ნანახია: 440
მოძრაობა "არა" საკუთარი თანაგუნდელის დაკავების გამო სახალხო დამცველს უმოქმედობაში ადანაშაულებს
ახალგაზრდული ორგანზიაცია "არა" საკუთარი თანაგუნდელ აკაკი დარასელიას დაპატიმრებას აპროტესტებს და საქართველოს სახალხო დამცველს ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, აკაკი დარასელიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პატიმრობა ერთვიანი ვადით შეეფარდა. ლევან ჩიტაძის თქმთვე, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც სასამართლოში მათი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, ლუარსაბ ჟვანიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა. სასამართლოს მიკერძოებული დამოკიდებულების გამო, აკაკი დარასელიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და მიუთითა, რომ ჟვანია ხელისუფლების პირადი პატიმარია. მოსამართლე ნინო სანდოძემ აკაკი დარასელია სხდომათა დარბაზში მანდატურების დახმარებით დააბრუნა და მას სასამართლოს უპატივცემულობის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. "ასეთი რამ თითქმის არ მომხდარა. იმ გახმაურებულ სხდომებზეც კი, სადაც წესრიგის დაცვა ძნელად ხდებოდა, სასამართლოს ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამოუყენებია. მოსამართლეები იღებდნენ მხოლოდ ჯარიმების გადაწყვეტილებას. ორგანიზაცია მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს დაუკავშირდა, თუმცა მან საქმეზე რეაგირება არ მოახდინა. ვაპირებთ, რომ ბატონი ტუღუშის გულგრილი დამოკიდებულება, უახლოეს დღეებში, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობას ვაცნობოთ. მომზადდება სპეციალური ანგარიში, რომლიც სახალხო დამცველის მხრიდან იმ საქმეების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ასახავს, რომელზედაც რეაგირება არ ჰქონია". განაცხადა ლევან ჩიტაძემ. ორგანზიაცია "არა" აკაკი დარასელიას პოლიტიკური ნიშნითა და უკანონოდ დაპატიმრებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში, მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, თავისუფალი ადამიანების მიმართ, ტერორი და ძალადობა განახლდა. მედიანიუსი
|