ვინ აგებს პასუხს ობსერვატორიის ბედზე
ობსერვატორიის საქმე ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. შენობის ახალი მფლობელი "ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანება" ობსერვატორიის თანამშრომლებისგან შენობის სასწრაფო დაცლას მოითხოვს. ამ მიზნით გასულ კვირას ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შენობაში მომუშავე პერსონალი არ შეუშვა, თუმცა პატრულის ჩარევის შემდეგ, რომელმაც ეს უკანონოდ მიიჩნია, ლაბორატორიაში თანამშრომლების შეყვანა მაინც მოხერხდა. ამ ინციდენტს პატრულის თანმშრომლებსა და შენობის მფლობელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.
2007 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, ხელმოწერილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა.
2008 წლის 23 ივნისს ობსერვატორიის ლაბორატორია, რომელიც თბილისში ალ. ყაზბეგის #2-ში მდებარეობს, პირდაპირი მიყიდვის წესით "ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანებას" გადაეცა.
თვალსაჩინოა, რომ შენობის პრივატიზება მას შემდეგ მოხდა, რაც ის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და უნივერსიტეტს შეუერთდა. საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის გაყიდვა კი მისი პროფილის შეცვლის მიზნით, უკანონოა. ამაზე ბატონმა გიგი თევზაძემ, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექოტრმა, ობსერვატორიის ხელმძღვანელობას განუცხადა: "მე ბალანსზე მხოლოდ აბასთუმანში მდებარე ობსერვატორია ავიყვანე, ლაბორატორიის აყვანა კი ვერ მოვასწარი. როდესაც მისი პრივატიზება მოხდა, ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შესაბამისად, ყველაფერი კანონიერად მოხდა."
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან ობსერვატორიის შეერთებისთანავე ამ უკანასკნელის დირექტორმა, გიორგი ჯავახიშვილმა, პოსტი დატოვა. გიორგი ჯავახიშვილი თევზაძის განკარგულებით, საუნივერსიტეტო ბრძანების საფუძველზე შიდა მმართველობისთვის დაინიშნა. ობსერვატორიას არ აქვს არც საკუთარი ბეჭედი და არც საბანკო ანგარიში. ამჟამად ობსერვატორია ილია ჭავჭავაძის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ექვემდებარება, ხოლო 2008 წლის ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ბალანსში ობსერვატორიის ბალანსიცაა გაერთიანებული.
"როდესაც დადგა საკითხი, რომ ობსერვატორია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს უნდა შეერთებოდა, ჩვენ გიგი თევზაძემ განგვიცხადა: ობსერვატორია უნივერსიტეტს რომ შეუერთდება, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ თქვენ ხელს ვერავინ გახლებთ, რადგან თქვენ სასწავლო დაწესებულების ნაწილი გახდებით. თქვენზე უნივერსიტეტის დაცვა გავრცელდება. მოგვიანებით მან ეს სიტყვები უარყო.
ობსერვატორია და თბილისში მდებარე ლაბორატორია ერთი მთლიანობაა. შეუძლებელია მათი განცალკევება. გიგი თევზაძე, რომ ამბობს ბალანსზე აყვანა ვერ მოვასწარიო, ვერ ვხვდები, ეს დასწრებაზეა?
ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნა, რომ ვიყოთ აუცილებლად აქ. მოგვცენ სამაგიერო შენობა, სადაც ჩვენს საქმიანობას შევძლებთ," - განაცხადა ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარმა რევაზ ჭანიშვილმა.
იქიდან გამომდინარე, რომ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა ბედი ეწევა ლაბორატორიას და იქ მომუშავე ადამიანებს. ამ მიზნით ჩვენ განათლების სამინისტროს პრესცენტრს დავუკავშირდით, სადაც ჯერ განგვიცხადეს, რომ ობსერვატორია მათ არ ეხებოდათ, თუმცა როდესაც შევატყობინეთ, რომ ობსერვატორია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და შესაბამისად, განათლების სამინისტროა მასზე პასუხისმგებელი, მცირეხნიანი დუმილისა და კონსულტაციების შემდეგ განგვიცხადეს: "ბატონ გიგი თევზაძეს მიმართეთ, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ".
გიგი თევზაძესთან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ის სულ დაკავებულია.
"იმდენად არაპროგნოზირებადია თვითონ ეს ხალხი, რომ ძალიან ძნელია იმის გათვლა, თუ რა ბედი ეწევა ლაბორატორიას, ან აქ მომუშავე ხალხს. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, აბასთუმნის ობსერვატორიაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. რეალურად არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ისიც კი არ ვიცით, თუ რა თანხად გაიყიდა შენობა, ვინ იყიდა, ან ჩვენ რა ბედი გვეწევა. ამბობენ ამ ორგანიზაციის უკან მაღალი თანამდებობის პირები დგანან, ამიტომაც არის ყველაფერი ასეთი ბურუსით მოცულიო," - აცხადებს რევაზ ჭანიშვილი.
როდესაც ობსერვატორიის ლაბორატორია პირველად, 2008 წლის დეკემბრის ბოლოს, დაარბიეს, გიგი თევზაძე მათ ფიზიკის ინსტიტუტში გადაყვანას დაპირდა, თუმცა ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.
ფიზიკის ინსტიტუტი არც ადრე და არც ახლა ჭავჭავაძის უნივერსიტეტს არ ეკუთვნის, ამიტომ გიგი თევზაძე მათ ამ შენობით ვერ უზრუნველყოფდა.
წინა წლის დეკემბრის თვეში შენობის გარეშე დარჩენილმა ობსერვატორიის ლაბორატორიამ 70 წლისთავი ქუჩაში აღნიშნა. თუ მისი ბედი სასწრაფოდ არ გადაწყდა და მათ ალტერნატიული შენობა არ გამოუყვეს, შესაძლოა, ეს არ იყოს მათი უკანასკნელი იუბილე ქუჩაში.
ირმა ზარნაძე