ნანახია: 1871
თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით მეწარმეები შემდეგი მიზეზების გამო ინტერესდებიან:
- მოგების გადასახადი არ არსებობს ან უმნიშვნელოა. - ფირმის რეგისტრაციის პროცედურა მაქსიმალურადაა გამარტივებული. - არ არსებობს შეზღუდვა ვალუტის ზონაში შეტანასა და გატანაზე. - ფირმის მართვის პროცედურა მეტად მარტივია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში დღეს არსებული 3000-ზე მეტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან, მხოლოდ 20% თუ არის ნამდვილად ეკონომიკურად წარმატებული. ხსენებული ზონების ფუნქციონირების ერთ-ერთ ეფექტურ მაგალითს დუბაის თიზ-ი "ჯებელ ალი" ე.წ. "დუბაის სასწაული" წარმოადგენს. ზონა შექმნილია მსოფლიოს უმსხვილეს ხელოვნურ ნავსადგურში, სპარსეთის ყურის რეგიონში. ზონაში წარმოდგენილია საქმიანი აქტივობის მთელი სპექტრი, წარმოებისა და მომსახურების ჩათვლით. "ჯებელ ალში" მოქმედებს 58 ქვეყნის 700-მდე კომპანია 1,1 მლრდ დოლარის ინვესტიციების საერთო მოცულობით. ინდოეთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზების მოუფიქრებელ კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. თავისუფალი სავაჭრო ზონა "კანდლა" ტერიტორიულად არახელსაყრელ ადგილას აღმოჩნდა, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არსებითი სტიმულები განვითარებისთვის, რის შედეგადაც აქ მოქმედება დაიწყო მხოლოდ რამდენიმე ინდურმა ფირმამ. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ისტორია საქართველოში 1878 წლიდან, ბერლინის კონგრესიდან იწყება, სადაც თურქეთის მიერ რუსეთისთვის ბათუმის გადაცემის საკითხი წყდებოდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკიზ სოლაბერის, მოთხოვნით რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ბათუმი (ნავსადგური, ქალაქი და შემოგარენი) ,"პორტო ფრანკოდ" ანუ საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერიტორიად გამოეცხადებინა. 1989 წელს ქ. ფოთის ხელმძღვანელობამ მოამზადა ქალაქში თიზ-ის დაარსებისთვის საჭირო ინფორმაციული მასალა და რესპუბლიკაში ეკონომიკური ზონების შექმნისა და ფუნქციონირების კონცეფცია შეიმუშავა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში თიზ-ებით დაინტერესება 1992 წლიდან დაიწყო. არსებობდა მრავალი პროექტი, თუმცა რეალური განხორციელება, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ მოხერხდა. უკვე 2007 წელს, ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების" შესახებ. უკვე დღევანდელი კანონმდებლობით გათვალისწინებულია 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა (1 ფოთში, 2 ქუთაისში, 1 თბილისში და 1 ბათუმში). ქუთაისში ერთი თავისუფალი ზონა უკვე მოქმედებს. ინდუსტრიული ზონა ეგვიპტურმა "ფრეშმა" და მისმა ქართველმა პარტნიორმა "ჯორჯიან ინტერნეიშენელ ჰოლდინგმა" მოაწყვეს. ქუთაისის მეორე ინდუსტრიულ ზონას ჩინური კომპანია "ჰანგლი ინდასთრი" შექმნის. როგორც ცნობილია, ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა და ახალი ზონის შექმნის საკითხი რამდენიმე თvეში გადაწყდება. ფოთში უკვე არაბული "რაკ ჯორჯია ჰოლდინგი" აშენებს მოცემულ ზონას და როგორც ცნობილია, იგი უკვე მოქმედებს. თბილისში ასეთივე ზონის შექმნას ებრაული კომპანია "ტერა ერთი" აპირებს. ბათუმში, კერძოდ კი ხელვაჩაურის რაიონში, ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად ადგილობრივი მთავრობა ინვესტორებს ეძებს. როგორც ცნობილია, მისი მთავარი პირობა მხოლოდ 2 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა გავლენას ახდენს ისეთ მაკროეკონომიკურ ცვლადებზე როგორებიცაა: წარმოების მოცულობა, უმუშევრობა, ინფლაცია, სავაჭრო ბალანსი. წმინდა თეორიული თვალსაზრისით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნამ უნდა გამოიწვიოს წარმოების ზრდა და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირება. ამით თიზ-ები დადებით ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკაზე, მაგრამ აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხშირად რჩება ეკონომისტთა და პოლიტიკოსთა ყურადღების მიღმა. თიზ-ის შექმნა საწყის ეტაპზე მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუნდაც იმიტომ, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება შეიძლება პირდაპირ განვიხილოთ როგორც ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. აქედან გამომდინარე, ასეთი ზონის შექმნა მოითხოვს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ამ პროცესის განვითარება ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. უცხოელი ინვესტორები, როგორც წესი, "ცარიელ ადგილზე" არ მოდიან. ისინი თავისუფალი ზონით ინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ უკვე არის სათანადო ინფრასტრუქტურა, ან მისი შექმნის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯები კი ზოგჯერ მთლიანი ინვესტიციის თითქმის 75%-ს შეადგენს. მოსაზრება, ყველა ხარჯის უცხოელი ინვესტორის მიერ დაფარვის თაობაზე, ყოველთვის არ მართლდება. თიზ-ის შემოღების წინაპირობად უნდა ჩაითვალოს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია, სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია სხვა ქვეყნის მტკიცე კურსის მქონე ვალუტის მოზღვავება ეროვნული პროდუქციის გატანის კვალობაზე. გაზრდილი უცხოური ვალუტის რაოდენობა ნიშნავს უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას, რაც გამოიწვევს ადგილობრივ ვალუტასთან მიმართებაში მის გაუფასურებას და ჩვენი ადგილობრივი ვალუტის გამყარებას. როგორც ცნობილია, ადგილობრივი ვალუტის გამყარება ნიშნავს ადგილობრივი საექსპორტო საქონლის გაძვირებას, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ექსპორტის მოცულობაზე. მეორეს მხრივ, უცხოური ვალუტის შემოსვლა უცხოური ვალუტის რეზერვის გაზრდის საშუალებას იძლევა, რაც ადგილობრივი ვალუტის სტაბილიზაციისთვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ქვეყანაში არსებულმა სუსტმა ვალუტამ, კარგად გამართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პირობებში, შესაძლებელია ვერ გაუძლოს ძირითად საინვესტიციო ვალუტასთან კონკურენციას და მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს ამ მიმართულებით. კიდევ უფრო საშიშია ინფლაციური ვალუტის შემოჭრა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საშემოსავლო გადასახადი ეკისრება მხოლოდ ადგილობრივ მუშახელს და სხვა ქვეყნიდან შემოსული სამუშაო ძალა თავისუფალია. ეს ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს ადგილობრივ დასაქმებაზე. მთავრობის ძირითადი არგუმენტი, თიზ-ების ეფექტიანობასა და საჭიროებასთან დაკავშირებით, არის დასაქმების ხელშეწყობა, თუმცა, როგორც ვხედავთ, არც იმდენად დიდი ეფექტის მომტანი იქნება აღნიშნული პოლიტიკის გამო. ანუ მეწარმეს 100 ლარის გადახდის შემთხვევაში შეუძლია დაიქირავოს 100 ლარის შესაბამისი კვალიფიკაციის უცხოელი მუშა (რადგან იგი საშემოსავლოთი არ იბეგრება), მაშინ, როცა იგივე 100 ლარით მას შეუძლია მხოლოდ 80 ლარის შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი მუშახელის დაქირავება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივი ძალიან იაფი მუშახელის არსებობით აპელირებს, თუმცა რამდენად შევალთ ამ მხრივ კონკურენციაში სხვა ქვეყნების იაფ მუშახელთან, საკამათოა. თიზ-ის დადებითი თვისება არის ის, რომ მას შეუძლია მოიზიდოს კაპიტალი უცხოეთიდან და მოხდეს ასევე ტექნოლოგიების შემოდინება, მაგრამ საქართველო წარმოადგენს დიდი რისკების მატარებელ ქვეყანას, რაც თავისთავად შეაფერხებს კაპიტალის შემოდინებას (ფოთი აფხაზური კონფლიქტის ზონიდან არც ისე შორსაა). აქ შეიძლება ეკონომისტთა დიდმა ნაწილმა მიიჩნიოს, რომ მოხდება შავი ფულის შემოდინება, რომელზეც ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ. შესაძლოა, უცხოეთიდან შემოსულ შავ ფულზე ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, მართლაც არ უნდა თქვას უარი, თუმცა ნურავის ნუ ჰგონია, რომ შავი ფულის მესაკუთრეები ყურადღებას არ აქცევდნენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: რისკი, ომის საშიშროება და ა.შ. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით თიზ-ები საქართველოში (მითუმეტეს 5 ზონის შექმნა) დიდ ეკონომიკურ სარგებელს ვერ მოგვცემს. ასევე ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მსგავსი ზონების შექმნით ჩვენ ვაფერხებთ კონკურენციას ზონაში არსებულ დარეგისტრირებულ ფირმებ-თან, რომლებიც მრავალი შეღავათით ისარგებლებენ. ადგილობრივ ფირმებს და საწარმოებს ნამდვილად გაუჭირდებათ კონკურენცია, რაც თავისთავად გაზრდის ჩრდილოვანი ეკონომიკის დონეს.
მათე გარდავა ა/ო "ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი"
|