ნანახია: 1295
თბილისის ერთ-ერთი კულტურული ღირშესანიშნაობა "მშრალი ხიდი", უკვე რამდენიმე წელია ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებისა და ძველი ანტიკვარული ნივთების გამოფენა-გაყიდვის ადგილად იქცა. მშრალი ხიდი არქიტექტორ, ჯოვანი სკუდერის პროექტით, 1848-1885 წლებში ააგეს. ეს ადგილი იმდროიდანვე ითვლებოდა თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ ღირშესანიშნაობად. დღეს კი "მშრალი ხიდი" ერთგვარი გალერეაა, სადაც ხელმოკლე ადამიანები თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებითა და ანტიკვარული ნივთების გაყიდვით ირჩენენ თავს. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე და ომისშემდგომ სიტუაციაში, მთელი ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. მდგომარეობა მშრალი ხიდის მოვაჭრეებზეც აისახა. ხელოვნების ნიმუშებზე ფასები მთელს მსოფლიოში შემცირდა. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილ საქონელზე ფასებიც შემცირდა და მოთხოვნაც. ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეჭირვებულ მოსახლეობას აიძულებს ლუკმა-პურის საშოვნელად ბაზრობებზე გავიდნენ, მეორე მხრივ კი არსებული კრიზისი მათ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. "მშრალ ხიდთან" გამართულ გამოფება-გაყიდვებზე ფიქსირებული ფასი თითქმის არ არსებობს. აქ ფასები მყიდველსა და გამყიდველს შორის ზეპირსიტყვიერი გარიგების შედეგად დგება. ამიტომ ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შეძენა ხანდახან თვითღირებულებაზე ნაკლებად შეიძლება. "მშრალ ხიდზე" ანტიკვარული ნივთები ძირითადად ოჯახებიდან ხვდება. "ჩვენ იძულებულნი ვართ, ლუკმაპურის საშოვნელად, ნივთები ძალიან იაფად გავყიდოთ. აქ ზუსტ ფასებს ვერ გაიგებ. შეიძლება, მე რაღაც ნივთი 5 ლარად გავყიდო, შემდეგ კი იგივე ნივთი 50 ლარად გაიყიდოს", - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე. "მშრალ ხიდზე" გამოფენილ ნივთებს ძირითადად უცხოელები ყიდულობდნენ. თუმცა ომის შემდგომ, ტურისტების რაოდენობის შემცირების კვალდაკვალ, მშრალი ხიდის მოვაჭრეების საქონელზეც შემცირდა მოთხოვნა. საახალწლოდ "მშრალი ხიდის" საქონელზე მოთხოვნა ყოველთვის იმატებდა. დღევანდელ სიტუაციაში კი ვითარება ვერც ახალმა წელმა გამოასწორა. "ხალხს უბრალოდ ფული არ აქვს და არც არავის სცხელა ანტიკვარული ნივთებისთვის", - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე. ფინანსურმა კრიზისმა აქაურ მოვაჭრეებს სხვა კუთხითაც შეუქმნა პრობლემები. მათი უმრავლესობა საქმიანობას საბანკო კრედიტების დახმარებით ახერხებდა. დღეს, როცა კრედიტების აღება უკიდურესად გართულდა და არც ჩვეულებრივად საქმიანობა იძლევა იმდენ მოგებას, რომ მოვაჭრეებმა თავიანთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად ფულადი რესურსები მოიპოვონ. აქ მოვაჭრე ადამიანების საქმიანობის ყოფნა არყოფნის საკითხი დგება. მოვაჭრეების განცხადებით, თუ მათთვის საბანკო კრედიტები ისევ გახდება ხელმისაწვდომი, საქონლის ასორტიმენტსაც გაზრდიან და შესაბამისად, შემოსავალსაც. "მშრალი ხიდის" მოვაჭრეებთან გასაუბრებისას ერთი საინტერესო ფაქტი დავაფიქსირეთ. აქ წარმოდგენილ საქონელს შორის ყველაზე სტაბილურად მაღალი მოთხოვნა სხვადასხვა დანიშნულების "პულტებზეა". ეს, ერთი შეხედვით, სასაცილო მოვლენა, ცრემლისმომგვრელი დასკვნის საშუალებას იძლევა. თანამედროვე ხელოვნება უფრო იაფია, ვიდრე ტელევიზორის პულტი.
გვანცა ზავრაშვილი
|