ნანახია: 2625
ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით, კერძოდ, მერიის ახალგაზრდული სამსახურისა და ქალაქ თბილისის ტრანსპორტის სამსახურის ინიციატივით თებერვლის თვეში 600 სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, თეატრალური, ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო და სამხატვრო უნივერსიტეტებიდან შეირჩნენ. ისინი მუშაობას პირველი თებერვლიდან შეუდგებიან და მათი მოვალეობა მოქალაქეებისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება იქნება, თუ როგორ მოიხმარონ თბილისის ტრანსპორტის სამსახურის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული ახალი ტექნოლოგია. სიები უკვე შევსებულია. თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახურის უფროსის, თორნიკე ხუციშვილის, განცხადებით სტუდენტების წახალისება ამ კუთხით მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს ახალგაზრდებში იმის გაცნობიერებას, რომ მათ უნდა იმუშაონ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. თუკი თქვენ ვერ მოასწარით ამ სიებში მოხვედრა, ეგ არაფერი. შანსი შესაძლოა გაზაფხულზე კიდევ მოგეცეთ. მერიის ახალგაზრდული სამსახური მსგავსი დასაქმების პროგრამის განხორციელებას კიდევ აპირებს, თუმცა სამსახურის მესვეურთ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ რამდენი სტუდენტი, როდის და რითი დაასაქმონ. მანმადე კი გთავაზობთ ინტერვიუს თორნიკე ხუციშვილთან.
- რატომ არ გაშუქდა ფართოდ ეს ინიციატივა, როგორც ეს წინა დასაქმების პროგრამების განხორციელებისას ხდებოდა? - იქიდან გამომდინარე, რომ ადგილები შეზღუდული იყო მისი ფართო მასშტაბით რეკლამირება არ მომხდარა. სავარაუდოდ, მსურველი ბევრი იქნებოდა ადგილები კი არასაკმარისი, რაც თავისთავად უკმაყოფილებას გამოიწვევდა. იმისათვის, რომ არ ყოფილიყო ეჭვები ჩვენს ობიექტურობასთან დაკავშირებით, თუ რა გზით შეირჩა ეს სტუდენტები, სტუდენტურ თვითმმართველობებს მივმართეთ. მათ უკეთ იციან გარემო და შესაბამისად, ზრუნავენ თავიანთ იმიჯზე, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უკმაყოფილება არ გამოიწვიოს ამ პროგრამამ. პრეტენზია თუ იქნება მერიის მიმართ ჩვენ ძალიან თამამად ვეტყვით მათ, რომ ეს სტუდენტები შეარჩიეს იმ სტუდენტურმა თვითმმართველობებმა, რომლებიც იგივე სტუდენტებმა აირჩიეს და შესაბამისად, გარკვეული ნდობის ხარისხით სარგებლობენ. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას ვერიდებით. ჩვენ პარალელურად ვამოწმებთ მსვლელობას, რათა რაიმე უზუსტობა და უკმაყოფილება არ იყოს სტუდენტების მხრიდან. - როგორი იქნება მათი სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება? - ჩვენი აზრით, თებერვალი არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სტუდენტებისთვის, რადგან, პირველ რიგში, მათ არდადეგები აქვთ, თანაც ისინი დღეგამოშვებით იმუშავებენ, ანუ 1,3,5 და ასე შემდეგ და თვის განმავლობაში გამოვა 15 სრული სამუშაო დღე. დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. მათ გამოეწერებათ 250 ლარი, მაგრამ ხელზე აიღებენ დაახლოებით 200 ლარს. - რა თანხებთან არის დაკავშირებული სტუდენტური დასაქმების ახალი ტალღა? - გარდა იმ 600 სტუდენტის ხელფასისა, ანუ 150.000 ლარისა, სხვა დანახარჯები არ გვქონია. რაც შეეხება ფორმებს, რომლებიც მათ დაურიგდებათ, წინა სტუდენტური დასაქმებებიდან დარჩენილია ყვითელი ქუდები და მათ გამოვიყენებთ. - როგორ მოხდება კონტროლი იმისა, ასრულებს თუ არა დაკისრებულ მოვალეობას სტუდენტი? - მათ გაკონტროლებაზე თბილისის ტრანსპორტის სამსახური იზრუნებს. ყოველ დილით მათი აღრიცხვა ხელმოწერისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე მოხდება და საღამოთი, სამუშაო დღის დასრულებისთანავე, იმავე გზით შემოწმდებიან ისინი. - რამდენად ხართ კმაყოფილი წინა სტუდენტური დასაქმებებით და მათი შედეგებით? - შეუძლებელია, რომ შედეგიანი იყოს სრულად და ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნები, რასაკვირველია, თუმცა ზოგადად იდეა კარგია, მისასალმებელია და სტუდენტების ამ გზით წახალისება აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. - ადგილები ყველა უნივერსიტეტში თანაბრად გადანაწილდა? - არა. ეს დამოკიდებული იყო უნივერსიტეტის სიდიდესა და მასშტაბურობაზე, ზოგ უნივერსიტეტში მეტი, ზოგში კი ნაკლები რაოდენობის სტუდენტის რეგისტრაცია მოხდა.
ესაუბრა ირმა ზარნაძე
|