ნანახია: 559
"თეთრი ნაკადის" გაზსადენის კონსორციუმი: კასპიის რეგიონში გაზის საკმარისი რესურსია
"თეთრი ნაკადის" გაზსადენის კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ კასპიის რეგიონში გაზის საკმარისი რაოდენობაა, იმისთვის, რომ "სამხრეთის კორიდორის" ფარგლებში გაზის რამდენიმე პროექტი განხორციელდეს, რაც ევროკავშირის ქვეყნების გაზის დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს. "დარწმუნებულები ვართ, რომ კასპიის რეგიონში გაზის საკმარისი რაოდენობაა, რათა მომავალი ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირება განხორციელდეს", - განაცხადა ბრიტანული კომპანია White Stream Pipeline Company-ის თავმჯდომარემ რობერტო პირანიმ. British Petroleum-ის მონაცემებით, 2010 წლის 1 იანვრის მონაცემებით, კასპიის რეგიონის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანი, თურქმენეთის და ყაზახეთი, გაზის მარაგი 11 ტრილიონ კუბ. მეტრს შეადგენს. "სამხრეთის კორიდორში" მოიაზრება "თეთრი ნაკადი", გაზსადენი "ნაბუკო", "ტრანსადრიატიკული გაზსადენი" და თურქეთი-საბერძნეთი-იტალია (ITGI-ის გაზსადენი). პირანის მოსაზრებით, მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი "ნაბუკოსა" და `თეთრი ნაკადისთვის" საკმარისი იქნება. "თეთრი ნაკადის" რეალიზაციის პროექტი რამდენიმე სტადიისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი პირველი წყლისქვეშა მილსადენის მშენებლობაა, რომელიც საქართველოდან რუმინეთამდე, შავ ზღვაზე გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. მილსადენის პირველადი სიმძლავრე 8 მლრდ. კუბ. მეტრს შეადგენს, რომელიც მოგვიანებით 16, ხოლო მოგვიანებით 32 მლრდ. კუბ. მეტრამდე გაიზრდება. "თეთრი ნაკადი" აზერბაიჯანული გაზის მილსადენებით ტრანსპორტირებაზეა გათვლილი, რომელიც საქართველოდან, სუფსის ტერმინალის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის რუმინულ პორტ "კონსტანცამდე" ტრანსპორტირებას გულისხმობს.
|