ნანახია: 1427
უკვე წელიწადზე მეტია კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახური არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისიამ 6 ივლისს გამარჯვებულად დავით ებრალიძე გამოაცხადა და დასანიშნად წარადგინა, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ მისი საზოგადოებრივ დამცველად დანიშვნის თაობაზე კანონის შესაბამისად ბრძანების გამოცემაზე უარი განაცხადა. "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის 15’-ე მუხლის თანახმად "საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის წესით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება კი 10 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის ბრძანებით". მიუხედავად ამისა, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია უარს აცხადებს შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე. "გაფორმება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბლანკზე დაწეროს დაინიშნაო და ამით დაამთავროს ყველაფერი. მან უნდა იხელმძღვანელოს ბრძანების გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 53-ე მუხლში წერია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა დაეფუძნოს იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებს და არგუმენტებს, რომელიც ამ აქტის გამოცემისას იქნა გამოკვლეული და შესწავლილი. იმისათვის, რომ ებრალიძის დანიშვნის აქტი გამოეცა, კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იყო, შეემოწმებინა ნამდვილად შეესაბამებოდა თუ არა ებრალიძის კანდიდატურა კანონის მოთხოვნებს. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც სემეკმა გადმოგვიგზავნა და სახალხო დამცველთანაც იყო გადაგზავნილი. ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ეს წერილი კომისიას არ გააცნო. 2004 წლით არის ის დათარიღებული და 41 თანამშრომელი აწერს ხელს. სემეკის წერილში ნათქვამია, რომ ებრალიძე იყო არაკომპეტენტური და არაკომუნიკაბელური. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მომხმარებელთა საჩივრების განხილვაზე უარს აცხადებდა. კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში, მასთან შესული 47 საჩივრიდან არცერთ მათგანზე ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია. ნაცვლად ამისა, იგი დაკავებული იყო პოლიტიკური განცხადებების კეთებით და სხდომების ჩაშლით. ისინი, ალბათ, ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ, ენერგეტიკაში საქმე თუ დაანგრია, კომუნიკაციებში ააშენებსო", - ამბობს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი ყურაშვილი. აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ დაწერილ ამ დახასიათებას წინ ებრალიძის მიერ წარდგენილი ანგარიში უძღოდა, სადაც სემეკის წინააღმდეგ უამრავი არგუმენტი იყო მითითებული. `სემეკი ტარიფებს კანონდარღვევით ადგენს. სემეკს აქვს უფლებამოსილება დაადგინოს მხოლოდ ლიცენზიანტებისთვის ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, დისპეჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის ტარიფები. სამომხმარებლო ტარიფი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ ტარიფების ჯამს უნდა შეადგენდეს. სემეკს არ აქვს უფლება სხვა რაიმე ცალკე სატარიფო კომპონენტი შეიყვანოს მთლიან სამომხმარებლო ტარიფში, თუმცა მან გადაამეტა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ტარიფში ასახა ე.წ. "მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ვალის მომსახურების" ანგარიშსწორების კომპონენტი", - სემეკის წინააღმდეგ ეს და სხვა მრავალი არგუმენტი იყო მიმართული. ზემოთხსენებულ ბრალდებებზე ბ-ნ ებრალიძე აცხადებს, რომ ეს არის მე-20 საუკუნის 30-იანი წლების სულისკვეთებით დაწერილი კოლექტიური წერილი და მეტი არაფერი, - "ჩემს მიერ მომზადებული ანგარიშით გაგიჟებულებმა ხელი მოაწერინეს მძღოლიდან და კურიერიდან დაწყებული ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც არც კი ვიცნობდი. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ 47 საჩივრიდან არცერთ მათგანზე ადმინისტრაციული წარმოება არ განვახორციელე, მათ ისიც არ იციან, რომ ჩემი მოვალეობა ადმინისტრაციული წარმოება არა არის, უფრო მეტიც, მე ამის კანონიერი უფლება არ მქონდა. ისინი ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებენ, ხოლო მე მხარე უნდა წარმომედგინა და მართლაც, იმ საკითხებზე, რომლებზეც მათ თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს, მე წარმოვადგენდი მხარეს და განხილული საკითხები მომხმარებელთა საკეთილდღეოდ გადაწყდა". კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ სემეკის მიერ მომზადებული წერილი, სადაც დავით ებრალიძე არცთუ სახარბიელოდ იყო დახასიათებული, სოზარ სუბარსაც ჰქონდა და ძალიან უკვირთ, რომ მან ეს წერილი კომისიას არ გააცნო. აღნიშნული წერილი 2004 წელს გადაეგზავნა სახალხო დამცველის აპარატს, როდესაც ბ-ნ სუბარი სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშნული ჯერ არ იყო, შესაბამისად მას ამ წერილის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. "მარეგულირებელი ორგანოების კანონის თანახმად, პირს, რომელმაც მომხმარებელთა უფლებები უნდა დაიცვას, მაღალი კომპეტენცია, კვალიფიკაცია, ადვოკატური საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, მონოპოლიური და დარგის კანონმდებლობის ცოდნა მოეთხოვება. მაღალი პროფესიული დონის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასა და სპეციალურ კანონმდებლობაში. ამის გადამოწმების ერთადერთი საშუალება იყო, რომ კომისია, რომელიც შექმნა ბატონმა სოზარმა ამ კომისიაში, კომისიის წარმომადგენელი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ყოფილიყო ერთი კაცი მაინც, რომელსაც საშუალება ექნებოდა, რომ ყველა კანდიდატურისთვის მოესმინა და საუკეთესოს არჩევაში მიეღო მონაწილეობა. დამეთანხებით, რომ 17 კაციან კომისიაში ერთი კაცი გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებდა, თუმცა საკმარისი იქნებოდა იმის გასარკვევად ჩვენთვის, რომ ეს ადამიანი შეესაბამება კანონით მოთხოვნილ კომპეტენციას. ჩვენი ეს თხოვნა სახალხო დამცველმა არ გაითვალისწინა, რადგან არ აწყობდა", - ამბობს კახა ყურაშვილი. კანონში არსად არის მითითებული, რომ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წევრი უნდა იყოს კომისიაში, თუმცა ამას არც კრძალავს. სოზარ სუბარს სრული იურიდიული უფლება ჰქონდა, რომ აღნიშნული თხოვნა არ დაეკმაყოფილებინა. "ეს იყო სუბარის პრინციპული გადაწყვეტილება, რომ არ გააკრა ისინი კომისიას. ახლა ხომ ხედავთ, რომ არც იყვნენ გასაკარებლები", - აცხადებს ბ-ნ ებრალიძე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, კონტროლის პალატა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დაწესებულებებისა, რომლებიც სემეკს ბ-ნ დავით ებრალიძის დახასიათებაში ნამდვილად არ დაეთანხმნენ. მას ისინი დადებითად ახასიათებენ და მის კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმში ეჭვი ნამდვილად არ ეპარებათ. "სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის თანახმად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თუ ეს ქმედება დაზარალებულის პირადი შეურაცხყოფის გზით მოხდა, მაშინ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე". - სწორედ ამ მუხლის საფუძველზე დავით ებრალიძე სასამართლოში სარჩელს საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ შეიტანს, რომელმაც უარი განაცხადა გამოსცეს ბრძანება მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველად დავით ებრალიძის დანიშვნასთან დაკავშირებით. "როგორც მინიმუმ, მათი საქციელი უფლებამოსილების გადამეტებაა. მართალია, მე არ მაქვს იმედი, რომ სასამართლო ჩემ სასიკეთოდ გადაწყვეტს ამ საქმეს, არა იმიტომ რომ მართალი არ ვარ, უბრალოდ, რადგან კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ გაბედა და ასეთი უკანონო ნაბიჯი გადადგა, მას სასამართლოს იმედი ჰქონდა. ვფიქრობ, ჩემი არდანიშვნის საკითხი უფრო მაღალ ინსტანციებში გადაწყდა, ვიდრე ჩიქოვანია. ისინი ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებენ. მათ არ უნდათ ჩემი დანიშვნა, რადგან არ სურთ, რომ მათ საქმიანობაში ვინმე ერეოდეს. მათ აქვთ შექმნილი შპს საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისია და რასაც უნდათ იმას აკეთებენ", - მიიჩნევს დავით ებრალიძე.
ირმა ზარნაძე
|