ნანახია: 385
ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფონზე შემუშავებული ახალი კონსტიტუციის პროექტში ავტორები მნიშვნელოვან ყურადღებას სახელმწიფო ფინანსებისა და კონტროლის საკითხს უთმობენ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შემუშავებული კონსტიტუციის საბაზისო პროექტი უკვე გააცნო `ბიზნეს ასოციაციის~ წარმომადგენლებს, ხოლო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია თავის ალტერნატიულ პროექტს უახლოეს დღეებში ეკონომიკის ექსპერტებსა და ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეაჯერებს. როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტები, თითქმის ერთნაირად აწესრიგებენ ქვეყანაში სახელმწიფო ფინანსებისა და კონტროლის მექანიზმებს, თუმცა მათ შორის განსხვავებებიც რამდენადმეა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის საბაზისო პროექტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს არა უგვიანეს სამი თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ამასთან, მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობას მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოსთხოვოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით საქართველოს პრეზიდენტისთვის გათვალისწინებული ხარჯების შემცირება შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობით. პროექტით, თუ პარლამენტმა ვერ მოახერხა წარდგენილი ბიუჯეტის მიღება 3 თვის განმავლობაში, მაშინ სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით. ავტორების აზრით, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული კანონპროექტები _ მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში. პროექტის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კანონიერება. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილ კონცეფციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისას პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთპასუხისმგებლობის საკითხი. ამ საკითხში პირველი სიტყვა მთავრობას, ხოლო საბოლოო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. ავტორთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის წარდგენის უფლება მხოლოდ მთავრობას უნდა ჰქონდეს და მისი თანხმობის გარეშე არ უნდა შეიძლებოდეს ბიუჯეტის პროექტში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც იწვევს სახელმწიფოს ხარჯის ზრდას ან შემოსავლის შემცირებას. მეორე მხრივ, მთავრობას უფლება არ უნდა ჰქონდეს, პარლამენტის თანხმობის გარეშე აიღოს სახელმწიფო სესხი ან რაიმე ფინანსური ვალდებულება, აგრეთვე, გადაიტანოს ხარჯი ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, თუ პარლამენტმა მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოახერხა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება, მთავრობას უფლება უნდა ჰქონდეს, ხარჯი გასწიოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად და მხოლოდ წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით. თუ პარლამენტმა საბიუჯეტო წლის დაწყების შემდეგ, კონსტიტუციით განსაზღვრულ 60-დღიან ვადაში, ვერ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და ვერც მთავრობა გადააყენა უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის წესით (ანუ ვერ აირჩია ახალი პრემიერ-მინისტრი), პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი. ამასთან, საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას მიაჩნია, რომ პარლამენტს უფლება უნდა ჰქონდეს, გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს შესაბამისი ხარჯის გაწევა. `თუ სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო პარლამენტმა არ დაამტკიცა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მთავრობა უნდა გადადგეს. თუ ახალი კანონი იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში შესასრულებელი ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას, მის მისაღებად სავალდებულო უნდა იყოს მთავრობის თანხმობა. მთავრობის თანხმობა სავალდებულო არ არის, თუ ზემოაღნიშნული შედეგი მომდევნო საბიუჯეტო წელს დგება.~, - ნათქვამია საზოგადოებრივ პროექტში. აღნიშნულ პროექტში კონტროლის პალატის ძირითადი ფუნქცია სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლია. ჩვენი აზრით, იგი უნდა აკონტროლებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერებასაც. გარდა ამისა, მას უფლება უნდა ჰქონდეს შეამოწმოს საგადასახადო და საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, პარლამენტს წარუდგინოს საგადასახადო და სახელმწიფო კონტროლის საკითხთა მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები. აგრეთვე, პროექტს კონკრეტულად აქვს მოწესრიგებული საგადასახადო სისტემაც. `აუცილებლად მიგვაჩნია კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ გადასახადები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი. ამასთან, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან საშემოსავლო და მოგების გადასახადები წარმოადგენს ზიარ გადასახადებს, რომლებიც კანონით განსაზღვრული პროპორციით ნაწილდება სახელმწიფოსა და ტერიტორიულ ერთეულებს (ავტონომიური ერთეული/მხარე და ადგილობრივი თვითმმართველობა) შორის, იმ პირობით, რომ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება უნდა ჰქონდეს თავისი წილის ფარგლებში თავად დაადგინოს გადასახადის განაკვეთი. ადგილობრივი გადასახადები მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შედიოდეს. ასეთი წესი ხელს შეუწყობს ცენტრალური ხელისუფლების ნებისაგან ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლების დამოუკიდებლობას და ადგილობრივ ხელისუფლებას მისცემს საკუთარი უფლებამოსილების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის შემოღება და მათი განაკვეთების დადგენა (კანონით განსაზღვრულ ფარგლებში) მხოლოდ შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა. ახალი გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღება, აგრეთვე, მათი განაკვეთების გაზრდა კანონიერ ძალაში შედის მხოლოდ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყების შემდეგ, მაგრამ არა უადრეს მათი შემოღებიდან 3 თვისა. ასეთი წესი მეწარმეს დაიცავს მოულოდნელი რყევებისგან და შესაძლებლობას მისცემს უკეთ დაგეგმოს თავისი საქმიანობა~, - ნათქვამია შემუშავებულ დოკუმენტში. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, დღეს მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით, პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინოს. მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს არა უგვიანეს სამი თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად, მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს ერთი თვის განმავლობაში, აცნობებს თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნისას, პრეზიდენტი დეკრეტით დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთ თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები – მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში. არჩილ კაიკაციშვილი
|