ნანახია: 612
წელიწადნახევარია, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას ფონდი "ქართუ" აფინანსებს და ასრულებს. სამუშაოების დაწყების წინ ითქვა, რომ რემონტი 2 წელში დასრულებოდა და რომ 2010 წლის სექტემბრისთვის ის უკვე გაიხსნებოდა. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, სამუშაოები კიდევ წელიწადნახევარი არ დასრულდება. ამ დროის განმავლობაში არ შეჩერებულა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გაიყიდა, რომ ის უცხოელებმა იყიდეს და რემონტის შემდგომ მასში სასწავლო პროცესი აღარ განახლდება. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ეს ისტორიული შენობა რეკონსტრუქციას უკვე აღარ ექვემდებარებოდა და რომ იმდენად იყო დაზიანებული, მისი ძირითადი ნაწილის ჩამონგრევა ნებისმიერ წამს შეიძლებოდა. ჩვენ ამ ყველაფრის გასარკვევად უნივერსიტეტის პრესსამსახურს მივმართეთ. მათ კი, თავის მხრივ, ფონდ "ქართუში" გადაგვამისამართეს იმ მიზეზით, რომ სამუშაოებს ისინი ასრულებდნენ და მათ არაფერი იცოდნენ. "ქართუში" კატეგორიული უარი განმიცხადეს ყოველგვარ ინტერვიუზე და მირჩიეს ისევ უნივერსიტეტში მეძებნა ისეთი პიროვნება, რომელიც კითხვებზე პასუხს გამცემდა. თან ამიხსნეს, რომ ეს მათი პოლიტიკაა, საკუთარ საქმეებზე თავად არ საუბრობენ და ურჩევნიათ მათ ნაცვლად სხვამ ისაუბროს (საინტერესო პოზიციაა, ვერაფერს იტყვი!) საბოლოოდ, უნივერსიტეტშიც მოიძებნა საქმის კურსში მყოფი ადამიანი და ჩემს კითხვებს თავად უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი ხუბუამ უპასუხა:
- როდის დაიწყო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რესტავრაცია და რა გაკეთდა დღემდე?
- პირველი კორპუსის რესტავრაცია უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს. დროის ამ მოკლე პერიოდში შესრულდა ძალზე სერიოზული სამუშაოები. პირველ რიგში, ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. სამწუხაროდ, კორპუსს დასჭირდა გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარება. შენობის ზოგიერთი ნაწილი ავარიული აღმოჩნდა. ეს ეხება ჩრდილოეთის მთლიან ფასადს და საძირკველს. საძირკველი შენობის მთელ პერიმეტრზე გამაგრდა, თუმცა, ეს პროექტში გათვალისწინებული არ იყო. ასევე გამაგრდა შენობის მთავარი ნაწილი, რომელიც მიწისძვრების შემდეგ ყველაზე დაზიანებული იყო. ამ ნაწილში მომავალში უნივერსიტეტის მუზეუმი განთავსდება. შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე იმ დონემდეა მიყვანილი, რომ მხოლოდ შეღებვაღა დარჩა. ამავდროულად, შენობას დაუბრუნდა თავისი ისტორიული იერსახე, ყოველგვარი მიშენება, რომლებიც ამახინჯებდნენ შენობის შიდა ინტერიერს, მოიშალა. მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები, იატაკი, გათბობის სისტემა, გაყვანილობა. ჩვენ გვეგონა, რომ ფასადის შეკეთება მცირე დროს მოითხოვდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მთლიანად უნდა იქნას რეკონსტრუირებული. ფასადის ზედაპირი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ხელის შეხებითაც კი იშლებოდა, ამიტომ მშენებლები საფარს აგურამდე მოაცილებენ და შემდგომ ისევ დაუბრუნებენ თავის პირვანდელ სახეს. მოკლედ რომ ვთქვათ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სახურავიდან დაწყებული საძირკვლის გამაგრებით დამთავრებული ყველაფერი შეიცვალა. ასეთი მასშტაბური სამუშაოები შენობაში მისი აშენების დროიდან არ ჩატარებულა. მე ვთვლი, რომ მუშაობის ტემპით ნამდვილად კმაყოფილები უნდა ვიყოთ.
- სირთულეები ახსენეთ, რა სირთულეებს წააწყდით მუშაობის პროცესში და თუ მოხერხდა მათი დაძლევა? როგორც გავიგეთ, საკმაოდ დაზიანებული იყო გუმბათი და მისი გამაგრება ჭირდა
- გუმბათი შენობის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო, თუმცა ამავე დროს უნივერსიტეტის ყველაზე ლამაზი და ეფექტური ნაწილი. მისი გამაგრება მოხერხდა. გაუთვალისწინებელ სირთულეებს რაც შეეხება, იქ, სადაც გვეგონა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, არანაირი ხელის შევლება არ სჭირდებოდა და მხოლოდ კოსმეტიკურ სამუშაოებს მოითხოვდა, აღმოჩნდა, რომ უამრავი სამუშაოს ჩატარება იყო საჭირო. ეს სამუშაოები არ იყო გათვალისწინებული გეგმით, მაგრამ მუშაობის პროცესში საჭირო აღმოჩნდა და სამუშაოები შესრულდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს". როგორც იცით, უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია თავის თავზე მათ აიღეს.
- როდის იგეგმებოდა მშენებლობის დასრულება და იმის გამო, რომ მშენებლებს გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარება მოუხდათ, არის თუ არა შესაძლებელი სამუშაოების განსაზღვრულ დროში დასრულება?
- ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს ძირითადი სამუშაოები დასრულდება და შენობა მომავალი წლის დასაწყისში სტუდენტებსაც უმასპინძლებს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ვადებმა კიდევ გადაიწიოს. ახლა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო გერმანული არქიტექტორული ბიურო, რომელიც თავის თავზე იღებს შენობის საოფისე აღჭურვილობის უზრუნველყოფას. სხვადასხვა დიდაქტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, გვირჩევს, თუ როგორ უნდა იყოს განლაგებული მერხები, რომ სტუდენტები უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს და ა.შ. ისინი იღებენ თავის თავზე ასევე ბიბლიოთეკის, მუზეუმისა და სააქტო დარბაზის დიზაინს. პირველ კორპუსში გვექნება არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა დაახლოებოთ 200 000 წიგნით, ასევე რესურს-ცენტრი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონული გამოცემებით ისარგებლონ. ისინი შეარჩევენ შენობის იმ ნაწილების დიაზინსაც, რომელიც ორიენტირებული იქნება სტუდენტების კარგ დასვენებაზე. მათ შორის შიდა ეზოების, სპორტული მოედნების, ამფითეატრის დიზაინს. მათ ადგილას ადრე ავტოსადგომები იყო, ახლა კი დასასვენებელი ბაღები განთავსდება. კეთილმოეწყობა პანთეონიც და უნივერსიტეტის წინა ეზოში მდებარე ბაღიც უფრო გამწვანდება.
- თუ დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფუნქციას უნივერსიტეტის შენობაში არსებული სამლოცველო?
- იქ, სადაც ადრე სამლოცველო იყო, ახლა მუზეუმი განთავსდება. ეკლესია უნივერსიტეტის ეზოშიც არის, ამიტომ ჩვენ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადავწყვიტეთ, რომ ამ ნაწილში გავხსნათ მუზეუმი, სადაც ჩატარდება დიპლომების საზეიმოდ გადაცემის ცერემონიალი, მოვიწვევთ საპატიო სტუმრებს და ა.შ. ანუ, ეს არ იქნება მუზეუმი მხოლოდ კლასიკური გაგებით. ის იქნება სხვადასხვა სახის შეხვედრებისა და ღონისძიებების განხორციელების ადგილი. მასში გამოფენილი ექსპონანტები, უძველესი პერიოდიდან დღემდე, საქართველოში მეცნიერების და ისტორიის განვითარებას წარმოაჩენენ. გამოიფინება მასალები გელათისა და იყალთოს აკადემიის შესახებ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს მუზეუმი იყოს საინტერესო მისამართი თბილისში ჩამოსული ყველა სტუმრისთვის. ჩვენი მიზანია ყველას ვუთხრათ, რომ განათლების და მეცნიერების ისტორია საქართველოში 1918 წლიდან არ იწყება და რომ მას საუკუნოვანი ტრადიციები ჰქონდა.
- ალბათ, უნივერსიტეტის ამ ნაწილის მუზეუმად გადაქცევის იდეამ გამოიწვია ხმების გავრცელება იმის შესახებ, რომ რემონტის შემდგომ პირველი კორპუსი იქნება მხოლოდ მუზეუმი და იქ სასწავლო პროცესი აღარ წარიმართება.
- ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. პირიქით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ ადმინისტრაციულ სტრუქტურას, გარდა აკადემიური მიმართულების ადმინისტრაციული სტრუქტურისა, რომელიც პირველ სართულზე განთავსდება. კორპუსის დარჩენილი ნაწილი კი მთლიანად სტუდენტებს დაეთმობა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ისტორიულ შენობაში უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უტარდებოდეს ლექციები. უნივერსიტეტის პირველის კორპუსი არ დაეთმობა მხოლოდ ერთ რომელიმე ფაკულტეტს, ამიტომ იქ ლექციებს სწორედ ისეთი განრიგით დავგეგმავთ, რომ ყველა ფაკულტეტის სტუდენტმა შეძლოს ლექციის მოსმენა და ყველა ფაკულტეტის პროფესორს შეეძლოს იქ ლექციის ჩატარება. ჩვენ მალე ისეთი შენობა გვექნება, რომ შეგვეძლება ვუმასპინძლოთ მაღალი დონის სტუდენტურ კონფერენციებსა თუ ღონისძიებებს. ხოლო სააქტო დარბაზში შეგვეძლება ჩავატაროთ ნებისმიერი სახის კულტურული ღონისძიება სტუდენტებისა თუ ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. პირველი კორპუსის რემონტის დასრულებისთანავე მეორე კორპუსის რემონტი დაიწყება. მეორე კორპუსში პროფესორ-მასწავლებლებისთვის კაბინეტებიც განთავსდება.
- მართალია თუ არა, რომ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ერთგვარი სტუდქალაქი აშენდება და უნივერსიტეტის ყველა კორპუსი იქ გადავა?
- ეს პროექტი არსებობს, მაგრამ ახლა უკვე განიხილება ალტერნატიული პროექტი, რომელიც გულისხმობს დიდ დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი საუნივერსიტეტო კამპუსის მშენებლობას, სადაც გადავა უნივერსიტეტის ყველა კორპუსი. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსს. ეს კორპუსები უნივერსიტეტის ისტორიაა. მაგრამ თუ განხორციელდა ის დიდი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო გეგმავს, დიღომში აშენდება თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის კამპუსები. ჩვენ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გადავალთ ახალ კორპუსებში. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.
თაკო მათეშვილი
|