ნანახია: 1172
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და კლიენტების კმაყოფილების დონის ასამაღლებლად, აგვისტოდან კიდევ ერთი ახალი სისტემა – საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მათთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გაწევა იქნება. "ბ&ფ"-ს ამ და სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, ქეთევან კვინიკაძეს გაესაუბრა. - რა სიახლეებს სთავაზობს აღსრულების ეროვნული ბიურო მომხმარებელს და რას ითვალისწინებს კორპორატიული კლიენტებისთვის ინდივიდუალური მომსახურების სერვისი? - ჩვენთან უკვე დაინერგა და მომავალშიც იგეგმება არაერთი ახალი სერვისის ამოქმედება. სიახლეებია მოვალეთა რეესტრთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში, როგორც გითხარით, ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი. უკვე მოქმედებს ადგილზე იურიდიული კონსულტაციების გაწევის სერვისი. რაც შეეხება კორპორატიული კლიენტებისთვის ინდივიდუალური მომსახურების სისტემას, ეს სერვისი ბოლო ერთი თვეა, რაც დაინერგა. ის საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალურ სააღსრულებო მომსახურებას და სააღსრულებო პროცედურებთან დაკავშირებით წარმოშობილი საკითხების სწრაფ, ხარისხიან და ეფექტურ გადაჭრას ითვალისწინებს. სერვისის მომსახურება უფასოა. მის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონული ზედამხედველობის სამსახური გამოყოფს ერთ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს, რომელიც მიმაგრებული იქნება საფინანსო სექტორის რომელიმე კონკრეტულ წარმომადგენელზე და შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს მის იურისტებს, მიაწვდის მათ ინფორმაციას კონკრეტული საქმის მსვლელობის შესახებ და ასევე უზრუნველყოფს მის დაკავშირებას აღმასრულებელთან. კორპორატიული კლიენტების რაოდენობა თანდათან იზრდება. შესაბამისი მემორანდუმი ამ დროისთვის უკვე საფინანსო სექტორის 10 წარმომადგენელთან, მათ შორის "თი-ბი-სი" ბანკთან, "კორ-სტანდარტ" ბანკთან, "ბაზისბანკთან", "პროკრედიტ" ბანკთან, სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-თანაა გაფორმებული. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, სწორედ კორპორატიული კლიენტების მაქსიმალურად მაღალ დონეზე მომსახურების გზით მათი კმაყოფილების დონის ამაღლება წარმოადგენს. ეს სააღსრულებო წარმოებაში, გაცილებით მეტი სააღსრულებო საქმის შემოტანასაც განაპირობებს. - აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინერგა ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევის სერვისი. იგეგმება საინფორმაციო ცენტრის ამოქმედებაც. როდიდან დაიწყებს ეს სერვისი ფუნქციონირებას და რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს? - აღსრულების ეროვნული ბიუროს მისაღებში უკვე დაინერგა კონსულტანტების ინსტიტუტი, რომლებიც ადგილობრივად, შესაბამის იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ მოქალაქეებს. მოქალაქეებთან შეხვედრების ხარისხს აკონტროლებს შეხვედრების მენეჯერი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მოქალაქეების აღმასრულებლებთან შეხვედრას და მათთვის აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებას. 1 აგვისტოდან ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი. მის ფარგლებში, სატელეფონო ზარების მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე აუქციონებთან, ასევე სააღსრულებო საქმის მსვლელობის საკითხებთან დაკავშირებით და შესაძლებლობა ექნებათ, შიდა ზარების გადამისამართებით დაუკავშირდნენ კონკრეტულ აღმასრულებელს. სერვისის მიზანი მოქალაქეებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაა. - რაც შეეხება მოვალეთა რეესტრს, თუ განხორციელდება რაიმე ცვლილება ამ სერვისთან დაკავშირებით? - ცვლილებები შეეხება მოვალეთა რეესტრსაც. საუბარია საძიებო სისტემის გამარტივებაზე. თუ ამ დრომდე რეესტრში დარეგისტრირებული პირის მოსაძიებლად ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომრის, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება იყო აუცილებელი, უახლოეს პერიოდში საამისოდ მხოლოდ ფიზიკური პირის სახელის და გვარის და იურიდიული პირის დასახელების მითითება გახდება საჭირო.
ესაუბრა არჩილ კაიკაციშვილი
|