ნანახია: 642
"ხელისუფლების მიზანია, როგორმე უსახლკაროდ დაგტოვოს"
პირველი იანვრიდან ყველა მოვალეს, რომელიც სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, ვალს კანონით დადგენილ 7 დღიან ვადაში არ გადაიხდის, ქონება ჩამოერთმევა და მხოლოდ ერთი თვის სამყოფ საკვებს, საწვავს და სანათ საშუალებებს დაუტოვებენ. ამასთან, სააღსრულებო კანონში განსაზღვრულია იმ მატერიალური და არამატერიალური ქონების ჩამონათვალი, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასეთია პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთი, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი საქმიანობის, ცხოვრების და საოჯახო მეურნეობისთვის. იუსტიციის სამინისტროში კი ამ ფონზე განმარტავენ, რომ აღსრულების ახალი სისტემა კრედიტორთა ინტერესის დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის დანერგვის მიზნით შემოიღეს. ხოლო როდესაც ასეთი მარაგი არ არსებობს, მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყადაღა არ ედება. ყადაღა არ დაედება წვრილფეხა საქონელსაც. თუ გაქვთ ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე აღებული ვალი, მაგრამ არ გაქვთ თქვენს სახელზე დარეგისტრირებული არანაირი კერძო საკუთრება, გულს მაინც ნუ დაიმშვიდებთ: კანონი მკაცრია და იძულებითი აღსრულების პროცესს ხანდაზმულობის ვადა აქვს - "მოვალეთა რეესტრში" მოვალე მანამდე დარჩება, სანამ ვალს არ გადაიხდის. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლებას აძლევს. პერსპექტივა კი, რომ "მოვალეთა რეესტრში" საქართველოს ათასობით მოქალაქე მოხვდება, ძალიან დიდია.
არის თუ არა ესა თუ ის იურიდიული ან ფიზიკური პირი მოვალეთა რეესტრში, ამის გაგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძლება. ამისთვის კი აღნიშნული პირის პირადი ნომერი ან საინდენტიფიკაციო კოდი უნდა იცოდეთ. ვალის მოცულობა კი ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო დააყადაღებს, შემდეგ დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება. ამ დროისთვის მოვალეთა რეესტრში 600-ზე მეტი ადამიანის მონაცემია. ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოვალეთა რეესტრის არსებობა ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მათივე მტკიცებით, უცხოელი ინვესტორი, რომელმაც იცის, რომ ქვეყანაში ასეთი სამსახური არ არის, ინვესტიციის განხორციელებისგან თავს შეიკავებს. ექსპერტები ამბობენ, რომ სირთულეები შეექმნა საბანკო სისტემასაც. ხელისუფლება კი სწორედ იმიტომაა ქვეყანაში, რომ ტრაგიკულ ვითარებაში გამონახოს და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლება კი ცინიკურად აცხადებს, რომ არ ერევა ასეთ პროცესებში. ქილიკობს კიდეც ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელისუფალთა ქმედებების გამო, რომლებმაც სახელმწიფო რესურსი ჩართეს ამ პრობლემის მოგვარებაში.
"რას ქვია, ქონებას დამიყადაღებს? საბანკო კრედიტის პროცენტში დევს ეს რისკი და სწორედ ამის გამო ვიხდი პროცენტს. ხელისუფლება რატომ იღებს საკუთარ თავზე ბანკის რისკს და რატომ არ მიცავს მე, მოქალაქეს?" – აცხადებს ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი.
რაც შეეხება ქონების აუქციონზე ნახევარ ფასად გაყიდვის წესს, ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ესეც უსამართლობაა, რადგან ბანკის სპეციალისტები ქონებას კრედიტის გაცემის დროს აფასებენ და იმაზე მეტ ქონებას დებენ, ვიდრე სესხს გასცემენ. ახლა კი ამბობენ, რომ ეს ქონება ნახევარ ფასად უნდა გაყიდონ. "თუ ბანკს შეეშალა, შენ სახელმწიფო რომ ხარ, რატომ არ დგახარ შენი მოქალაქეების გვერდით? როცა პრივატიზაციებს ატარებენ, თუ არ უნდათ, ათჯერაც რომ გაიტანონ ქონება გასაყიდად, მაინც არ ამცირებენ ფასს და ამ საცოდავ ხალხს ეუბნებიან, რომ ქონება ნახევარ ფასში უნდა გაუყიდონ. ხელისუფლების ერთადერთი მიზანია, როგორმე უსახლკაროდ დაგტოვოს. ბანკს არ შეიძლება უნდოდეს ნახევარ ფასში ქონების გაყიდვა, პირიქით – მას სურს, რაც შეიძლება მაღალ ფასში გაყიდოს იგი, მაგრამ ხელისუფლება ეუბნება: თქვენ ორმაგი თანხა უნდა ამოიღოთ, ნახევარი თქვენთვის, ნახევარი ჩვენთვისო", – აცხადებს ჯავახიშვილი.
ექსპერტები ამას საზოგადოების დატერორების კიდევ ერთ მექანიზმად აფასებენ და აცხადებენ, რომ აქ პირდაპირ ჩადებულია უსამართლობა, როცა წერია, რომ სახელმწიფო ორგანოები მოვალეთა სიაში არ მოხვდებიან. ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ სახელმწიფო ორგანოებს ბევრი მეწარმის, იურიდიული თუ ფიზიკური პირის საკმაოდ დიდი ვალი აქვთ. განა სახელმწიფო ვალი არ არის ის ანაბრები, რომლებიც მოქალაქეებმა ბანკებში შეიტანეს და არ აბრუნებენ?... აი, ასე! საქართველოს ასიათასობით ულუკმაპურო, უსამსახურო და უფულო მოსახლეობას, ახლა უკვე უსახლკარონიც შეუერთდებიან.
ნინო თამაზაშვილი
|