ნანახია: 741
რას შეეწირა ხელისუფლებასთან დაახლოეუბლი "მათე მოტორსის" დამფუძნებული
ბარკალაიას დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, "ვეფხვი და მოყმესთან" მშენებარე ხიდისთვის ტერიტორიის არდათმობა გახდა
კომპანია "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია 12 ივნისს დააკავეს და მას საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც ქრთამის მიცემას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულის ადვოკატის ინგა არახამიას განცხადებით, დაცვის მხარემ სასამართლოს ეჭვმიტანილის გათავისუფლება 200 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ითხოვა, თუმცა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღმკვეთი ღონისძიება ბარკალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივნისს შეუფარდა. ეს ის ბარკალაიაა, 30 მაისს გამართული არჩევნების წინ, დიღომში, "მათე მოტორსის" ოფისის წინ ყვავილებით "მე მიყვარს თბილისის" ლოგო და დიდი ხუთიანი რომ დაახატინა. მაშინ ბარკალაიას ეს საქციელი ოპოზიციამაც გააპროტესტა, მაგრამ "მათე მოტორსის" გენერალური დირექტორისგან შემდეგი პასუხი მიიღო: "მე ვემხრობი ნაციონალური მოძრაობის კურსს, ტერიტორია ჩემია და აქ რასაც მინდა, იმას გავაკეთებო". საინტერესოა, რა მოხდა ასეთი არჩევნებიდან 2 კვირაში, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ციხისთვის გაიმეტეს. ბარკალაია ბიზნესსაქმიანობას ჯერ კიდევ 2001 წლიდან იწყებს, როცა სატელიტური ანტენების შემოტანა დაიწყო. ამის შემდეგ ბარკალაიამ დაცვის სამსახური გახსნა სანაპიროზე. ბოლოს კი ბრალდებულმა "მათე მოტორსი" დააარსა და ქვეყანაში "მიცუბიშის" და "ნისანის" მარკის ყველგანმავლების და "პიკაპების" შემოყვანა და გაყიდვა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თვეში დაახლოებით 150 ახალი ავტომობილი შემოჰყავდა და მათი რეალიზაციით საკმაოდ სერიოზულ მოგებასაც იღებდა. იგი ხშირად იღებდა მონაწილეობას ტენდერებში და ამით სერიოზულ მოგებებსაც ნახულობდა. მაგალითისთვის "მათე მოტორსის" ჩამოყვანილია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კუთვნილი "პიკაპები". ბრალდების თანახმად, სწორედ ტენდერის მოგებისთვის იხდიდა იმ ქრთამს, რაც მისი დაკავების საბაბი გახდა. ბარკალაიას რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, ფაქტია, მაგრამ უცნობია, თუ რა გახდა მიზეზი მისი დაკავებისა. კულუარული ინფორმაციით კი ბარკალაიას დაკავების მიზეზი ის ხიდი გახდა, რომლის მშენებლობის შესახებაც დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა საკრებულოს პირველივე სხდომაზე ამცნო საზოგადოებას. საქმე ეხება "ვეფხვი და მოყმესთან", მტკვარზე, ახალი ხიდის გადებას, რომელიც, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიასაც საჭიროებს, რომელზეც ბარკალაიას საკუთარი კომპანია აქვს განთავსებული. როგორც ჩანს, პოლიციის ყოფილმა პოლკოვნიკმა ბარკალაიამ ტერიტორიის დათმობაზე უარი განაცხადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.
გიორგი შუბლაძე
|