ნანახია: 396
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები დაპირებულ ტარიფების გაიაფებას არ აპირებენ
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთიკომი" ფასდაკლების აქციას იწყებს და მომხმარებლისთვის ახალ, ვითომ შემცირებულ ტარიფებს აამოქმედებს. მკითხველს შევახსენებ, რომ 1 აგვისტოდან ურთიერთჩართვის ახალი, შემცირებული ტარიფი ამოქმედდა, რომელიც 14,8 თეთრის ნაცვლად 7 თეთრს შეადგენს. ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირების შემდგომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მობილურით საუბრის საცალო ტარიფის გაიაფების იმედი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სფეროს მარეგულირებლის მსგავსად, საზოგადოებაც მობილურზე საუბრის გაიაფებას ელოდა და არცთუ უსაფუძვლოდაც. 15 წლის მანძილზე საქართველოში მოქმედი ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის მონოპოლისტები "მაგთი" და "ჯეოსელი" 28,8 თეთრიან ტარიფს ინარჩუნებდნენ, მაშინ როცა მსოფლიო მასშტაბით ფიჭური კავშირგაბმულობის ღირებულება ყველგან იკლებდა. 2010 წელს საზოგადოების პროტესტისა და ზეწოლის შედეგად, ერთი შეხედვით, კომპანიებს აღარაფერი დარჩენოდათ ტარიფების გაიაფების გარდა, ამ პროცესს მარეგულირებელმაც შეუწყო ხელი, მაგრამ (კარგი სიტყვაა "მაგრამ") ხელისუფლებამ დაინახა თუ არა, რომ მონოპოლისტები თავიან ძალაუფლებას კარგავდნენ და იძულებული ხდებოდნენ საზოგადოების ზეწოლის გამო ტარიფები გაეიაფებინათ, სფეროს ახალი გადასახადი (ყოველ წუთზე 10%-იანი აქციზი) დაუწესა, რომლის გამოც დაგეგმილი ტარიფების შემცირებებიც აღარ მოხდა, ეს კი არა, არსებულიც გაძვირდება, რადგან აქციზის გადასახადი თავისი არსით მომხმარებლის გადასახდელია და არა მეწარმის. ეს მშვენივრად იციან მთავრობაშიც. ამ ნაბიჯით მათ ორი კურდღლის დაჭერა მოახერხეს. ერთი, რომ ბიუჯეტში დამატებითი თანხები შევა, ხოლო მეორე ბაზრის მონოპოლიტები კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული "მაგთი" და "ჯეოსელი" დარჩებიან, რომელთაც არც ტარიფების შემცირება მოუწევთ, რადგან გასამართლებელი საბუთი მათ მთავრობამ მისცა - "ახალი გადასახადი დაუწესეს და აბა, ტარიფები როგორღა უნდა გააიაფონ". მთავრობის გაუაზრებელ (მოსახლეობისთვის გაუაზრებელს, თორემ ხელისუფლებას, რომ აწყობს ეს გადასახადი ამაზე ზემოთ აღინიშნა) ნაბიჯს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავისი წვლილიც დაამატა და თავის რეგულირების სფეროში მყოფ კომპანიებს, მათ შორის ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებსაც, რომლებიც კომისიის ბიუჯეტის 65%-ს ავსებენ, რეგულირების საფასური 50%-ით გაუზარდა. კომპანიებს 1 სექტემბრიდან კომისიის ბიუჯეტში მათი შემოსავლების 0,5%-ის ნაცვლად 0,75%-ის გადარიცხვა მოუწევთ. ყოველივე ამის შემდეგ კი, კომპანიებიც ვითომ გაიაფებულ ტარიფებს სთავაზობენ მოსახლეობას. ამის ნათელი მაგალითია "მაგთის" ახალი აქცია, რომელიც 23 აგვისტოდან დაიწყება და კომპანიის აბონენტებისთვის "მაგთიდან" "მაგთის", "ბალის", "ბანისა" და "მაგთი ფიქსის" აბონენტებთან საუბრის ღირებულება წუთზე 5 თეთრით განისაზღვრება, ხოლო "მაგთიდან" საქართველოს სხვა ნებისმიერ ქსელზე წუთის ღირებულება 18 თეთრს შეადგენს; MMS-ის ტარიფი 10 თეთრი იქნება. აქციაში ყველაზე საინტერესოა ისაა, რომ მისი პირობების მიხედვით, ზარის წამოწყების ღირებულება ყველა მიმართულებით - 10 თეთრია. ანუ, შიდა ზარების ყოველი პირველი წუთი 15 თეთრი ეღირება, ხოლო გარე ზარებზე პირველი წუთი, ისევ 28,8 თეთრი. თუ ჩვენს რეალობას გადავხედავთ, როცა მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები თანხის ეკონომიის მიზნით ცდილობენ რაც შეიძლება ცოტა ილაპარაკონ, ამ აქციით აზრს კარგავს. რადგან თუ მომხმარებელი ამ აქციის პირობებში, მაგალითად 10 წამს ილაპარაკებს, მოუწევს ზარის წამოწყების ღირებულების 10 თეთრს დამატებული 3 თეთრი (18-ის მეექვსედი, ანუ 10 წამის ღირებულება), რაც საბოლოო ჯამში 13 თეთრი გამოდის. ამ აქციის გარეთ კი მას 10 წამის ლაპარაკის გამო 4,8 თეთრის (28,8/6=4,8) გადახდა უწევდა. მომხმარებელი აქციით "მოგებული" მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ იგი 1 წუთზე მეტს ისაუბრებს, რაც ისევ და ისევ კომპანიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან რაც მეტ ილაპარაკებენ მომხმარებლები, მით მეტ შემოსავალს მიიღებს ოპერატორი. ამ ახალი სატარიფო გეგმის ნაკლოვანებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ აქციაა, რომელიც ადრე თუ გვიან, დასრულდება და მომხმარებელი ისევ 28,8 თეთრიანი ტარიფის ამარად დარჩება, რომლის ნაკლებობასაც არც ახლა განიცდის. თითქმის მსგავსი ნაბიჯი გადადგა "ბილაინმაც", რომელმაც ახალი სატარიფო გეგმა Fresh-ი გამოუშვა ბაზარზე, რომლის ფარგლებში აბონენტებს ნებისმიერი მიმართულებით, დღის განმავლობაში დაგროვილი ორი წუთის შემდეგ, წუთში 9 თეთრად შეუძლიათ საუბარი, თუმცა პირველი ორი წუთის ღირებულება 18 თეთრს შეადგენს, რაც "ბილაინის" ქსელში ადრეც ხელმისაწვდომი იყო. ასე რომ, განცხადებები, რომ აგვისტო-სექტემბერში მობილურით საუბარი გაიაფდებოდა და ვითომ ეს გეგმისამებრ მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არა მხოლოდ მობილურით საუბარი, არამედ არცერთ პროდუქტზე მომხმარებელი მანამ არ გადაიხდის სამართლიან ფასს, სანამ ბიზნესმენები ხელისუფლებასთან შეზრდილები იქნებიან და მათი მხრიდან ლობირებულები იქნებიან. ფიჭური კავშირგაბმულობის სფერო კი, ხელისუფლების მიერ ბიზნესის ლობიერების ყველაზე ნათელი მაგალითია. ტურიზმის დეპარტამენტს შეუძლია ტურისტულ მარშრუტებში შეიტანოს აღნიშნული სფეროს გაცნობა და უცხოელ სტუდენტებს აჩვენოს, თუ როგორია მონოპოლია რეალობაში და რა შედეგები მოაქვს ხელისუფლების მიერ ბიზნესის ლობირებას - 15 წელი ერთი და იგივე ტარიფი.
მერაბ ჯანიაშვილი
|