ნანახია: 2816
ნოდარ ლადარია "როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ მეცამეტე საუკუნის დასაწყისში იმ ეპოქის ტექნიკური საშუალებებით, ერთი დღის განმავლობაში, ერთი ხიდის (მეტეხის ხიდის) მიმდებარე მცირე ტერიტორიაზე შესაძლებელია ასი ათასი ადამიანის დახოცვა?"
ნოდარ ლადარია "გვყავს მასწავლებლები, რომლების გაკვეთილზე თვალებს წკურავენ და აცხადებენ, რომ სიამოვნებით იცხოვრებდნენ თამარის დროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს "საქართველოს დიდებასთან ზიარებას" - პირველყოვლისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრთოსანი "ოლვეისის" ნაცვლად ნამჯის, ან მატყლის გამოყენება მოუწევთ. ვისაც არ ეშინია, სცადოს."
ზაზა ბურჭულაძე "კურთხევის შემდეგ ჩვეულებრივი მანქანა არაჩვეულებრივად იქცევა?... ნაკურთხი "ლენდკრუიზერის" ათიდან შვიდი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი - ორი წლის და ორი თვის. ისინი მუცოს ხეობაში, ხონეს სალოცავიდან მოდიოდნენ... მართლა მაინტერესებს რითი განსხვავდება ნაკურთხი მანქანა არანაკურთხისგან? უფრო საიმედოდ მუშაობს ბორტკომპიუტერი? შეიძლება კურთხევის შემდეგ დამცავი ბალიშები უმჯობესდება? რას ნიშნავს მანქანის ბორტზე მიკრული ჯვარი? ზეციურ სადაზღვევო მომსახურებას ხომ არ გულისხმობს?
კახა ბენდუქიძე დავით აღმაშენებელზე "ერთი ბიჭის ისტორია" "თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა, ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებდა."
ბოლო წლების განმავლობაში ლიტერატორების, პუბლიცისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებს ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ. დღეს ისინი ძირითადად ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქის - კახა ბენდუქიძის მიერ გამოცემული ჟურნალ "ტაბულის" გარშემო არიან შემოკრებილნი. რას ისახავენ ისინი მიზნად? რა არის მათი მსოფლგაგების საფუძველი? რა მენტალობას ამკვიდრებენ ქართულ საზოგადოებაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ.
"ძალიან რთული მისია დამაკისრეთ, შევეცდები გიპასუხოთ, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საზოგადოებათმცოდნემ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ამ კითხვაზე ეპასუხათ და ჩვენი თანამედროვენი ყოფილიყვნენ მერაბ მამარდაშვილს, აკაკი ბაქრაძეს და სხვებს, ვინც ცოცხალია და ვინც ჩვენთან აღარ არის. საარსებო საკითხებია ისინი და იმიტომ. ეს საოცარი ფენომენი ჩამოყალიბდა ჩვენს თვალწინ. განათლებული, ერუდირებული ადამიანები - ბატონები ნოდარ ლადარია, გიგი თევზაძე, ზაზა ბურჭულაძე, კახა ბენდუქიძე არაორდინალურ, მე ვიტყოდი ექსტრაორდინალურ და იმავდროულად მკრეხელურ მოსაზრებებს გამოთქვამენ ჩვენი აწმყოს, წარსულის, მომავლის შესახებ, ჩვენი მენტალობის თაობაზე, დაპყრობილი ერის ფსიქოლოგიაში გაჩენილ ნეგატიურ დანაშრევებს საერთოეროვნულ ტრაგედიად და უზნეობად წარმოაჩენენ და ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება ქართველი ერის უპერსპექტივობაში და საქართველოს გარდუვალ კატასტროფაში. ამიტომ, ხან ხელს უწყობენ, როცა ძალაუფლება უპყრიათ, ხანაც ფარულად მიანიშნებენ და მოუწოდებენ ქვეყნის დატოვებისაკენ, მიგრაციის წახალისებისკენ, განმკითხავი კი არავინაა."
მეექვსე დასი "პირველმა, მეორე და მესამე დასებმა, რომელმა რა სიკეთე მოუტანა საქართველოს, საყოველთაოდ ცნობილია. თუ გაზეთი "კვალი", სოციალ-დემოკრატების ხელში გადასული, გააფთრებით ებრძოდა ილია ჭავჭავაძეს, მეექვსე დასი ილია II-ს ებრძვის. მაშინ ილია ჭავჭავაძე განასახიერებდა ფერფლიდან ფენიქსებრ აღმდგარ საქართველოს, დღეს კი ილია II განასახიერებს კომუნისტურ ჯოჯოხეთს გამოვლილ ქართველობას. აბსოლუტურად გაუგებარია, ასეთი მძაფრი გაბოროტებით რატომ უტევენ ქართულ ცნობიერებას, თუნდაც მის ნეგატიურ დანაშრევებს. შეიძლება ცუდს, დასაგმობს და უარსაყოფელს ებრძოლო, მაგრამ სიყვარულით და არა სიძულვილით. მათ ხომ კარგად იცინ, რომ უამრავ "მსოფლიო ვეშაპს" გადარჩენილი მცირერიცხოვანი ერი 1555 წლიდან, ირანსა და თურქეთს შორის დადებული ამასიის ზავის შემდეგ, ფაქტობრივად აღარც არსებულა როგორც სახელმწიფო. აღმოსავლეთ საქართველოს სპარსეთი განაგებდა, დასავლეთს ოსმალეთი, "ლეკი, ოსი, ჩერქეზ-ღლიღვი, დიდო, ქისტი" პერმანენტულად აოხრებდა საქართველოს მთა-ბარს, მერე რუსმა შეგვიფარა და დაგვიპყრო და ეს "დიდი ღამე", "უჟამო ჟამი" საუკუნეები გაგრძელდა. ახლა რომ მისდგომიან "ტაბულელები" ამ ჩვენს გადარჩენილ გასაცოდავებულ და დაკნინებულ ქართველობას, დასცინიან და დედას აგინებენ, რა იმავე დონის ხალხი არ ცხოვრობს სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთში? დასცინიან საკუთარ ფესვებს, ეროვნულობას და მენტალობას? საზოგადოდ, მენტალობაზე მოგახსენებთ და არა მის დასაგმობ მხარეებზე. გაგონილა ასეთი სიძულვილი, ღვარძლი და ბოღმა საკუთარი მოძმის მიმართ, თუ არ არიან ჩვენი ძმები და ჩვენიანები?" "ნოე ჟორდანია და ძმანი მისნი ილიას ქვეწარმავალს უწოდებდნენ, მათ იდეურად მოამზადეს და მეცნიერთა ერთი, საკმაოდ ავტორიტეტული ნაწილის აზრით, ორგანიზებაც გაუკეთეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობას. როცა ერის ღირსეულმა ნაწილმა სამართლიანად შეაჩვენა "სოცდეკები" ილიას დევნისთვის, როც ახეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო, - მენშევიკების ლიდერი ენამზეობდა, თუ იგესლებოდა. "ტაბულელები" და ილიას უნივერსიტეტელები (დახვეწილი ცინიზმია!) ილია II-ს მისდგომიან. გიყვართ რა, კაცია, ღმერთი ხომ არ არის, მისი გაკრიტიკება არ შეიძლებოდესო, მგზნებარებდა "ფეისბუქზე" ბატონი ბენდუქიძე. სოციალ-დემოკრატებს, ბოლშევიკებსა და "ტაბულელებს" (შეგნებულად არ ვამბობ - "თავისუფლების ინსტიტუტს" იქ ბევრი ნიჭიერი ადამიანიც მოღვაწეობდა, ლევან ბერძენიშვილი, გიგა ბოკერია და სხვანი) ბევრი რამ აქვთ საერთო. ნიჰილიზმი, ცინიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ეროვნულობის სიძულვილი, ცრუ-პროგრესის იდეალების თაყვანისცემა, მათ უნდოდათ "მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია" და ბედნიერი, უსაზღვრებო მსოფლიო, ამათაც უნდათ გლობალიზაცია, ნეოლიბერტარიანური სამოთხე და ბედნიერი "მსოფლიო ბაბილონი". ამათ მიერ დაგეშილები არ გაჰკივიან, მაგრამ ასევე მოქმედებენ პრინციპით: "მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას!" "მეექვსე დასი" ვერ დაასამარებს საქართველოს. ეს შეუძლებელია!"
"რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად" ანუ გაგიჟებული გურული და ქართული ეკლესიის მნგრეველები "შეუძლებელია იმ აბდაუბდას კომენტარი, რომელიც "ტაბულელმა" ინტელექტუალებმა წყობილსიტყვაობად აქციეს და შოკისმომგვრელ, ფრთიან-ფრთოსან, თავბრუდამხვევ აზრებად ესროლეს დაჩაჩანაკებულ ქართულ საზოგადოებას, უხელისუფლებოდ დარჩენილს, უოპოზიციოდ დარჩენილს, მოსყიდულის და ფარჩაკის, ემიგრაციაში გაყრილს. შესაძლებელია, შეიძლება, მაგრამ აზრი აქვს? ნოდარ ლადარიას, ზაზა ბურჭულაძის და კახა ბენდუქიძის საყურადღებოდ ვიტყვი, რომლებიც ქართულ ეკლესიას ანგრევენ, მას ებრძვიან, ძირს უთხრიან, მის დაქცევას ლამობენ, გაგიჟებული გურულის ისტორიას გავახსენებ. 20-იანი წლებია. გურიის ერთ სოფელში ჭარმაგი კაცები შეკრებილან. ჩვეულებისამებრ, ქვეყნის ჭირ-ვარამზე ბჭობენ. ეკლესიის ეზოში მათივე თანასოფლელი კომკავშირელების თავკაცი შემოვარდა, რამდენიმე ამფსონთან ერთად. შეკრებილებს მიუბრუნდა და უთხრა: რას დაყუდებულხართ აქ, რა გინდათ ამ სიცრუის და ბანგის სახლთან, სიბნელეში და უმეცრებში რომ ამყოფებდა ხალხს საუკუნეების განმავლობაშიო. რას ამბობ, ახალგაზრდა კაცი ხარ, ღმერთის არ გეშინიაო, ჭარმაგმა კაცებმა. სად არის თქვენი ღმერთი, რა შეუძლია, ღმერთი არ არსებობსო და მიაყუდეს ეკლესიას კიბე. ავიდნენ, გავეშებით და გაცოფებით ურტყეს ურო ეკლესიის გუმბათს, მოანგრიეს და ძირს გადმოაგდეს. მერე დაბლა ჩამოვიდნენ, გაჭუჭყიანებულები, შეშლილი სახეებით და იქვე მდგომ, გამეხებულ ბრძენკაცებს შეუძახა კომკავშირლების თავკაცმა: გვიქნა რამე შენმა ღმერთმა, ფეხებიც ვერ მოგვჭამაო. მეტი რაღა უნდა ექნა, გაგაგიჟა, შეგშალა, ჭკუიდან გადაგიყვანა და ვერ ხვდებიო, - უთხრა ერთმა ენაკვიმატმა გურულმა. ასეა ამათი საქმეც.
განათლება და წიგნიერება ცოდნას ყოველთვის არ ნიშნავს ახლა, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ამ ადამიანებს პატივს ვცემ. ისინი უდავოდ განათლებულები არიან და დიდი სიკეთის მოტანაც შეუძლიათ ქვეყნისთვის. თუმცა, "ძე შეცთომილის" და "უძღები შვილის" მშობლიურ წიაღში დაბრუნება ძნელია, ხშირად შეუძლებელიც. არადა, რამდენნი განათლებული კაცი სჭირდება დღეს საქართველოს! ნოდარ ლადარიაც, ზაზა ბურჭულაძეც და კახა ბენდუქიძეც. ოღონდ არა "ყოვლისმცოდნენი", ნარცისები, ცინიკოსები, არამედ სიკეთის სამსახურში მუხლჩაუხრელად ჩამდგარნი. ვეჭვობ, ასე მოხდეს. ამიტომაც არ ვკამათობ მათთან. თუმცა ბატონ ლადარიას და ბატონ ბენდუქიძეს მინდა ვუთხრა - ამაოდ გგონიათ, რომ ასი ათასი კაცი ვერ იცხოვრებდა ჯალალედინის შემოსევისდროინდელ საქართველოში. არ არის საჭირო სასწაულებზე და მოწამეთა ისტორიებზე ცინიკურ-ირონიული ტონით ნაუბრების გაბათილება, მაგრამ მაინც შევეცდები. მითუმეტეს ნოდარ ლადარიას სულიერი ძმა, კახა ბენდუქიძე ამბობს: 1118 წელს აღმაშენებელმა საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი ყივჩაღთა ოჯახი ჩამოასახლა, რაც ქართული მოსახლეობის (სავარაუდოდ, ასი ათასი ოჯახი) მნიშვნელოვანი წილი იყო. როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, ნურას უკაცრავად ბატონებო! საისტორიო წყაროებში დაცულია ცნობები მონღოლების მიერ 1254 წელს საქართველოს აღწერის შესახებ. მაშინ საქართველო 9 სადუმნოდ იყო დაყოფილი. თითო დუმანს 10 ათასი მოლაშქრე უნდა გამოეყვანა. მოლაშქრედ გადიოდა ყოველი მეცხრე კომლიდან ერთი გლეხი. ისტორიკოსები, წყაროების ანალიზის საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ კომლში მაშინ ექვსიდან ათ კაცამდე უნდა ყოფილიყო, მთლიანად მოსახლეობა კი, რასაც მონღოლებმა საქართველო უწოდეს და აღწერეს, რვა მილიონს აღემატებოდა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მათ შორის 5-6 მილიონი ქართველი უნდა ყოფილიყო, დანარჩენი სომხები, მუსლიმები, ებრაელები და სხვები. როგორ? 7-8 მილიონიან საქართველოში თბილისში და მის მიმდებარე სოფლებში ასი ათას კაცს ვერ იპოვიდნენ ხვარაზმელები? თუ თქვენ გინდათ მაინცდამაინც გააბაიბუროთ ასი ათასი მოწამის ამბავი და იმდროინდელი საქართველო, დაამტკიცოთ, რომ მაშინაც მათხოვრები ვიყავით, ახლაც ფარჩაკები ვართ და საერთოდ, არ უნდა ვარსებობდეთ ამ ქვეყნად, როგორც ერი და ქვეყანაო. ახლა, ლადარიას საყურადღებოდ ვიტყვი, ქალები "ოლვეისის" ნაცვლად მატყლს და ნამჯას რომ იყენებდნენ საქართველოში, იმავეს აკეთებდნენ იმ დროს სომხეთში, ლიტვაში, პოლონეთში და ესპანეთში. მაგრამ სომხებს, ლიტველებს, პოლონელებს და ესპანელებს უყვართ თავიანთი წარსული, და ამაყობენ თავიანთი წარსულით. ამავე დროს, ღრმად განსწავლულ და წიგნიერ ბატონებს, ლადარიებს, ბურჭულაძეებს და ბენდუქიძეებს კარგად მოეხსენებათ, რომ ცნობიერება მე-12 მე-13 საუკუნეების სომხეთში, ლიტვაში, პოლონეთში და ესპანეთში ისეთივე იყო, ანუ ფეოდალური, როგორიც საქართველოში, შეიძლება იქ კიდევ უფრო მეტად სისხლიანი და პარანოიდალური ვითარდებოდა, არ იყო ყუთლუ-არსლანის კარავი, პარლამენტის სუსტი, მაგრამ პროტოწარმონაქმნი, "აღმოსავლური რენესანსის" ნიშნები, არ დაუსჯიათ სიკვდილით არავინ, როგორც თამარის მეფობის ერთ, საკმაოდ ხანგრძლივ მონაკვეთში. ასე, რომ ნუ მოწამლავთ საზოგადოებას სინამდვილის გაყალბებით, ნუ გამოიყენებთ ბოროტად თქვენს წიგნიერებას, ხელისუფლების კეთილგანწყობას და ჯგუფის ფინანსურ შესაძლებლობებს.
რას ერჩიან დავით აღმაშენებელს მისთვის ვერ უპატიებიათ ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნა. ბატონი ლადარია გაზეთ "24 საათის" ფურცლებზე, როცა თავჩაქინდრული ქართული საზოგადოება მორჩილად შეჰყურებდა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადაგორებას რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან დიღმის ტრასაზე, ბატონი ლადარია ასეთ ჭეშმარიტებას ღაღადებდა: ეს ადგილი დავით აღმაშენებლისთვის ზედგამოჭრილია, რადგან თავის დროზე დავით აღმაშენებელი ამ მიდამოებში ყაჩაღობდა თავის რაზმთან ერთად, თავს ესხმოდა სავაჭრო ქარავნებს და ძარცვავდაო. კახაბერ ბენდუქიძე ხომ სულ თავლაფს ასხამს აღმაშენებელს, თბილისელების სიძულვილს აბრალებს, არადა, დავით აღმაშენებელს ყველა თბილისელი ამირა უყვარდა, თბილის ყველა დამპყრობელი, ყველა "უცხო თესლი", ვინც თბილისიდან და საქართველოდან ქართველების ამოძირკვას ლამობდა, მუსლიმებიც უყვარდა და უნდოდა მათ მაჰმადის რჯულზე მოექციათ საქართველო, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა - XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და არა XX-XXI საუკუნეების, როგორც ბატონები ლადარია და ბენდუქიძე. მაგრამ არა, კახას მოსწონს, რომ მას საქართველოში თავისი ურჯულო ძმაკაცები უნდა ჩამოეყვანა - ყივჩაღები და თანაც ბევრი. თურმე, ბენდუქიძის აზრით მამამ მას ტახტი კი არა, "საგვარეულო ბიზნესი" გადასცა სამართავად. ცნობილია, რომ ბენდუქიძე ჩვენი პრეზიდენტის არაოფიციალური მრჩეველია დღესაც, დიღომშიც მის მეზობლად ცხოვრობს, ნეტა, რას ეუბნება, პრეზიდენტობა ბიზნესიაო? "რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარა კაცმა, შევარდნაძის დროს ხაზინიდან მოპარული ფულით კაცურად რომ ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს..." წყალს და მეწყერს წაუღია შევარდნაძის დროინდელი ხაზინის ქურდები, თავად ბენდუქიძე რომ ხელისუფლების მთავარი იდეოლოგია, იმ ხელისუფლების, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხაზინიდან გამქრალი მილიონები სად არის? საკუთარ კაბინეტებში ოფშორულ კომპანიებზე გაყიდული საქართველოს ქონებიდან ფული სად არის? გამომივიდა "მამა აბრამის ბატკანი", ეს ქართული კორუფციის ტრუბადური და მებაირახტრე, რომელმაც სულ ახლახანს სტატისტიკის ახალი სამსახურიც კი თავისი კადრებით დააკომპლექტა - ხელმძღვანელი ორგანოს ხუთი წევრიდან ოთხი ბენდუქიძის კარდია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრემიერ მინისტრს ბენდუქიძის ყოფილი მოადგილეები, ამჟამად პრემიერ მინისტრის მრჩევლები თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა კარნახობენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ბენდუქიძეს გონია, რომ საზოგადოებამ არ იცის ვინ მართავს დღეს საქართველოს ეკონომიკას და მის ამდაგვარ სავალალო მდგომარეობაში ვინ არის მთავარი დამნაშავე - რა თქმა უნდა, თავად ბატონი ბენდუქიძე.
დაიპყრეს ტელესივრცე იპყრობენ ბეჭდურ მედიას გადაწყვიტეს რა ამ ქვეყნის ბედ-იღბლის გამგებლებმა, რომ ქართული მენტალობა, მართლმადიდებელი ეკლესია და განათლების სისტემა მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყნის მოდერნიზაციისა და დენაციონალიზაციის გზაზე, მთავარი იერიში ეკლესიაზე და განათლების სისტემაზე მიიტანეს. ვიდრე კათალიკოს-პატრიარქი ილიაII ცოცხალია, ეკლესიას ისინი ვერაფერს დააკლებენ. აი, განათლების მიმართულებით კი აქვთ უდაო მიღწევები. ქართველობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის გადამრჩენი, საბჭოთა რეპრესიებგამოვლილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ფაქტობრივად განადგურებულია. დღეს რეალურად საქართველოში არსებობს და ფინანსურად უზრუნველყოფილია ორი უნივერსიტეტი - გიგი თევზაძის "ილიას უნივერსიტეტი" და კახა ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი". სასწავლო პროგრამებიც სათანადოდაა შედგენილი, სახელმწიფო დაწესებულებებში და ხელისუფლების ბიზნესებში კადრებს მხოლოდ ამ უნივერსიტეტებიდან იღებენ და, შესაბამისად მხოლოდ ამ უნივერსიტეტებს აქვთ პერსპექტივა, სხვები არსებობენ ფორმალურად. მეორე უმნიშვნელოვანესი სფეროა მედია და ინტერნეტ სივრცე. ინტერნეტ სივრცე ჯერ მასობრივი მისაწვდომობის არეალს გარეთაა და ამიტომ, ასე თუ ისე მოდერნიზატორ-დამანგრეველთა მიერ კონტროლდება. ტელესივრცე აბსოლუტურ კონტროლს არის დაქვემდებარებული, ათი წამყვანი ტელევიზიიდან ყველას აკონტროლებს დაჯგუფება, რომლის ხელთაა რეალური ძალაუფლება, მხოლოდ ორი ლოკალური მაუწყებელი, ფინანსურად არაუზრუნველყოფილი, არის შემოქმედებითი თვალსაზრისით თავისუფალი. ერთადერთ კუნძულად თავისუფალი სიტყვის რჩებოდა ბეჭდვითი მედია, ფინანსურად შეჭირვებული, მაგრამ გაყიდვებზე ორიენტირებული და ამდენად, რამდენადმე "მოყვითალო” და ტაბლოიდური. ამ ბოლო დროს ხელისუფლების მხარდამჭერმა ინტელექტუალებმა იგრძნეს, რომ საზოგადოებრივ აზრს მაინც ბეჭდვითი მედია ქმნის, მისით საზრდოობს ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი და გონიერი საქართველო. სახელისუფლო ტელევიზიების "ნაციონალების აქტივისტებსაც” კი არ სჯერათ. ტელევიზიები გადასცემენ არა ინფორმაციებს, არამედ პროპაგანდისტულ მასალებს. თოქ-შოუ, როგორც ჟანრი, ქართულ ტელე-სივრცეში მოკვდა. ამიტომ გადაწყდა ბეჭდვით მედიაში შეჭრა და "ნაციონალების" მხარდამჭერი ინტელექტუალები გაზეთ ტაბულის გარშემო დაჯგუფდნენ. ჟურნალს გიგა ბოკერიას მეუღლე ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი ხელმძღვანელობს. აპირებდნენ რა დივერსიებს ქართული ცნობიერების წინააღმდეგ, მზაკვრული ხერხი გამოიყენეს და საავტორო უფლების ერთობ ფრივოლური ინტერპრეტაციით ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების არათუ გადაბეჭდვა, არამედ გამოყენებაც კი აკრძალეს, ეს, ბუნებრივია, სრული აბსურდია, რადგან არსად არც ერთ სამართლებრივ აქტში თუ კანონში არ არის განმარტებული, რას ჰქვია ჟურნალში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილის სხვა ავტორის მიერ გამოყენების აკრძალვა. თუმცა მათი ჩანაფიქრი იოლად იშიფრება. ტაბულის "ტერორისტულ” ჯგუფს სურს ოფიციალურ პროპაგანდიზე მაღლა დადგეს, აჯობოს კონკურენტებს არა პაექრობაში, კამათში, არამედ არ მისცეს მათ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზებით, ოფიციოზთან ალიანსში განახორციელოს საზოგადოებრივი ცნობიერების დეზორიენტაცია. ... ჯერჯერობით ისინი ილია II ქვეწარმავალს არ ეძახიან, როგორც გაზეთი "კვალი” ილია ჭავჭავაძეს, მხოლოდ მისი "კაგებეშნიკად" გამოცხადებით შემოიფარგლებიან (მომიტევოს ჩვენმა სულიერმა მამამ). ჯერჯერობით ისინი უსაზღვრებო მსოფლიოზე არ გვესაუბრებიან, მხოლოდ აზერბაიჯანთან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას გვთავაზობენ სადაც 2,5 მილიონი საქართველოში დარჩენილი ქართველი ეროვნული უმცირესობა გახდება იმის გათვალისწინებით, რომ იმ კონფედერაციაში, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ 9,5 მილიონი აზერბაიჯანელი იცხოვრებს და 2,5 მილიონი ქართველი. ისევ მომიტევეთ და არ მგონია ეს იდეა მე მიხეილ სააკაშვილის. კახა ბენდუქიძის ნაკარნახევი მგონია ეს ორიგინალური იდეა მე. ისინი ნიჭიერები არიან, ისინი განათლებულები არიან. არ მინდა, რომ მათ ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით, მისი მკვლელების მიმართ ნათქვამი სიტყვები მიესადაგოთ:
"მათ რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ"
|