ნანახია: 968
ბოლო 4 წლის მანძილზე სახელმწიფოსა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის არსებული დავა მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მაგრამ რას ედავება სახელმწიფო მათ და რატომ დგას დღემდე აღნიშნული საკითხი ასე მწვავედ დღის წესრიგში? რატომ ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა სახელმწიფოსა და ხელოვანებს შორის? "მწერალთა სასახლე 90 წელზე მეტია მწერალთა კავშირის საკუთრებას წარმოადგენს, როგორც სამწერლო ორგანიზაცია. საქართველოს კონსტიტუციით კი საკუთრების უფლება ხელშეუვალია და მისი ხელყოფის უფლება არვის აქვს", -განაცხადა "ბ&ფ"-თან საუბრისას მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ და ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" გამომცემელმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა.
მიუხედავად ამისა, დღეს მწერალთა სასახლის მწერლებისთის ჩამორთმევა –არჩამორთმევის საკითხს სასამართლო განიხილავს.
"მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, უზენაესში მოვიგეთ, ხოლო საკასაციოში პროცესი ჩვენი წაგებით დასრულდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვიწევს ანტიეროვნული სახელმწიფოსთვის იმის მტკიცება, რომ ეს სახლი ეკუთვნოდა კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძეს, ირაკლი აბაშიძეს, გალაკტიონ ტაბიძეს და არა სახელმწიფოს", -ამბობს ბატონი ვაჟამ.
ხოლო შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ ჩამოართვას მწერალთა სასახლე მწერლებს, ბატონი ვაჟას აზრით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც გეგმაში აქვს ამოძირკვოს ქართველ ერში სულიერება და დაიწყოს ერის დაკნინების პროცესი.
"ქართული სიტყვის ქურუმები, ქართველი მწერლები ვართ. შემოქმედებით პროცესში ქართული მწერლობა პირველ ადგილზეა მაინც, რადგან მწერლობის დაკნინება ნიშნავს ქართული სიტყვის და ცნობიერების ეტაპობრივ აღმოფხვრას, ქართული ცნობიერების ჩახშობას. როდესაც ქვეყანაში კნინდება მწერლობა, თავისთავად კნინდება კინო, დრამატურგია. განათლების სისტემაში არსებული რეფორმები სწორედ ამას ემსახურება. მაშინ როდესაც სასწავლო პროგრამიდან ამოღებულია გრიგოლ ხანძთელი, ბარათაშვილი, გამსახურდია და მათ ნაცვლად შემოღებულია სულელური ტესტები, რომელიც არანაირ სამწერლობო განათლებას არ მოითხოვს",-გულისტკივილით ამბობს ვაჟა ოთარაშვილი. მისი აზრით, დღეს საქართველოში არიან კარგი პოეტები, მწერლები. იწერება კარგი ნაწარმოებები, მაგრამ ხელისუფლების მიერ გატარებული შეგნებული, ანტიეროვნული პოლიტიკის წყალობით, ის არ მიდის მკითხველამდე.
"არ შეიძლება სახელმწიფო ებრძოლოს საკუთარ მწერლებს", - განაცხადა მან.
ანალოგიური ვითარებაა ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის ირგვლივ არსებულ დავასთან დაკავშირებითაც. როგორც ცნობილია, კომპოზიტორებს სახლი 4 წლის წინ ჩამოერთვათ. სახელმწიფომ იგი აუქციონზეც გაიტანა, თუმცა პოტენციური მყიდველი ბოლო მომენტში უარს ამბობდა შენობის შესყიდვაზე.
ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი კომპოზიტორთა სახსრებით არის აშენებული და იგი 60 წლის წინ კომპოზიტორებს კერძო, მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.
კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის ბატონ კახა ცაბაძის თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ ეკონომიკის განვითარების მინისტრთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ შენობის 50-% დარჩებოდათ ხელოვანებს, ხოლო დანარჩენი 50% ინვესტორის იქნებოდა. ოღონდ მანამდე არსებული პირობების გათვალისწინებით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შემოქმედებით მხარეს ექნებოდა ინიციატივების უფლება და მას უნდა წარმართა პროცესები.
"სამწუხაროა, რომ უყურადღებობით კომპოზიტორთა სახლში ფუჭდება უძველესი როიალები და საერთოდ იქ განთავსებული, უკვე სამუზეუმო ექსპონატად ქცეული, უამრავი ნივთი. ბატონი ჟვანია დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა", - ამბობს კახა ცაბაძე. "მაშინ როდესაც აზერბაიჯანში სახელმწიფო თავის კომპოზიტორებს უშენებს სახლს, საქართველოში სულ სხვა სურათია, სახელმწიფო უბრალოდ არღვევს კანონს", –დასძენს ბატონი კახა.
იგივე მდგომარეობაა გამომცემლობა "სამშობლოს" შენობასთან დაკავშირებითაც.
"ბ&ფ" დაუკავშირდა ჟურნალისტ გიგა გობეჩიას, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ შენობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავა ამ ეტაპზე კონსერვირებულია და ელოდებიან შემოდგომის დადგომას, როდესაც შესაძლებელი გახდება მთავრობას წარუდგინონ სახელმწიფოსა და მედია სახლს შორის არსებული დავის გადასაწყვეტად შემუშავებული თავიანთი პროგრამა.
მედიატორის ფუნქცია ამ შემთხვევაში თავის თავზე ანტიკრიზისულმა საბჭომ აიღო. მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შენობის პრობლემა ხელისუფლებამდე მიიტანონ. "ჩვენ გვაქვს წინადადების 3 ვარიანტი, რომელიც გვსურს შევთავაზოთ ხელისუფლებას, რათა საბოლოოდ გადაწყდეს არსებული დავა შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით",- ამბობს გობეჩია.
1. ეს არის პრეზიდენტის კეთილი ნება, როდესაც მას შეუძლია სიმბოლურ ფასად გადასცეს მედიას კუთვნილი შენობა, როგორც ეს გააკეთა მან ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში, როდესაც მას 1 დოლარად გარკვეული ქონება აჩუქა. 2. გრძელვადიანი იჯარით გამოსყიდვა, რომელსაც ეტაპობრივად გადაიხდის მედიაამხანაგობა. 3. დადგინდეს საბაჟო ფასი. გობეჩიას განცხადებით, თავის დროზე შენობის ყიდვა კახა ბენდუქიძეს 20 მილიონ დოლარად ჰქონდა გადაწყვეტილი. არსებული 40%-იანი ინფლაციის პირობებში შენობის ფასი 12 მილიონამდე დავიდა, ხოლო 2007 წლის 10 აგვისტოს შემდეგ, შენობიდან ჟურნალისტების ბარბაროსული მეთოდით გამოყრის შემდეგ, შენობა გაიძარცვა და მისი ფასი 4-5 მილიონ ლარს არ აღემატება და საბაჟო ფასად იგი უნდა დასახელდეს.
გაძარცვის შდეგად მოპარული იქნა და სასაცილო ფასად, 8 000 ლარად, გაიყიდა კერძო შტამპებისთვის ამკინძავი აპარატურა, როდესაც მისი რეალური ღირებულება 250 000 დოლარს შეადგენდა. "შენობა საზოგადოებრივ ქონებას წარმოადგენდა ყოველთვის. ყოფილი საბჭოთა კავშირის 14-ვე ქვეყნის მთავრობამ გამომცემლობები საჩუქრად მედიის წარმომადგენლებს გადასცა. მარტო საქართველოს აქვს განსხვავვბული პოზიცია", - ამბობს ბატონი გიგლა.
პოტენციური მყიდველი ვერ რისკავს იყიდოს ეს შენობა, რადგან მან იცის, რომ სხვა ხელისუფლების პირობებში უკანონოდ შესყიდული ქონება მას ჩამოერთმევა.
ქეთი სიხუაშვილი
|