ევროსასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო
ქართული მართლმსაჯულება ამჯერადაც სტრასბურგის ევროსასამართლოს განსჯის საგანი ხდება. საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი გადაწყვეტილებების დასაბუთება კვლავ ადამიანის უფლებათა ევროპის უმაღლეს ინსტანციაში მოუწევს. ევროსასამართლოს აჭარის ყოფილმა მეთაურმა, ასლან აბაშიძემ მიმართა. წარდგენილი სარჩელის სახელწოდება ასეთია: "ასლან აბაშიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ". აჭარის ყოფილი მეთაური თავისი საკუთრების უფლების ხელყოფაზე მიუთითებს და ქონების დაბრუნებას მოითხოვს. წარდგენილ სარჩელში აღნიშნულია, რომ აბაშიძის მიმართ ხელყოფილია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს ქართული სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების 15 წლის ვადით აღკვეთის გასაჩივრების უფლების აკრძალვას. ამდენად, დაცვის მხარე აპელაციის მოთხოვნით გამოდის და მიუთითებს, რომ ასლან აბაშიძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი ორმაგად საინტერესოა ქართული საზოგადოებისთვის, რადგანაც ეს ასლან აბაშიძის რეაბილიტაციას და პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენას (გნებავთ, დაბრუნებას) გულისხმობს.
საქმე დაიძრა. საქართველოში იმყოფებოდნენ ასლან აბაშიძის ინტერესების დამცველი ავსტრიელი ადვოკატები, ევროკავშირის წევრი ავსტრიის პარლამენტის წევრები, ევროპაში ცნობილი და გავლენიანი იურისტები: დოქტორი იოჰანეს ჰუბნერი, ჰერალდ სტეფანი და ვენის პარლამენტის დეპუტატი იოჰან გუდენუსი.
მათი თქმით, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფს, ევროსასამართლოში, საქმის მოგების რეალური შანსი გააჩნია, რადგანაც არსებობს ფაქტობრივი დარღვევები, რაც ევროკონვეციასთან მიმართებაში შეუსაბამოა. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ბატონი აბაშიძე ევროპულ სასამართლოში ამ საქმეს მოიგებს, რადგანაც ევროკონვეციამ ქართული მხარის მიერ ნორმების დარღვევის არაერთი ფაქტი დაადგინა. კომპენსაციაზე, ჯერ-ჯერობით, საუბარი არ არის. ამჟამად ბატონი აბაშიძე ითხოვს რეაბილიტაციას და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩამოსვლის და თავისი მეუღლის საფლავის მონახულების უფლება მიეცეს. ამ სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ საქართველოში მისი უფლებები დაირღვა თუ არა. აბაშიძე ითხოვს ქართული სასამართლოს მიერ ქონების კონფისკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და უმაღლეს ინსტანციაში აპელაციის აკრძალვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პოლიტიკური საქმეა და ამიტომ პირველ რიგში, საქართველოში ჩამოვედით, რომ ხელისუფლების პოზიციას გავცნობოდით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს შევხვდით, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადასცემდა. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით გენერალურ პროკურორს, რათა მისთვის წარგვედგინა წინადადება, რომ ქართულმა მხარემ აბაშიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საერთოდ გააუქმოს", – განაცხადეს ავსტრიელმა ადვოკატებმა თბილისში, რომლებიც საქმეში 2009 წლის ზაფხულიდან აქტიურად ჩაერთვნენ.
ასლან აბაშიძის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარის ინტერესებს ქართველი ადვოკატებიც - შალვა შავგულიძე და სოსო ბარათაშვილი იცავენ. შალვა შავგულიძის განცხადებით, ქართველი ადვოკატების მიერ ევროპის სასამართლოში, სამი სარჩელი იქნა შეტანილი. პირველად, 2005 წელს. ეს ეხება ამ დროისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ახალი მუხლით - უკანონონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ, ასლან აბაშიძისთვის საკუთრების ჩამორთმევის საკითხს. ადვოკატის თქმით, ხელისუფლებამ კანონს უკუქცევითი ძალა მიანიჭა და ქონების ჩამორთმევა ამ გზით დააკანონა, რაც სამართლებრივად არასწორია, რადგანაც უკუქცევითი ძალა მაშინ გამოიყენება, როცა არ ამძიმებს პირის პასუხისმგებლობას. მისი თქმით, ასლან აბაშიძე იყო ლეგიტიმური ხელისუფალი, მან დატოვა კანონიერი თანამდებობა. ჩამორთმეული ქონების პირობებშიც კი არ ჩატარებულა ექსპერტიზა ქონების მთლიანი ღირებულების განსაზღვრისთვის, როცა მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამტკიცებული ბრალი. დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის პრინციპი. მეორე სარჩელი შეტანილ იქნა 2006 წელს, რომელიც ეხებოდა აბაშიძისთვის წინასწარი პატიმრობის უსაფუძვლოდ გამოყენებას, ხოლო მესამე საჩივარი 2008 წელს მომზადდა, რაც შეეხო იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ერთი მხრივ, დაშვებულ იქნა პირის დაუსწრებლად გასამართლება და მეორე მხრივ, დაუსწრებლად გასამართლებულს აეკრძალა მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება, რაც ევროკონვენციის მეშვიდე მუხლს ეწინააღმდეგება.
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად კი, რომელსაც საქართველო 1999 წელს შეუერთდა, აღიარებულია, რომ არავინ იქნება აღიარებული დამნაშავედ რაიმე ქმედების ან შეცდომის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროისათვის, როცა ის იქნა ჩადენილი. ასევე, არ იქნება გამოყენებული იმაზე უფრო მეტი მძიმე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა იმ დროისთვის, როცა სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი. (VII მუხლი), ხოლო კონვენციაში სამართლიანი სასამართლოს უფლება შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების ან ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდებების განსაზღვრისას, ყველას აქვს უფლება მისი საქმის სამართლიან და ღია მოსმენაზე დროის გარკვეულ ვადაში. კანონის მიერ შექმნილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ განაჩენი გამოაცხდოს ღიად. ყველა, ვისაც ბრალი ედება დანაშაულში, განიხილება უდანაშაულოდ კანონის შესაბმისად დამნაშავედ ცნობამდე. ყველას, ვისაც ბრალი ედება დანაშაულში, აქვს უფლებათა შემდეგი მინიმუმი: ჰქონდეს ადეკვატური დრო და საშუალებები საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; დაიცვას თავი პიროვნულად ან საკუთარი არჩევით იურიდიული დახმარების მეშვეობთ და სხვა. აქვე, ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნიუანსი და გარემოებაც. 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ასლან აბაშიძეს ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა. მაშინ ამ პირობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის ქონების კონფისკაცია მოახდინა, თუმცა ამ ქონების საჯარო აუქციონის წესით გაყიდვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
აჭარის ყოფილი მეთაურის საკუთრების შეძენა არავინ მოინდომა. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ასლან აბაშიძის მიმართ შურისძიების გრძნობა არ ამოძრავებდა და მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა არ განხორციელდებოდა. საქმე მაინც აღიძრა. ხელისუფლებამ ეს იმით ახსნა, რომ დაედგინა ის ზარალი, რაც ასლან აბაშიძემ ავტონომიურ რესპუბლიკას მიაყენა. სინამდვილეში, დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი აუცილებლობას აყენებდა კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ყოფილიყო აღძრული, რათა ჩამორთმეული ქონების ლეგალიზაცია მომხდარიყო. იურისტები მაშინ მიუთითებდნენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და მას ასლან აბაშიძისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემის უფლება არ ჰქონდა. პრეზიდენტი მხოლოდ შეწყალების უფლებამოსილებით სარგებლობდა. შემდეგ, "ქართული სამართალი" ასე განვითარდა: 2004 წლის 6 სექტემბერს აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აჭარის ყოფილი მეთაურის და მისი შვილების – გიორგი და დიანა აბაშიძეების, ასევე მათი 25 ნათესავისთვის კუთვნილი ქონების სრულად ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე. 2005 წლის 6 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო სახსრების დატაცების ბრალდებით. ამავე წლის 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აბაშიძის ოჯახის ქონება დააყადაღა. პირველი განაჩენი ბრალდებულის მიმართ ბათუმის საქალაქოს სასამართლომ 2007 წლის ზაფხულში გამოიტანა. აბაშიძეს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ძებნილად გამოცხადდა. მას ბრალად ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობა, ტერორისტული აქტების ორგანიზება და თენგიზ ასანიძის პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დაედო. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბრალდების მხარის მოთხოვნით, 200-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს, შემდეგ კი დაცვის მხარის მოწმეების გამოძახება მოხდება.
საქართველოს პროკურატურა დღემდე დაუსაბუთებელსა და უკანონოს უწოდებს ასლან აბაშიძის იმ ქონებას, რომელიც მას ჩამოერთვა და 100 მილიონი ლარის ეკვივალენტურადაა შეფასებული. კერძოდ, მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, საბანკო ანგარიშები, ავტომანქანები, მაშინ, როცა ყოფილი მეთაურისა და თავისი ნათესავების სახელფასო შემოსავლები, მათი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, 130 ათასს ლარს არ აღემატებოდა. პროკურატურა მიიჩნევდა, რომ წლების მანძილზე ფინანსური მაქინაციების მეშვეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციები, სოლიდურ თანხებს რიცხავდნენ. დასახელებულია ორგანიზაციები: აჭარის მშვიდობის ფონდი – 14 მილიონი დოლარი, ასლან აბაშიძის სახელობის ფონდი – 3 მილიონ დოლარზე მეტი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ასლან აბაშიძე აჭარაში 15 კომპანიის მფლობელი იყო. მის საკუთრებაში იყო ორი ფეშენებელური აგარაკი დაბა მახინჯაურში, ჩოგბურთის კორტები და კლუბი "ბათუმი," ფირმები: "აღორძინება მ" და "აღორძინება ნ" და სხვა. აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს გადასცა დაყადაღებული ასლან აბაშიძის ბინა, მდებარე ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, აგრეთვე "საზღვაო ბანკი," სულ 5 000 000 ლარის ღირებულების, შვილის, დიანა აბაშიძის საცხოვრებელი ბინა და არასაცხოვრებელი ფართი ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ვაჟის, გიორგი აბაშიძის 4 საცხოვრებელი ბინა და 3 ავტომანქანა. სხვა ნათესავების ქონება.
რას გადაწყევტს სტრასბურგი, ეს უკვე მართლაც საინტერესოა. თუ ევროსასამართლო დაადასტურებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში ახალი საპროცესო ინსტიტუტის გამოყენებით, ასლან აბაშიძის უფლებების შეილახა, რჩება იმის შესაძლებლობა, რომ აბაშიძე საქმის ხელახალ განხილვას მოითხოვს. თავად ფაქტი - ევროპის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, ნიშნავს იმას, რომ ექვემდებარება ევროპის სასამართლოს ინსტანციის კომპეტენციას, დასჭირდება საჭირო პროცედურები და საქმის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება-განჩინება მხოლოდ დროის საკითხია. ასლან აბაშიძემ ხუთწლიანი დუმილი დაარღვია. ის რამდენიმე დღის წინ მედიაში სპეციალური განცხადებითაც გამოვიდა და უარყო უკრაინულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ინტერნეტ გამოცემა VLASTI.NET - თვის ინტერვიუს მიცემის ფაქტი, სადაც საუბარი იყო საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის დეტალებზე. "გამოქვეყნებული მასალა ბინძური გამონაგონი და უსირცხვილო ტყუილია, რომელიც ჩემი ადვოკატების თბილისში ვიზიტს განგებ დაამთხვიეს," – განაცხდაა ასლან აბაშიძემ.
ასეა თუ ისე, აბაშიძის სარბიელზე გამოჩენა მოვლენაა. აჭარის ყოფილი ხელმძღვანელი დაიბრუნებს თუ არა თავის ქონებას, ამაზე მეტად საზოგადოებას სხვა რამ უფრო აინტერესებს – დაბრუნდება თუ არა იგი პოლიტიკაში. თუ ეს ყველაფერი ისევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება, ისიც ოსტატურად იყენებს "რუსულ საფრთხეებს" - ებრალიძეს, იგორ გიორგაძეს, ასლან აბაშიძეს და სხვას. როგორც ამას "თეთრი მელა" აკეთებდა თავის დროზე.
არჩილ კაიკაციშვილი