ნანახია: 396
კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ პირობა დადო, რომ კერძო ბიზნესზე კონტროლი შესუსტდება, სახელმწიფო აპარატი კი შემცირდება. ნაციონალური ასამბლეის სესიის გახსნაზე გამოსვლისას კასტრომ განაცხადა, რომ რეფორმებზე საუბარი არ არის, უბრალოდ, მთავრობამ კუბის ეკონომიკური მოდელის განახლება გადაწყვიტა. კუბაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ, რომ არა რაულის უფროსი ძმის ფიდელ კასტროს გავლენა, ქვეყანაში უკვე დაიწყებოდა გარკვეული ეკონომიკური რეფორმები. კუბის მცხოვრებთა 95% სახელმწიფო მოხელეა. მათი შემცირების შესახებ რაულ კასტრომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ განაცხადა. შედეგად, სამსახური შესაძლოა, მილიონმა კუბელმა დაკარგოს. სამაგიეროდ, ხელისუფლება კერძო სექტორზე კონტროლს ასუსტებს. მაგალითად, რამდენიმე სახელმწიფო საპარიკმახერო მათი თანამშრომლების ხელში გადავიდა. ისინი მომსახურების ფასებს თავად დაადგენენ და მთავრობას მხოლოდ არენდის საფასურს გადაუხდიან. შეგახსენებთ, რომ კუბაში პოლიტპატიმრების განთავისუფლებაც დაიწყო.
|