სასაქონლო ზედნადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, პურის დისტრიბუტორების საკუთარი ჯიბის გასასქელებლად იყენებენ
ცხოვრება დღითი-დღე რომ ძვირდება, ამას ყველა ჩვენთაგანი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს. ამასთან საქართველოში სოციალური ფონი თანდათან უფრო მძიმდება. მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი ამას არ აღიარებს და ამას წინათ ამაყად განაცხადა კიდეც: "საქართველოს მოსახლეობის 54% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, დღეს კი ამ კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობა 20%-ზე ოდნავ მეტია. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ძალიან ბევრია, ამ კუთხით მთავრობას ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი". თუმცა მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების საპირისპირო ციფრებს აქვეყნებს სოციალური მომსახურების სააგენტო. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აშკარად შეიმჩნევა უმწეოთა რაოდენობის მატება 2008 წელთან შედარებით.
თუ 2008 წლის დეკემბრისთვის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სულ 1 636 026 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს რიცხვი 125 165–ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, 1 761 191 ადამიანი, ანუ 539 256 ოჯახი შეადგინა. ცხადია, რომ ღარიბთა რიცხვი ცხოვრების გაძვირებასთან ერთად იზრდება. სხვა მრავალი მიზეზის გარდა, ამას საკვები და სამომხმარებლო ფასების ზრდაც უწყობს ხელს.
შაქრისა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების შემდეგ, ამ დღეებში დედაქალაქში პურის ზოგიერთ სახეობაზეც მოიმატა ფასმა. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში პურის ფასი უცვლელი დარჩა, თუმცა წონაში კი შემცირდა. როგორც "ბ&ფ"-ს პურის მწარმოებელ კომპანიებში განუცხადეს, მათ ფასი არ გაუძვირებიათ. პურზე ფასის მატება დისტრიბუტორებისთვის სასაქონლო ზედნადების მოთხოვნამ გამოიწვია, რომლის გამოწერაც დისტრიბუტორებს მაღაზიაში პურის ყოველ შეტანაზე უხდებათ. სწორედ ამას უკავშირებენ ქარხნები პურის 5-10 თეთრით გაძვირებას და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ყველა სახეობის პურზე მოიმატოს ფასმა, რასაც პურის ქარხნები გაძვირებულ ფქვილსა და სხვა პრობლემებს უკავშირებენ.
"თბილისში ზოგიერთი პურის ქარხანა დახურვის პირას მუშაობს", - ამ განცხადებას თემქის პურის ქარხნის დირექტორი ოთარ თოფურია აკეთებს. ქარხნებისთვის ყველაზე დიდი ხარჯი ფქვილი და გაზია. "კილოგრამი ფქვილი ჯერ 34 თეთრი ღირდა, შემდეგ 40 გახდა და ახლა უკვე 69 თეთრად იყიდება. ბოლო დროს მარილის ფასმაც მოიმატა, რაც მათ ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის. ასეთ პირობებში პური ერთი ლარი მაინც უნდა ღირდეს", - აცხადებს თემქის პურის ქარხნის დირექტორი.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ, "ზედნადების არგამოწერაზე ჯარიმების გამკაცრების საკანონმდებლო ცვლილება (დაზუსტება საგადასახადო კოდექსში) ვერ იქნება პურის გაძვირების მიზეზი, ვინაიდან სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება აქამდე ისედაც ჰქონდათ პურის დისტრიბუტორებს".
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრო სწორ პოზიციას აფიქსირებს და სრულიად გაუგებარია, რატომ აბრალებენ პურის დისტრიბუტორები ზედნადებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას პურის გაძვირებას. აღნიშნულ ცვლილებამდე პურის დისტრიბუტორ კომპანიებს ისედაც მოეთხოვებოდათ მაღაზიაში პროდუქტის ყოველ შეტანისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა, თუმცა ეს სავალდებულო პროცედურა რატომღაც მეწარმეების მხრიდან უმეტესწილად არ სრულდებოდა, რადგან საგადასახადო სამსახური შესაბამის სიმკაცრეს ამ მოთხოვნის მიმართ არ იჩენდა და მის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც საჯარიმო სანქციები მინიმალური იყო. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით სასაქონლო ზედნადების გამოწერა ისევ სავალდებულო გახდა, უბრალოდ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრომ ჯარიმები და სანქციები გაამკაცრა.
ასე რომ, გაურკვეველია პურის დისტრიბუტორების არგუმენტები, როდესაც აცხადებენ, რომ პურის ფასის გაძვირება სასაქონლო ზედნადების შესახებ ახალმა ცვლილებამ გამოიწვია. წარმოუდგენელია, რომ ზედნადების გამოწერამ პროდუქციის ფასის თვითღირებულების ზრდა გამოიწვიოს, რადგან მას არაფერი აქვს საერთო პურის დამზადებასთვის საჭირო ხარჯებთან. უბრალოდ ახალი ცვლილების თანახმად, პურის დისტრიბუტორებმა ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, საჭიროებისამებრ გამოწერონ ხოლმე ზედნადებები და ყველაფერი კანონიერი გზით გააკეთონ, რადგან გამკაცრებული ჯარიმების გადახდა არ მოუხდეთ.
პურის გაძვირება დისტრიბუტორების მხრიდან ერთადერთ შემთხვევაშია გამართლებული, თუ დანახარჯები გაეზარდათ. მათი დანახარჯები კი სულ რამდენიმეა, ესენია ტრანსპორტირებისას მანქანის, საწვავის და მუშახელის ხარჯი, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ მხრივ არცერთი მათგანის გაძვირება არ მომხდარა. უბრალოდ დისტრიბუტორები ცდილობენ ზედნადებთან დაკავშირებული აჟიოტაშით ისარგებლონ და საკუთარი ბიზნესების მოგების მარჟა გაზარდონ.
სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს, კონკრეტული სფეროს ბიზნესის წარმომადგენლები საკუთარი ჯიბეების გასასქელებლად იყენებენ. რაც კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენი ქვეყნის ისედაც გაჭირვებული ხალხის ყოფას.
ადა ექიზაშვილი