ნანახია: 580
12-13 ივნისს, თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე თბილისის ლუდის ფესტივალი გაიმართა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი მსგავსი და მასშტაბური ღონისძიება გახლდათ. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგი კომპანია ნატახტარის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალის ოფიციალური ცერემონიალი, რომელიც ალვანელმა თუშმა გახსნა, ვარდების რევოლუციის მოედანზე გაიმართა. ოფიციალური ცერემონიალის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე კოსტიუმირებული აღლუმი გაიმართა, ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლუდის ფესტივალი, სადაც ყველა მსურველს უფასოდ შეეძლიო მოხვედრა, უამრავი გასართობი და საინტერესო კომპონენტისგან შედგებოდა. ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სცენა, სადაც ცნობილი ქართული ჯგუფების მონაწილეობით ცოცხალი კონცერტი გაიმართა. ჩატარდა სხვადასხვა სახის შეჯიბრები ლუდის სმაში, გამარჯვებულების დაჯილდოვება ფეერვერკების ფონზე მოხდა. ფესტივალის დროს, ასევე, მოეწყო მსოფლიოს ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება, ბერიკების წარმოდგენა, მოძრაობის თეატრის პერფორმანსები, მუდმივი მუსიკალური გაფორმება და სხვა სახის სიურპრიზების მოწყობა სტუმრებისთვის. ტერიტორიაზე განლაგებული იყო 5 სხვადასხვა ქართული, ბრიტანული, ბავარიული, ჰოლანდიური და ჩეხური სამზარეულოს კუთხეები, სადაც მომსვლელებს ლუდზე მოსახდენი კერძების დაგემოვნება შეეძლოთ.
|