ნანახია: 520
მობილური ოპერატორების შემოსავლის ზრდის პარალელურად, კომისიის თანამშრომელთა ხელფასებიც ასტრონომიულად იზრდება
2008 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის 65% თანამშრომელთა ხელფასებზე დაიხარჯა
მარეგულირებლის თანამშრომლის წლიური საშუალო ხელფასი მინიმალურ პენსიას 40-ჯერ აღემატება
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფების სიძვირის თემა და მასთან დაკავშირებით ამ სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა. უკვე თითქმის აღარავინ დავობს იმაზე, რომ საქართველოში მობილურით საუბარი, სიძვირით, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ამასთან, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე რომ ჯანსაღი კონკურენციის სერიოზული ნაკლებობაა, ამას ქართველი მოქალაქეების უმეტესობაც ნათლად ხედავს. აღნიშნული პრობლემები და ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში არსებული მძიმე სიტუაცია კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ კვლევამ, რომლის თანახმადაც, საქართველო ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფების სიძვირით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად საზოგადოებაში არსებული დიდი პროტესტისა, ამ სექტორის მარეგულირებელი ნაკლებად ახდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატურ რეაგირებას. კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მოსახლეობაში უარყოფითი მუხტის გასანელებლად, ერთი თვე აცხადებდა, რომ მან იცის ბაზარზე არსებული სიტუაცია, იცის, რომ ტარიფები მაღალია და ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ბაზარზე ირიბი ზეგავლენის მქონე ერთ-ერთ მექანიზმს, ურთიერთჩართვის ტარიფს შეამცირებს, რამაც ბაზარზე საცალო ტარიფის პირდაპირი შემცირება უნდა გამოიწვიოს. მარეგულირებელმა, მართლაც, შეამცირა ურთიერთჩართვის ტარიფი მთელი 6,8 თეთრით და განაცხადა, რომ საცალო ბაზარზე მობილურით საუბრის გაიაფებას დაახლოებით სექტემბრისთვის უნდა ველოდოთ. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, კომისიის ამ განცხადებიდან მეორე დღესვე ფიჭურმა ოპერატორებმა ერთიმეორის მიყოლებით უარყვეს მობილურზე შესაძლო ფასების შემცირების პერსპექტივა. კომისია `არ დაიბნა" და მისი პოზიცია მსწრაფლ შეცვალა - `ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებამ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფი გააიაფოს, თუმცა ეს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების გადასაწყვეტია და მარეგულირებელი კომისია ამაში ვერ ჩაერევა". ასეა თუ ისე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერვე ჩატარებული კვლევით ნათლად წარმოჩინდა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მონოპოლისტები არიან, კვლავ არ აპირებს კომპანიებისთვის რაიმე ვალდებულებების დაწესებას და მათ მოსახლეობის ძარცვის ნებას `ალალად~ აძლევს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ პრეტენზიები არაერთხელ გამოთქმულა, საზოგადოებისა თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ასევე ბევრია ისეთი კვლევების რაოდენობაც, რომლებიც მარეგულირებლის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ერთ-ერთი ასეთია `ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის~ მიერ განხორციელებული კვლევა, რომელშიც 2005 - 2007 წლების კომისიის დაფინანსებაა გაანალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომისიის მუშაობის ობიექტურობა ხშირად სწორედ მისი დაფინანსების სტრუქტურის გამო დამდგარა. მარეგულირებელი მისივე რეგულირებული კომპანიების შემოსავლებიდან ფინანსდება და უნდა აღინიშნოს, რომ არცთუ მცირე ხელფასებს უხდიან კომპანიები კომისიის თანამშრომლებს. შესაბამისად, წარმოიქმნება პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მარეგულირებელი ორგანო პირდაპირაა დაინტერესებული, რომ მისმა დამფინანსებელმა კომპანიებმა მაღალი მოგება მიიღონ და შესაბამისად, მისი დაფინანსებაც გაიზარდოს. ამ ეჭვს ისიც აღრმავებს, რომ კომუნიკაციების სფეროში შემოსავლების სიდიდის მიხედვით, ფიჭური კავშირგაბმულობა ბევრად აღემატება სხვა სექტორებს. 2008 წელს ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრის მთლიანი შემოსავლის 63.3%-იანი წილი მობილურ კომუნიკაციაზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებელი უკანასკნელი რამდენიმე წელია პრაქტიკულად არ შეცვლილა. იგი 2003 წელს 58%-ს, 2005 წელს - 60%-ს, ხოლო 2006 წელს 65%-ს შეადგენდა. მობილური კომუნიკაციების სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების საერთო შემოსავალი 2008 წელს წინა წელთან შედარებით 126,226 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის 2008 წლის ბიუჯეტის 63% სწორედ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებმა შეავსეს. აქედან გამომდინარე, კომისია პირდაპირაა დაინტერესებული, რომ მობილურმა ოპერატორებმა მაღალი მოგება მიიღონ, შესაბამისად, მაღალი ტარიფებით იმუშაონ, რითაც შემდგომ, მათ მარეგულირებლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი უნდა შეავსონ. მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ბოლო წლებში, როგორ მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორ იზრდება მისი თანამშრომლების ხელფასები წლიდან-წლამდე, კომპანიების შემოსავლების ზრდის პარალელურად. განვიხილავთ მოკლედ, თუ რა დაფინანსებაზე მუშაობს ეს ორგანო. კომისიას საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი, რომელიც სულ 9 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება. სულ კომისიაში 2006 წლისთვის, ადმინისტრაციული პერსონალის ჩათვლით, 69 თანამშრომელი მუშაობდა, ხოლო 2009 წლისთვის, მათი რაოდენობა 7 ერთეულით გაიზარდა.
კომისიის ბიუჯეტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების უმთავრესი წყაროა რეგულირების საფასური, რომელსაც იხდიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს რეგულირების სფეროში საქმიანობის მწარმოებელი კომპანიები (ზოგიერთი დაწყებამდე, ზოგიერთი – დაწყების შემდგომ, პერიოდულად). რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/ და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. `დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით, კომისიის მიერ რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. ამასთან, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისგან, ასევე, ფინანსური აუდიტის მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯებისგან. თუ გავაანალიზებთ კომისიის ბოლო წლების ბიუჯეტებს, იკვეთება შემდეგი საინტერესო ტენდენციები: კომისიის ჯამური შემოსავლების მოცულობა გარკვეული უთანაბრობით ხასიათდება და მას წინა წელთან შედარებით ზოგიერთ წელიწადს ზრდა, ხოლო ზოგიერთ წლებში შემცირება ახასიათებს. მარეგულირებლის შემოსავლების დაგეგმვასთან დაკავშირებით არსებობს პროგნოზირების პრობლემა და მუდმივად ხდება დაგეგმილ შემოსავლებზე გაცილებით მეტის მიღება, რაც, შესაბამისად, კომისიას ხარჯების გაზრდის საშუალებას აძლევს. მაგ. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს კომისიამ დაგეგმილზე 54,2%-ით მეტი შემოსავლები მიიღო, მომდევნო წელს წინა წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლები დაგეგმა. კომისიის შემოსავლების მოცულობიდან გამომდინარე, მას მუდმივად რჩება დაუხარჯავი თანხა (ე.წ. გარდამავალი ნაშთი). 2006 წლისთვის, გარდამავალმა ნაშთმა დაგეგმილი ბიუჯეტის 75,5% შეადგინა. მიუხედავად გარდამავალი ნაშთის მოცულობისა, კომისია არ ახორციელებდა რეგულირების საფასურის გადახედვას შემცირების მიმართულებით, არადა ეს მის პირდაპირ ვალდებულებას განეკუთვნებოდა. კომისიის ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი შრომის ანაზღაურებაზე და ძირითადი საშუალებების შეძენაზე იხარჯება. 2005 წელს ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯების 39% შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა, 2006 წელს - 38,7%, 2007 წელს - 49%, ხოლო - 2008 წელს - 65% ანუ ბიუჯეტის ნახევარზე მეტი. 2005 წელს ძირითადი საშუალებების შეძენაზე დაიხარჯა ბიუჯეტის 32,9%, 2006 წელს - 39,4%, 2007 წელს - 36,2%; ხოლო 2008 წელს - 3%, ანუ ფაქტობრივად ძირითადი საშუალებების შეძენაზე 2008 წელს წინა წელთან შედარებით 2,006 მლნ. ლარით ნაკლები იქნა გათვალისწინებული და ისიც 18%-ით, 37,953 ლარით ნაკლები დაიხარჯა, თუმცა ბიუჯეტის ხარჯები დიდად არ შემცირებულა, რაც პირდაპირ ხელფასების ზრდაზე აისახა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2005 წელს კომისიაში 69 თანამშრომელი მუშაობდა და შრომის ანაზღაურებაზე გაიცა 19 95,1 ათასი ლარი, საშუალოდ ერთ დასაქმებულზე წლის განმავლობაში გაცემულია 28 914,5 ლარი, რაც ყოველთვიურად 2 409,5 ლარს შეადგენს. 2008 წლისთვის მოხდა თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა, თუმცა, ამის კვალობაზე 2007 წელს საკმაოდ გაიზარდა სახელფასო ფონდის მოცულობაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პერიოდში კომისიაში 76 თანამშრომელი მუშაობდა და შრომის ანაზღაურებაზე გაიცა 3 069,0 ათასი ლარი, საშუალოდ ერთ დასაქმებულზე წლის განმავლობაში გაცემულია 40 381,5 ლარი, ყოველთვიურად 3 65,1 ლარს შეადგენს. სახელფასო ფონდი საგრძნობლადაა გაზრდილი 2008 წელსაც და 3 495,397 ათას ლარს შეადგენს, რაც საშუალოდ ერთ დასაქმებულზე მთელი წლის მანძილზე 45 992 ლარი გამოდის, საშუალოდ ყოველთვიურად კი 3 832 ლარია, რაც, თავის მხრივ, 48-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში არსებული მინიმალური პენსია. აქ გასათვალისწინებელია, რომ დაბალი რანგის მოხელეები ხელფასები 1000 ლარს არ აღემატება, ხოლო მაღალი რანგისა 4 000 ბევრად აჭარბებს. კომისიის ბიუჯეტში მუდმივად გადახარჯვას აქვს ადგილი სამივლინებო თანხებში და ის სულ მცირე, 50%-ით მეტია დაგეგმილზე. ამ მხრივ გამონაკლისია 2008 წელი, როცა სამივლინებო ხარჯები გათვალისწინებულზე 22,1% ნაკლები იქნა გახარჯული. ყოველ წელს გადახარჯულია ასევე კომუნიკაციის, ელ.ენერგიის, გაზისა და წყლის ხარჯები. როცა წინა წელს კომისიას არ ჰყოფნიდა ხარჯები, გადახარჯვას ჰქონდა ადგილი და მომდევნო წელს წინა წლის ფაქტიურ ხარჯებზე ნაკლები მოცულობით გეგმავდა; ეს, უბრალოდ, ცუდ დაგეგმვაზე მიუთითებს.
საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა "დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს ფინანსურ აუდიტს დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით. კომისია საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს 2005, 2006, 2007, 2008 წლების საქმიანობის ანგარიშები, რომელთაგან 2007 წლის ანგარიშს არ ახლავს აუდიტის დასკვნა. 2005, 2006 და 2008 წლების ანგარიშებზე თანდართული დასკვნები არაინფორმატიულია და მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს. აუდიტის დასკვნებში არ ჩანს ის აშკარა შენიშვნები, რომლებიც, წესით, დამოუკიდებელ აუდიტორს უნდა მიეთითებინა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თვის (რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.) კომისიის ფინანსების ანალიზის ჩატარებისას. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომისიას 2009 წლის საქმიანობის შედგები ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული.
კომისიის შეზღუდულობა ანუ საკუთარ თავთან ჭიდილი საკმაოდ საინტერესო მექანიზმთან გვაქვს საქმე, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იხილება დავა ორ კომპანიას შორის (სერვისის მიმწოდებელი კომპანიები). რადგანაც დავა კომისიაში იხილება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოდავე მხარეები კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას ახორციელებენ და შესაბამისად, კომისიას უხდიან რეგულირების საფასურს. როცა სასწორზე დიდ კომპანიასა და შედარებით მცირე კომპანიას შორის სადავო საკითხი დევს, ალბათ, ძნელად თუ მიიღებს კომისია მცირე კომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილებას შედარებით დიდი რეგულირების საფასურის გადამხდელი კომპანიის საზიანოდ. ეს, როცა დავა ორ კომპანიას შორისაა და წარმოიდგინეთ, როდესაც დავა მსხვილ კომპანიასა და უბრალო მომხმარებელ შორის მიმდინარეობს, კომისია კიდევ უფრო ნაკლებსავარაუდოა, რომ კომპანიის წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ ამ კომპანიის გადახდილი თანხით ხდება კომისიის ბიუჯეტის შევსება. შესაბამისად, ნათელია, თუ რატომ აძლევს კომუნიკაციების კომისია მობილურ ოპერატორებს არაადეკვატურად მაღალი ტარიფით ოპერირების საშუალებას მთელი 15 წლის მანძილზე, რადგან სწორედ ეს კომპანიები ახდენენ მარეგულირებლის თანამშრომლების ხელფასების და პრემიების 65%-ით უზრუნველყოფას.
მერაბ ჯანიაშვილი
|