ნანახია: 402
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა მოითხოვს ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გათავისუფლებას და ამასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეში ექსპერტების - საზოგადოების წარმომადგენლების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ბიზნესმენთა ფედერაციის და აფბა-ს წარმომადგენლების ჩართვას, ჭეშმარიტების დასადგენად საქმესთან დაკავშირებული პერიპეტიების მაქსიმალურ საჯაროობას და გამჭვირვალობას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა დიდი ხანია თვალს ადევნებს კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსთან" დაკავშირებულ მოვლენებს. ბოლო პერიოდში, როცა "ელიტ-ელექტრონიქსის" ძველ ხელმძღვანელობასა და ახალ მეპატრონეებს შორის კონფლიქტი გაჩაღდა, აფბა-მ გადაწყვიტა მედიატორის როლის შესრულება და აპირებდა ყველა მხარისთვის შეეთავაზებინა საკითხის მიუკერძოებელი შესწავლა ავტორიტეტული ექსპერტების ჩართვით. "თიბისი" ბანკის მიერ საქმესთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებაზე უარის თქმის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენი ჩანაფიქრი აღარ განხორციელდა. დღეს, იმ ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, აგრეთვე ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძისადმი წაყენებული ბრალდების გაცნობის შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ბიზნესმენის დაკავება უკანონოა. უამრავი ფაქტიდან, დეტალიდან და ნიუანსიდან მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ "ელიტ-ელექტრონიქსთან" დაკავშირებული ამბების ყველა ეტაპზე იგნორირებულ იქნა თვით კომპანიის და მისი მეპატრონის ინტერესები. საფუძველს მოკლებული, ალოგიკური, უარგუმენტო და ტენდენციურია წაყენებულ ბრალდებათა უმეტესობა. სიტუაცია კურიოზულია, როცა მოპირდაპირე მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობდა, საკუთარ თავს ხან ფულს უმალავდა და ხანაც ჰპარავდა. იურიდიული მხარე საქმეს არ აქვს. ახალი მეპატრონეების პროტესტი, თუ რა ფულით დაიწყო ახალი ბიზნესი იმავე სფეროში ბატონმა ქოქოლაძემ, საერთოდ საღ აზრს მოკლებულია. თავისუფლების აღკვეთა ადამიანისთვის ეკონომიკური აქტივობის გამო ჩვენი ბიზნეს-გარემოს კიდევ ერთი სამარცხვინო მახასიათებელია. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ბიზნესმენის დაპატიმრება იმ მოტივით, რომ იგი მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს ან გამოძიებას დაემალება. ამას ამბობენ საქმოსანზე, რომელმაც ახლახანს კომპანია `ტექნობუმი” დააფუძნა და ბაზრის ამ სეგმენტის სხვა სუბიექტებთან ღია კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებას აპირებს. ქართულ ბიზნესში მომრავლებული ფარული მონოპოლისტების, ხელისუფლებასთან შეზრდილი კრიმინალური კლანების და ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტის პირობებში, ერთი კონკრეტული კომპანიისა და ერთი ბიზნესმენისადმი ასეთი უსულგულო დამოკიდებულება მიუღებელია. 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ოდენობით დამსაქმებელი კომპანიების მიმართ ხელისუფლება ვალდებული იყო მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა. ბევრმა კომპანიამ (ბანკებმა, სამშენებლო კომპანიებმა და სხვ.) მიიღეს კიდეც ასეთი დახმარება. 4,5 მლრდ. დოლარიდან ბანკებმა ნახევარ მლრდ-ზე მეტი მიიღეს. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ხშირად ფინანსური პირამიდის პრინციპით მუშაობდნენ, ჩართულ იქნენ პროექტში "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”. რაღა მხოლოდ კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსი” აღმოჩნდა შერისხული? ჩვენ გამოვრიცხავთ "თიბისი” ბანკის დაინტერესებას "ელიტ-ელექტრონიქსის” ხელში ჩაგდებით. თუმცა გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანია ბაზრის ამ სეგმენტის ხელში ჩაგდების მოსურნეთა ლობირების მსხვერპლი გახდა. ჩვენი აზრით, ახლა გამოსავალი ერთია: ვიმოქმედოთ ცივილიზებული ქვეყნისა და ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს პრინციპების შესაბამისად. დაწვრილებით და ჩაღრმავებით გამოვიკვლიოთ საქმის ვითარება, ხოლო ამ საქმესთან დაკავშირებული გამოძიება გავხადოთ მაქსიმალურად საჯარო. ჩვენ კი ვისმენთ მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტებს, მაშინ როცა ბიზნესმენ ქოქოლაძის პოზიცია ახალ გაჟღერებულ გარემოებებთან დაკავშირებით, უცნობია. ბიზნესმენს, რომელსაც ბოლო დრომდე უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა, უმძიმეს დამნაშავესავით მოექცა ხელისუფლება და სუსტი არგუმენტაციით მოახდინა მისი იზოლირება. ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბატონი ქოქოლაძე. ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მზადაა შეისწავლოს მოცემული საქმე. აფბა მიიჩნევს, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს უკანონო პატიმრად, რადგან თვლის, რომ მისი დაკავების არანაირი მიზეზი არ არსებობდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის სახელით მერაბ ჯანიაშვილი აფბა-ს პრეზიდენტი
|