ნანახია: 586
რეგულირება, როგორც დღევანდელი ეკონომიკის მთავარი მოთხოვნა
ბოლო დროს გლობალური ეკონომიკური კრიზისის საკითხებს სულ უფრო მეტი დრო ეთმობა. აქტიურად მიმდინარეობს ანალიტიკური მიმოხილვები, სერიოზული მეცნიერული კვლევები; იწერება უამრავი საგაზეთო სტატია ამ საკითხთან დაკავშირებით. დასკვნა კი ყველგან ერთია - ბიზნესი და საბანკო სექტორი რთულ მდგომარეობაშია, ხოლო საფონდო ბაზრებს მუდმივ ციებ-ცხელების რეჟიმში უწევთ მოქმედება. აღსანიშნავია, რომ კრიზისის პირველი კერა ჩრდილოეთ ამერიკაში გაჩნდა, როდესაც ორი უმსხვილესი ბანკი Lehmon Brothers და Meril Lynch გაკოტრდა. ამ გაკოტრებამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ამერიკულ ფინანსურ სისტემას, შეარყია რწმენა მის სტაბილურობაში. კრიზისი წარმოშვა შეერთებულ შტატებში ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ - გაეზარდა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი (FED FUND RATE ) იმისთვის, რომ შეეკავებინა მზარდი ინფლაცია. ამ დროს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ყველაზე მკვეთრი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ იწყებს საპროცენტო განაკვეთების თანდათანობითი შემცირების პოლიტიკას (ცნობილია, როგორც "შემრიგებლური" პოლიტიკა). რამდენიმე თვეში ქვეყნის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 5%-დან 2%-მდე შემცირდა. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ვალუტის კურსზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს - მაშინ, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა პროცენტი შეამცირა - დოლარი მყისვე გაუფასურდა. დოლარისგან განსხვავებით, ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებიდან მოიგო ამერიკულმა აქციებმა, რომლის ფასებმა ზრდა გააგრძელა. ამერიკული აქციების ფასების ზრდას ხელი შეუწყო, აგრეთვე, ამერიკული ეკონომიკის დადებითმა მაჩვენებლებმა თებერვალში. ამ ამბავმა მთელ მსოფლიოში ინვესტორთა დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. "დოუ ჯონსის" საშუალო ინდუსტრიული მაჩვენებელი ხუთშაბათის შედეგებით 10,779 პუნქტს გაუტოლდა და ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან თერთმეტათასიან ნიშნულს მიუახლოვდა. აქციებზე ფასები იზრდებოდა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში. ამ ფონზე გასაკვირიც არ იყო მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაში სახელმწიფოს ჩარევის გარდაუვალობა. სწორედ ამასთან დაკავშირებით, გასულ კვირას ამერიკის კონგრესის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ქრისტოფერ დოდი (Christopher Dodd) ახალი `ბილის" პროექტით გამოვიდა, რომელიც ფინანსური და განსაკუთრებით, საბანკო სფეროს რეგულირების ახალ წესებს ეხებოდა. "ბილის" ძირითადი მიზანია აღარ დაუშვას მსგავსი მასშტაბის ფინანსური კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალი ამერიკული კანონმდებლობა ფინანსური კომპანიის მასშტაბებს შეზღუდვებს უწესებს, რათა მისი გაკოტრების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ მთლიანად ფინანსური სისტემა არ აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ახალი "ბილის" მიერ მოხდება ფინანსური კომპანიებისთვის რეგულირებისა და მოთხოვნების გამკაცრება. ახალი კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების განსაკუთრებულ დაცვას ითვალისწინებს, აგრეთვე, აწესებს შეზღუდვებს ზოგიერთი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტის ემისიაზე. როგორც ჩანს, ამერიკის ადმინისტრაციისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის ენერგიული და ეფექტური ქმედებები კრიზისის შედეგებზე დადებითად აისახა. დღესაც "ლემანის" გაკოტრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ამერიკულ საზოგადოებაში უდიდესი ინტერესით სარგებლობს. ანალიტიკოსებისთვის ის განსაკუთრებით ფასეულია, რადგან უნიკალურ გამოცდილებას იძლევა, თუ როგორ შეიძლება პრობლემები შეექმნას მსგავსი მასშტაბის ფინანსურ ინსტიტუტს და მენეჯმენტის რომელმა შეცდომებმა მიიყვანა ის გაკოტრებამდე. სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეიქმნა ქრისტოფერ დოდის კანონპროექტი. მასში აღნიშნულია ისეთი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა, რომელიც ბაზარზე ძირითადი ფინანსური კომპანიების ზედამხედველობას განახორციელებს და მათ ფედერალური რეზერვული სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცევს. იმ შემთხვევაში, თუ ფირმა გაბანკროტდება, სახელმწიფოს ექნება საშუალება, რომ მოახდინოს მისი `უმტკივნეულო~ ლიკვიდაცია. (იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მთლიანი სისტემის დარღვევა). კანონპროექტი ითვალისწინებს ფირმების 50$ მილიარდზე მეტი რისკის შემცველი აქტივების ზედამხედველობას. სასამართლოს მიერ დანიშნული გამოძიების შედეგებმა ნათელჰყო, რომ ბანკის კრიზისის მთავარ მიზეზს სწორედ ამ რისკიანი, 50-მილიარდიანი აქტივების შენარჩუნების მცდელობა წარმოადგენდა. იმის მაგივრად, რომ ბანკს ეს აქტივები გარკვეული ზარალის ფასად დროზე მოეცილებინა, მან ფინანსურ აღრიცხვაში მანიპულაციების საშუალებით მისი შენარჩუნება გადაწყვიტა, რაც ამ აქტივების თითქმის სრული გაუფასურებით და საინვესტიციო ბანკის გაკოტრებით დამთავრდა. ამრიგად, ამერიკის მოსახლეობაში (და არა მარტო) დიდ ინტერესს იწვევს, თუ როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაში ფინანსების ახალი მარეგულირებელი კანონპროექტი; რა მასშტაბებს მიაღწევს რეგულაციის სიმკაცრე და ის, თუ რა ხარისხითაა შემუშავებული ქვეყნის ეკონომიკისთვის მოსალოდნელი საფრთხეების (რისკების) დაზღვევის ერთგვარ მექანიზმი.
სალომე ქარელი
|