ნანახია: 1155
გასულ კვირას უცხოურ პრესაში საქართველოს საკმაო ადგილი დაეთმო. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები გახლდათ. ამ კუთხით, კვირის მოვლენა იყო ნიცაში გამართული რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა www.mignews.com-ზე გამოქვეყნდა, მასალის სახელწოდება გახლდათ - "რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს". ჩვენი ყურადღება მიიქცია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებამ. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის პოზიციით, -"უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეთ", ეს ინფორმაცია რუსულმა სააგენტომ www.rbc.ru-მ გაახმოვანა. ფრანგულ Le Monde- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ანდრეი ილარიონოვმა ისაუბრა, თუ "რას უპირებდა რუსეთი სააკაშვილს". ბრიტანული Independent-ის ფურცლებზე კი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმართ ამერიკისა და ბრიტანეთის დამოკიდებულება გააკრიტიკეს.
"რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს" www.mignews.com
როგორც ერთობლივ კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, ევროკავშირისა და რუსეთის სამიტმა ვერ გადაწყვიტა ის წინააღმდეგობები, რაც მხარეებს შორის არსებობს, მაგრამ აჩვენა გზები მისი გადაწყვეტისათვის. ასეთი არის ამ პოლიტიკური ფორუმის შედეგი, რომელიც 14 ნოემბერს საფრანგეთში, ნიცაში ჩატარდა. სარკოზიმ გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვი არ იჩქარებს განალაგოს "ისკანდერის" ტიპის რაკეტები კალინინგრადის ოლქში და განიხილავს ამის შესაძლებლობას სამიტზე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია 2009 წელს და მიეძღვნება საერთოევროპული სივრცის უშიშროების საკითხს. სამიტში მონაწილეობას მიიღებს რუსეთი და ამერიკაც. თავის მხრივ მედვედევი დაეთანხმა იმ საკითხს, რომ სანამ ხელი მოეწერება ევროპის უშიშროების დოკუმენტს, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს მხოლოდ ერთმხრივი ნაბიჯებისაკენ, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ეს უშიშროება. "მთავარი არის, რომ ჩვენ შევხვდეთ და გადავწყვიტოთ ეს საკითხები," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. როგორც აცხადებს კიდევ ერთი ინტერნეტ – გამოცემა Yтро.ru, მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს არასოდეს გადაუდგამს ერთმხრივი ნაბიჯები. "ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვამზადებდით და რომელიც ცოტა ხნის წინ გავაჟღერე, ეს არის რეაქცია რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ქცევაზე, რომლებმაც შეუთანხმებლად გადაწყვიტეს განელაგებინათ სხვა ბაზები თავიანთ ტერიტორიებზე. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ერთ სახლში, მოდით შევხვდეთ, მოვილაპარაკოთ, სწორედ ასე მივაღწევთ საერთო აზრს," - განაცხადა რუსეთის ლიდერმა. პრესკონფერენციაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ ის აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე. ასევე მოსკოვი ყურადღებას მიაქცევს კავკასიაში სიტუაციის დარეგულირებას. "ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც შეეხება კავკასიაში სიტუაციის რეგულირებას. ჩვენ გავაკეთებთ ამას ყველა შესაძლო შეხვედრის დროს," - აღნიშნა მედვედვემა და დასძინა, რომ ის სარკოზი - მედვედევის გეგმას სრულიად შესრულებულად თვლის. Gგარდა ამისა, მედვედევმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან პარტნიორობის თემაზე. "ჩვენ ნამდვილად იძულებითი პაუზა შეგვექმნა ამ დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა გამოწვეული, მაგრამ მაინც წარმოიქმნა და კარგია, რომ ეს ახლა დაძლეულ იქნა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები ამ დოკუმენტის პირობებზე," - განაცხადა მედვედევმა, რომლის აზრითაც ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს, როგორც ერთი მხარის აზრს, ისე მეორე მხარის აზრს და უნდა შექმნას ზუსტი სამუშაო ჩარჩო. "როდის დასრულდება ამ საკითხზე მუშაობა არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს მოქმედი დოკუმენტი, რომელიც არის მომავლის საფუძველი. თუმცა რაც უფრო მალე გადავალთ ახალ დოკუმენტზე მით უკეთესი. რუსეთი მზად არის ამისათვის." რუსეთის ლიდერის სიტყვებს კომენტარი ნიკოლა სარკოზიმ გაუკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მხოლოდ დროებით შეაჩერა ამაზე მუშაობა. "ჩვენ შეგვექმნა კრიზისული სიტუაცია და დაგვჭირდა დიალოგის წარმართვა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი დიალოგს, იმიტომ, რომ დიალოგი არ არის სისუსტის ნიშანი. როგორ უნდა შეაჩერო საომარი კონფლიქტი, როდესაც არ არის დიალოგი?" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტექნიკური, ფინანსური და ეკონომიკური წინადადებები ვაშინგტონის შაბათის სამიტისათვის, სახელწოდებით G20 ღირებული და მნიშვნელოვანია. "რუსეთის მხარე მზად არის, რომ ჩვენმა სამიტმა მიიღოს ნამდვილი და რეალური გადაწყვეტილებები.," - ხაზგასმით განაცხადა სარკოზიმ. გარდა ამისა, ის მიესალმა რუსეთის პოზიციას მთიან ყარაბახთან დაკავშირებით. "მე ვულოცავ რუსეთის ფედერაციას, რადგან საუბარი მიდის კავკასიაზე და მშვიდობაზე", - განაცხადა მან და დასძინა, რომ მთიანი ყარაბახის საკითხი უნდა შეცვალოს ჩრდილოეთ ოსეთის საკითხმა.
"უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეთ" www.rbc.ru
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აუცილებელია, რომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს, რათა ეფექტურად გადაწყდეს თანამედროვეობის უსაფრთხოების პრობლემები. ეს მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ ნატომ შეინარჩუნოს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტის როლი, საჭიროა ამ ორგანიზაციის რეფორმირება, ხოლო მოღვაწეობის ახალი მიმართულება უნდა გასცდეს სამხედრო მოღვაწეობის ფარგლებს - ასეთი განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში კონფერენციაზე გამოსვლისას. ანალიტიკოსების აზრით, ქალბატონმა მერკელმა ამ განცხადებით გამოხატა ევროპის ქვეყნების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ ამერიკაში ხელისუფლების შეცვლა მსოფლიოში ევროპის როლის გასაძლიერებლად გამოიყენონ. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბერლინი მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაერთიანებას, თუმცა იქვე დასძენს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უახლოეს მომავალში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს უიმედო განცხადება თბილისისა და კიევის ამჟამინდელი რეჟიმების მიმართ გერმანიის კანცლერმა ტალინში, ალიანსის კომისიის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. ამ განცხადებით, მერკელმა გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ "ევროპის ძველი გვარდიის" ინტერესებში რუსეთთან კონფრონტაცია არ შედის. უფრო მეტიც, თავის გამოსვლაში მერკელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მოსკოვთან თანამშრომლობას ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღთან ბრძოლის საქმეში. "ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ ვართ პარტნიორები. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ რუსეთს პოზიტიური სიგნალი უნდა გავუგზავნოთ," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
რას უპირებდა რუსეთი სააკაშვილს Le Monde
რუსეთი 2004 წლიდან ცდილობს გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილისაგან, რომელმაც მოახერხა დაენგრია რუსეთის სამხედრო გეგმები, მოეგო დრო და დაეწყო ცხინვალზე შტურმი. ასეთი ვარაუდი გამოთქვა ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ანდრეი ილარიონოვმა ფრანგულ Le Monde-სთან ინტერვიუში. "რუსეთის მიზანი იყო თბილისში შესვლა, ვითომ და რევოლუციისა და სამოქალაქო გადატრიალების გზით, რასაც თან მოჰყვებოდა სამხედრო შეტაკებები," - თქვა ილარიონოვმა. სააკაშვილისაგან გათავისუფლების სურვილი მოსკოვს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მან საქართველოს შემადგენლობაში აჭარა დააბრუნა, ხოლო შემდეგ დაიწყო ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან დაახლოებისაკენ იყო მიმართული. 2008 წლის ზაფხულში რუსებმა მოახერხეს მოეტყუებინათ დასავლელი სპეცსამსახურები, რომელთაც სამხედრო სწავლების მიზეზით სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან დიდი სამხედრო ძალის მობილიზება სურდათ. როგორც პუტინის ყოფილი მრჩეველი ამტკიცებს, 7 აგვისტოს, ჯერ კიდევ ქართველთა შეტევის დაწყებამდე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 000 რუსი და ოსი ჯარისკაცი (რეზერვისტების ჩათვლით) და 200 რუსული ტანკი იმყოფებოდა. 7 აგვისტოს, პირველი ნაბიჯის გადადგმით, ილარიონოვის სიტყვებით, საქართველოს პრეზიდენტმა "სამი რამ გასწირა": თავისი ჯარი, რეპუტაცია და ორი სეპარატისტული რეგიონი. "მაგრამ ამავდროულად სააკაშვილმა სამი რამ მოიგო: ის ცოცხალი გადარჩა, შეინარჩუნა თავისი მმართველობის სტრუქტურა, ხოლო მისი რეფორმები დიდ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს დასავლეთიდან." როგორც ილარიონოვი ამბობს, მოსკოვი გეგმავდა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რუსეთში გაქცეული – იგორ გიორგაძის თბილისში დასმას. ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კრემლი იძულებული გახდა სათადარიგო მანევრი გამოეყენებინა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ილარიონოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მომავალშიც შეეცდება გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ბედი. თუმცა, მისი განცხადებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე "სუსტი რგოლი" ამჟამად უკრაინაა.
რატომ გაუკეთა დასავლეთმა სიმართლეს იგნორირება
შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს ყველაფერში რუსეთია დამნაშავე.
მადლობა ღმერთს, ფინანსური კრიზისის გამო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ. რომ არა ეს პრობლემები დასავლეთ სამყაროს ეკონომიკაში, პრესაში ახლა დიდი სკანდალი აგორდებოდა – და ამ სკანდალში დამნაშავის მოძებნა უფრო ადვილი იქნებოდა. საქმე ეხება ამ ორი ქვეყნის რუსეთთან დამოკიდებულებას და სიმართლეს რუსეთ-საქართველოს ომზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკულ და ბრიტანულ მასმედიაში გამოჩნდა უამრავი სტატია, სადაც მრავალი ვარაუდი და ეჭვი არის გამოთქმული ამ ომის შესახებ. მთავარი საწყისი მესიჯი მდგომარეობდა იმაში, რომ დამნაშავე მხარე რუსეთი იყო. BBC-ს, The New York Times -ს, კანადურ ჟურნალი Embassy -ს და მრავალი პრესის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში, სამხრეთ ოსეთის ცენტრში, რათა ფაქტები დაეზუსტებინათ. არა ის "ფაქტები", რომლებსაც საქართველოს მოხერხებული და მარჯვე პიარ - მანქანა გვატყობინებდა, არა ის "ფაქტები", რომლებსაც ყრუ დაცვაში მდგომი და ინფორმაციის გავრცელებისას ნაგვის მსროლელი კრემლის სპეციალისტები სწევდნენ წინა პლანზე. ისინი შეეცადნენ დაეზუსტებინათ ფაქტები თვითმხილველების, მშვიდობიანი მოსახლეობის, ადგილობრივი სამხედრო ხელმძღვანელების და ასევე რეგიონში მივლინებული მცირერიცხოვანი ეუთოს დამკვირვებლების მონათხრობის საფუძველზე. ჟურნალისტები იქ ცალ-ცალკე, სხვადასხვა მარშრუტით გაემგზავრნენ. თუმცა მათი ვარაუდები ემთხვევა: ეს საქართველომ დაიწყო მოუწესრიგებელი თავდასხმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე. ქართველების მიერ დაცხრილულ შენობებს შორის იყო ჰოსპიტალი; იქ მყოფი ექიმები ოპერაციის მსვლელობისასაც კი იღებდნენ ჭრილობებს. საქართველოს თავდასხმა, ასევე პირველი რუსული ჯარის შემოსვლა ორი დღის დაგვიანებით – ყველაფერი ეს უმეტესად რუსეთის თავდაპირველ ვერსიას ემთხვევა. მხოლოდ ამის შემდეგ რუსები საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რამაც საყოველთაო დაგმობა გამოიწვია. ინფორმაციისათვის უმჯობესი იქნება დავამატოთ, რომ რუსეთმა, პრეზიდენტ სარკოზის შუამდგომლობით დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს არასადაო ტერიტორიიდან თავისი ნაწილები გაიყვანა. ახლა შეგიძლიათ თვითონ შეიქმნათ წარმოდგენა, თუ ვინ დაიწყო ომი. პროვოკაცია დიდი ხანია ორივე მხარის მიერ ხორციელდებოდა და მთავარი ამოცანა საომარი მოქმედებების შეჩერებაში მდგომარეობდა. ასევე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თუმცა რუსეთის მოქმედებები თავიდან რაღაც დონეზე დასაბუთებული იყო, ჯამში იგი არასწორი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მან არათანაბარი ძალა გამოიყენა და შემდეგ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო. ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი. ამას მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი და ზნეობრივი თვალსაზრისით. ეს გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორ შევაფასებთ მომავალში ერთმანეთში მებრძოლ სახელმწიფოებს. თუმცა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს საერთო, ბუნდოვანი და გაურკვეველი განცხადებები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია, ხოლო საქართველო – ეს პატარა, მაგრამ მამაცი დემოკრატიაა, რომელსაც დიდმა და ცუდმა რუსეთმა გასრესვა დაუპირა. ასეთმა ვერსიამ უმალ ჰპოვა საყოველთაო მხარდაჭერა. ხოლო მოსკოვში ამის უარყოფა თითქმის შეუძლებელი გახდა, რადგან ეს ვერსია ყველა არსებული უარყოფითი სტერეოტიპით დასტურდებოდა. დღეს კი გამოჩნდა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს არ შეუძლიათ თავი იმართლონ, რომ არ იცოდნენ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ. ეუთოს დამკვირვებლები მათ მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ხოლო დამკვირვებელთა რიცხვში ორი ძალიან გამოცდილი, ყოფილი ბრიტანეთის არმიის ოფიცერი იყო. მაშ, რატომ არიან ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ასეთი უმეტყველო და ორჭოფული? რატომ არ სურთ იმის აღიარება და დაჯერება, რაც სინამდვილეში მოხდა? რატომ გაიქცა კისრისტეხით თბილისში კონსერვატორების ლიდერი დევიდ ქემერონი, რათა იქ საქართველოსადმი, როგორც ნამდვილი მსხვერპლისადმი, მხარდაჭერა გამოეხატა? და საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა ომის დამთავრებისთანავე რატომ წარმოთქვა დაწერილი სიტყვა, რითაც კიდევ მეტად გაამძაფრა შთაბეჭდილება, რომ ომი რუსეთმა თავისი იმპერიის აღდგენის მიზნით დაიწყო? რა არის ეს, უვიცობა? თუ იდეოლოგიური სიბრმავე? იქნებ, მათ არ სურთ თავიანთი ქართველი პროტეჟეს არასაიმედოობის აღიარება, რათა მთელი ამ დემოკრატიისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გადმობირების პროექტის დისკრედიტირება არ მოხდეს? მხოლოდ ახლა, ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ, მილიბენდმა და ამერიკელმა მმართველებმა აიძულეს თავი საქართველოს მოქმედებისათვის "წინდაუხედავი" ეწოდებინათ. პრაქტიკული მოქმედებები სხვა რამეზე მეტყველებს. კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა წყნარად წაიღო უკან თავისი პროტესტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ ახალი მოლაპარაკებების დაწყებაზე. მაგრამ სწორედ მან, მარტო, არ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები საქართველოსადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით. როგორც ჩანს, ბოლო ოფიციალურმა ფრუტუნმა რუსეთის მისამართით გაიარა. მაგრამ რუსეთში მტრობის გრძნობა და უსიამოვნო მოგონებები რჩება მანამ, ვიდრე ვინმე ლონდონში ან ვაშინგტონში არ აღიარებს, თუ რამდენად არასწორად შეაფასეს მათ რუსეთ-საქართველოს ომი.
The Independent, (დიდი ბრიტანეთი) 12.11.2008
|