის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მიმართულება, მეორეს მხრივ, კი ის გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესი და ფულის კეთების საშუალება. სწორედ ამიტომ, დღევანდელ საქართველოში მედიასივრცეში არც ფულის შოვნაა შესაძლებელი და არც მისი საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულება.
სატელევიზიო ბაზარი
დღეისათვის სატელევიზიო სივრცეში ბაზრის კონიუნქტურა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს - საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე ორი კერძო ტელეარხი "რუსთავი 2" და "იმედი" დომინირებს. 2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ბაზრის 35.6%-ს "რუსთავი 2" ფლობს, რაც შეეხება, `იმედს~, მას ბაზრის 25.6% უკავია. პირველი საზოგადოებრივი არხი საბაზრო წილის 8%-ს ფლობს, რაც შეეხება "მზეს" იგი ბაზრის 3.4%-ის მფლობელია, ტელეკომპანია "საქართველო" 3.44%-აკონტროლებს. ამ ტელეკომპანიების შემდეგ უნდა განვიხილოთ ბაზრის ისეთი მონაწილეები, რომლებიც ქვეყნის რომელიმე კონკრეტულ რეგიონში მაუწყებლობენ. აქ ყველაზე საინტერესოა ტელეკომპანია "კავკასიისა" და "მაესტროს" მთლიანი საბაზრო წილები, პირველი მთლიანი ბაზრის 4%-ს აკონტროლებს, "მაესტრო" კი ბაზრის 2.67%-ზე არის წარმოდგენილი.
ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, რა განაპირობებს სატელევიზიო ბაზრის ასეთ კონიუნქტურას. "ვარდების რევოლუციის" მეექვსე წლისთავზე ხელისუფლებას ყველაზე "დიდი" მიღწევები სწორედ ამ მიმართულებით გააჩნია. ამ პოლიტიკას ორი მთავარი მიმართულება აქვს.
იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ამაყობს ბიზნესის ყველა მიმართულებით მარეგულირებლების გაუქმებით და ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნით, სატელევიზიო სივრცეში ქვეყნის ყველაზე მკაცრი მარეგულირებელი აწესებს თამაშის წესებს. საგულისხმოა ისიც, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, ალბათ, ეს იმის დამსახურების გამოც არის, რომ სატელევიზიო სივრცეში ყველაფერი იმ ძალების სასარგებლოდ არის დალაგებული, ვინც ამ ხელფასს ადგენს. სწორედ ამის გამოა, რომ სახელისუფლებო ძალები სატელევიზიო ბაზარს და მის მონაწილეებს მაქსიმალურად აკონტროლებენ.
მეორე საკითხი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაა. იმის გამო, რომ სახელისუფლებო ძალები აკონტროლებენ თითქმის ყველა ბიზნესს, ეს ბიზნესები, ერთის მხრივ, პროსამთავრობო ტელევიზიების დონორებად ითვლებიან, მეორეს მხრივ კი მაქსიმალურად იკავებენ თავს ხელისუფლებისთვის არასასურველი ტელევიზიებთან ურთიერთობაზე. ქართული ბიზნესის მასშტაბებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის დასკვნა, რომ მედიასივრცეში ფინანსური რესურსების მოზიდვა არა ბაზრის პრინციპებიდან, არამედ კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან მომდინარეობს. მაგალითად 2008 წელს სატელევიზიო რეკლამებში ოფიციალური მონაცემებით, 33 მილიონ აშშ დოლარამდე დაიხარჯა. კერძო ტელევიზიების მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენილი მონაცემებით, 2008 წელს მათი აღიარებული შემოსავალი 80 მილიონი ლარი იყო. საკაბელო ლიცენზიების მფლობელთა შემოსავლებმა იმავე წელს 11 მილიონი ლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების შემოსავლებმა დაახლოებით 92 მილიონი ლარი შეადგინა. თუ გავიხსენებთ, რომ იმავე წელს სატელევიზიო რეკლამებმა დაახლოებით (33 მილიონი აშშ დოლარი) ანუ 58 მილიონი ლარი შეადგინა, გამოდის, რომ ტელეკომპანიებმა დაახლოებით 34 მილიონი ლარი არასაბაზრო ინტერესების გამო მიიღეს.
სარეკლამო შემოსავლების გადანაწილების პროპორციები მარტივად შეიძლება დავადგინოთ. ამისთვის, უბრალოდ, სხვადასხვა სატელევიზიო არხების სარეკლამო ბადეების გადახედვაა საჭირო. ადვილი წარმოსადგენია, თუ სერიოზული ბიზნესების სარეკლამო პოლიტიკა, რომელიც ძალიან მარტივი დასანახია, ასე აშკარად არის ერთ მხარეს მიმართული, როგორი პრიორიტეტები იქნება გულუხვი სპონსორების გადაწყვეტილებებში.
ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესო ხდება საქართველოში მოქმედი ტელეარხების ფაქტობრივი და რეალური მფლობელების სტრუქტურა. ამ კუთხით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრის ორი წამყვანი მოთამაშის - "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" მფლობელები და მათი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან.
მედიაკონცენტრაცია: "რუსთავი 2" და "ქართული ინდუსტიული ჯგუფი"
საქართველოს მაუწყებლობის კანონის მე-60 მუხლის თანახმად, "ფიზიკური თუ იურიდიული პირი შეიძლება დამოუკიდებლად ფლობდეს ან თანამფლობელობაში ჰქონდეს მხოლოდ ერთი სამაუწყებლო ლიცენზია ტელევიზიისთვის და ერთი რადიომაუწყებლობისთვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სამაუწყებლო ლიცენზიების მქონე რამდენიმე კომპანიაში ერთდროულად ფლობდეს წილებს. საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს მედია
სივრცის რა საბაზრო წილი შეიძლება იყოს ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის კონტროლქვეშ. შესაბამისად, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "რუსთავი 2-ის" აქციების 30%-ს, "მზის" 45%-ს და "პირველი სტერეოს" 65%-ს ფლობს. პირველი ორი ტელეარხის შემთხვევაში აქციების მეტი წილის მფლობელი ოფშორული კომპანია Degson Limited-ია. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" დამატებით ფლობს საინფორმაციო სააგენტო GBC-ის "საქართველოს ბიზნეს-კონსალტინგს", რომელიც ინგლისურ გაზეთს
Georgian Business Week-ს უშვებს. ამ კომპანიის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი – მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, მმართველი პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, საქართველოს კონტრდაზვერვის შეფის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმაა. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია – Georgian Media Incorporated – ამჟამად "იმედის" აქციების მფლობელიც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი მედიაბაზრის ორ მესამედს ფლობს და აკონტროლებს, აშკარაა, რომ რეგულირების არსებული ნორმები მედიაკონცენტრაციას ხელს არ უშლის.
"იმედი"
ტელეკომპანია "იმედის" და რადიო "იმედი" "საქართველოს მედია ჰოლდინგში" შემავალი კომპანიებია. ამ ჰოლდინგის დღევანდელი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე – პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე, პარლამენტის ყოფილი წევრი, მმართველი პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსია. ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევამდე "იმედს" ხშირად აკრიტიკებდა. 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, პოლიციის ძალის გამოყენებით, ეს არხი დაიხურა. მაუწყებლობა
მან 2008 წლის მაისში აღადგინა, თუმცა – მხოლოდ ნაწილობრივ. საინფორმაციო გადაცემები იმავე წლის სექტემბერში განახლდა. 2008 წლის თებერვალში "იმედის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ მისმა ახლო მეგობარმა და ოფიციალურად "იმედის" აქციების 51%-ის მფლობელმა (დანარჩენ 49%-ს Rupert Murdoch’s News Corp. ფლობდა), გოგი ჯაოშვილმა ეს წილი დათმო და "იმედზე" კონტროლი იოსებ კაკიაშვილმა (ცნობილია, როგორც "ჯოზეფ ქეი") მოიპოვა. მოგვიანებით ჯაოშვილმა თქვა, რომ "იმედის" აქციების დათმობა მას ხელისუფლებამ აიძულა. ჯოზეფ ქეი პატარკაციშვილის დეიდის შვილობილი, ამერიკის მოქალაქეობის მქონე ქართველი ბიზნესმენია. მან სადაო ანდერძის ქსერო ასლის წარმოდგენით (ანდერძის პირობებით პატარკაციშვილი ჯოზეფ ქეის მისი ქონების განკარგვის უფლებამოსილებას
ანიჭებდა) ხელში არა მხოლოდ "იმედი", არამედ პატარკაციშვილის მთელ საქართველოში მდებარე აქტივებიც ჩაიგდო. მას შემდეგ, რაც "იმედი" ქეის მფლობელობაში გადავიდა, საქართველოს მთავრობამ არხს ყადაღა ახსნა და ქეის მიეცა საშუალება, აღედგინა მაუწყებლობა. ნიუ-იორკის სასამართლომ არ სცნო ქეის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, თბილისის სასამართლოს მიერ 2008 წლის მაისში გამოტანილი განაჩენი, რომლის საფუძველზეც ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძესა და მის ქალიშვილს ლიანა ჟმოტოვას გარდაცვლილის ქონების განკარგვა აეკრძალათ და ეს უფლება
ჯოზეფ ქეის გადაეცა. თბილისის სასამართლომ კი ქეის უფლება მისცა, საქართველოში პატარკაციშვილის ქონება განეკარგა. სამართლებრივი დავები ამ საკითხის გარშემო მსოფლიოს სხვადასხვა სასამართლოებში ახლაც გრძელდება.
2009 წლის თებერვალში ქეიმ "იმედის" აქციების 90% უცნობ თანხად "რეკ საქართველოს" ჰოლდინგს მიჰყიდა. ამ გარიგებას პატარკაციშვილის ოჯახი ახლაც ბათილად მიიჩნევს და თვლის, რომ ქეი "იმედის" უკანონო მფლობელი იყო. ამჟამად ქეი "იმედის" აქციების 10%-ს ფლობს".
მითიური ოფშორული უცნობი-ნაცნობები
საქართველოში ოფშორული წარმომავლობის კომპანიების მომრავლება ვარდისფერი ეკონომიკის მთავარი მახასიათებელია. ბიზნესების რეალური მფლობელების მიჩქმალვა-გადამალვის კახა ბენდუქიძისეული მეთოდი სატელევიზიო ბიზნესით დაკავებულმა ძალებმა კიდევ უფრო დახვეწეს და შეიქმნა სურათი, რომელსაც ლანდებთან ლაციცი შეიძლება ეწოდოს, ვერავინ ხედავს.
მართალია, საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზიის მიმღები პირი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი უნდა იყოს, თუმცა, კანონმდებლობა არ კრძალავს მედიასაშუალებების წილების უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების მიერ ფლობას. ეროვნული არხების მფლობელებმა ეს ლიბერალური მიდგომა გამოიყენეს და ამჟამად საქართველოს ყველაზე გავლენიანი არხის – "რუსთავი 2"-ისა და "მზის" ერთ-ერთი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია Degson Limited-ია. მეორე მისტიკური ორგანიზაცია – Denal Union – ტელეკომპანია "საქართველოს" (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია "ევრიკის" 51%-ს ფლობს. ასევე ბუნდოვანია ღაკეენ-ის და მისი შვილობილი კომპანიის – ღაკეენ Gეორგია Hოლდინგ-ის – სამართლებრივი სტატუსი, რომლის გარშემოც არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან. Rakeen Georgia Holding ტელეკომპანია "იმედის" 90%-ს ფლობს.
სხვა ტელეკომპანიების რეალურ მფლობელებს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში შემოგთავაზებთ. ამ ცხრილში "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" მფლობელების შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, ვერ მოხვდა, რადგან ამ სატელევიზიო ბიზნესების მფლობელების ჩახლართული სქემის ამსახველი გრაფიკი კაცობრული აზროვნებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.
ლევან მარტაძე