ნანახია: 483
ჩვენ უკვე შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის ქუჩის #5-ში ვცხოვრობთ
აჩუქეთ ბათუმს ან თბილისს 10 ათასი პალმა და თქვენი სახელი მიენიჭება ქუჩას, მოედანს, სკვერს, დაგიდგამენ ბიუსტს, ქანდაკებას, ძეგლს და უკვდავიც გახდებით
ვინ არის შეიხი ნაჰაიანი, რომელმაც 10 ათასი პალმა აჩუქა საქართველოს და თავად ნახევარი საქართველო გაიფორმა
ქართულ საზოგადოებას ეროვნული იდენტობის განცდა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუმძაფრა, როცა შერიფ ხიმშიაშვილისა და გიორგი ლეონიძის ქუჩების შეერთებამდე არსებულ მონაკვეთს ხეივნის სტატუსი მიენიჭა და ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის სახელი ეწოდა. როგორც წესი, არც ამჯერად გაუთვალისწინებიათ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი, ქუჩისთვის არაბი შეიხის სახელის მინიჭებისას. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ქუჩას სასტუმრო "შერატონის" მშენებელი თურქი ინვესტორის სახელი მიენიჭა. მაშინ თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ ეს ფაქტი ამ პიროვნების საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებით ახსნა. ბათუმის საკრებულომ მიღებული გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ არაბმა ბიზნესმენმა, ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანიმ საქართველოში 80-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო აჭარაში ქუჩისთვის სახელის დარქმევა რეგიონისთვის 10 ათასი პალმის ჩუქების შემდგომ პატივისცემის ნიშნად გადაწყდა, თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოება, უფრო მეტ არგუმენტს მოელოდა. ამ არგუმენტის რეალურობაც დიდ ეჭვს იწვევს, ბათუმში 10000 ახალი პალმა ნამდვილად არ დარგულა. ინტერნეტ-სივრცეში, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში არ წყდება დისკუსია ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, თუმცა პატრიოტიზმით გულანთებულ შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის ისტორიული კუთხისა თუ ქართველი კლასიკოსის, გიორგი ლეონიძის მემკვიდრეებს მთავარი ავიწყდებათ - მათ მიღებული გადაწყევტილება მხოლოდ შეიხისთვის მაამემბლური საქციელი ჰგონიათ და ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის უჩინო და რიგით პიროვნებათ წარმოჩენა თემის მიმართ შემგუებლურ განწყობასთან ერთად, იმ გარემოების გამომხატველადაც შეიძლება შეფასდეს, რომლის თანახამდაც, ქართულ საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებთან მიმართებაში, ობიექტური წარმოდგენა არ გააჩნია, ეს კი დახურული და კონტროლირებადი მედიის ლოგიკური შედეგიცაა. ვინ არის, რეალობაში, ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი და რა აკავშირებს მას საქართველოსთან, აპირებს თუ არა აჭარის მთავრობა, რომლსაც ბათუმის საკრებულომ თავისსავე "ისტორიულ" სხდომაზე საკუთრებაში გადასცა ბათუმის სანაპიროზე აწ ყოფილი ბუნგალოების ტერიტორია, არაბ შეიხს გადაულოცოს, რადგანაც ამ ადგილას 45-წლიანი სარგებლობის უფლებით გრანდიოზული გასართობი კონპლექსის მშენებლობა იგეგმება! რა კაპიტალის მფლობელია ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი და რა ცნობები არსებობს არაბი მილიარდერის შესახებ, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში, აჭარაში ჩამოსვლას ხელმეორედ გეგმავს და ახლა უკვე საკუთარი სახელობის ქუჩაზე ზაფხულის ხვატსაც შეიმსუბუქებს. შეიხი ნაჰაიანი არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო მინისტრი, აბუ დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, "იუნაითიდ ბენქ ლიმითედ"-ის და "ვარიდ ტელეკომ პაკისტანის" თავმჯდომარე და დირექტორი, ალ აინის უნივერსიტეტის რექტორი და აბუ დაბის ტექნოლოგიის უმაღლესი კოლეჯის პრეზიდენტია. იგი, გარკვეული პერიოდის მანძილზე, აგრეთვე თავმჯდომარეობდა პაკისტანის `ალფალა ბანკის” კორპორაციას, ხოლო ამჟამად ხელმძღვანელობს არაბეთის გაერთიანებული ემირატების კერძო ჰოლდინგურ უდიდეს საინვესტიციო კომპანიას Abu Dhabi Group-ს. აღნიშნული ჰოლდინგი მოიცავს მრავალფეროვან ბიზნეს-ინტერესებს, მათ შორის: ტურიზმის ინდუსტრია, მშენებლობა, უძრავი ქონება, დეველოპმენტი და მართვა, წარმოება, კომპანიების წარმომადგენლობა, საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური მომსახურება. ჯგუფი, თავისი საერთაშორისო ინვესტიციების გამოცდილების საფუძველზე, აფართოებს ინვესტიციებს ფინანსურ საქმიანობაში აუთვისებელ, განვითარებად ბაზრებზე. ამტომაც, მძლავრი ფინანსური რესურსის მეშვეობითა და მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობთ, ჯგუფი კომერციულად გახდა წარმატებული, აქტიურად ჩაერთო საინვესტიციო საქმიანობაში, როგორც დსთ-ს სახელმწიფოებში, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პაკისტანი, ავღანეთი, ბანგლადეში, ირანი, უგანდა, საქართველო, კონგოს რესპუბლიკა და სხვა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, ჯგუფის პორტფელის საბაზრო ღირებულება 10 მლრდ. დოლარს აღემატება. საინვესტიციო ჯგუფმა Abu DhabiGroup-მა ქართულ ბაზარზე მუშაობის ინტერესი 2008 წლის თებერვლიდან დაადასტურა. ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი მოწვევით, თებერვლის დასაწყისშივე გაიმართა. შეიხის თქმით, მან მოწვევა მიიღო, რათა სტუმრად ჩამოსულიყო ამ ქვეყანაში და პირადად დარწმუნებულიყო იმ სოციალურ-დემოკრატიულ ცვლილებებში, რომლებიც ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელდა. (სავარაუდოა, შეიხს "დემოკრატია" ძალიან აინტერესებს და საქართველო საემიროებთან შედარებით დემოკრატიის სამოთხედ ესახება.) "საქართველო სხვა სახელმწიფოებისთვის განვითარების მოდელი გახდა და მან აჩვენა, როგორ შეიძლება ასეთი წარმატებული განვითარების მიღწევა მოკლე ვადაში" - განაცხადა ვიზიტისას შეიხმა. ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის თქმით, მას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინვესტირების დიდი ინტერესი აქვს. მანვე აღნიშნა, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, საქართველო არაბეთის გაერთიანებული ემირატებისთვის ის ცენტრია, საიდანაც ინვესტიციების გადადინება მოხდება ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. Abu Dhabi Group-მა საქართველოში მაშინვე დაიწყო რამდენიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელება. იანვარში კომერციულმა "კორბანკმა" საქართველოში საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზია მიიღო. ამ პროექტში, ინვესტიციებმა უკვე 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "კორბანკზე" საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად #0110245 ლიცენზია გასცა. 2008 წლის 26 ივნისს მოხდა "სტანდარტ ბანკისა" და "კორ ბანკის" შერწყმა. ბანკმა შეიცვალა სახელწოდება და მას უკვე "კორ სტანდარტ ბანკი" დაერქვა. 2008 წლის მარტშივე "სტანდარტ ბანკის" აქციების 100% "კორ ბანკმა" შეიძინა, რომლის დამფუძნებელიც შეიხის საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფი" გახდა. ბანკმა საქმიანობა 2008 წლის მარტშივე დაიწყო და საქართველოში მოქმედი 21-ე კომერციული ბანკი გახდა. ამასთან, 2007 წლის ნოემბერში Abu Dhabi Ghroup-ის შვილობილმა კომპანიამ warid telecom-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან კომუნიკაციების რეგულირების შესაბამისი ლიცენზია მიიღო WIMAX-ის ტექნოლოგიაზე სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ამ ბიზნესის განვითარებაში, 80 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების ჩადება დაიგეგმა. აგრეთვე, ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში კიდევ ერთ ინვესტიციას ახორციელებს. ესაა თბილისში მენებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი "კემპინსკი." რომელმაც ბევრი ხილული თუ უხილავი მეპატრონე გამოიცვალა და დღეს ნომინალურად და იქნებ რეალურადაც "დაბი ჯგუფს" ეკუთვნის. სასტუმროს მშენებლობის პროექტის ბიუჯეტის ღირებულება 200 მლნ დოლარს შეადგენს და 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. როგორც ჩანს, ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის საქართველოსადმი ინტერესი დიდია. ამჟამად არაბი შეიხი საქართველოს დარჩენილი შავიზღვისპირეთის - აჭარის ათვისებას შეეცდება. აი, რა განუცხადა საკითხის შეფასებისას ჟურნალისტს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ. "თქვენ თბილისიდან მირეკავთ, სადაც გაქვთ ბუშის ქუჩა. ამიტომაც ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ცოცხალი ადამიანის სახელის დარქმევა ქუჩისთვის არ შეიძლება. კანონში ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა, რომ ქუჩებს ცოცხალი ადამიანის სახელი დავარქვათ. მინდა ისიც დავაზუსტო, რომ ქუჩას კი არ დაერქვა შეიხის სახელი, ეს ქუჩა არ არის და შესაბამისად, შეიხის #5-ში არავინ იცხოვრებს, ეს არის ქუჩის გამყოფი ზოლი, რომელზეც განთავსებულია პალმები. ეს პალმები, რომლებიც საკმაოდ ღირებულია, ამ შეიხმა საქართველოს აჩუქა. ამასთანავე, არის კარგი ადამიანი, რომელსაც, თუ არ ვცდები, დედაქალაქშიც დაწყებული აქვს ინვესტიციები. ყოველივე ამის გამო, მის მიმართ პატივისცემა გამოვხატეთ". - ამბობს კირთაძე. ბატონო გიორგი, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ შეიხის #5-ში. ნუთუ პალმების ჩრდილში ამას თქვენ ვერ გრძნობთ?!
არჩილ კაიკაციშვილი
|