ნანახია: 532
ლონდონი საბიუჯეტო ხარჯებს რეკორდულად, 6,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგით შეამცირებს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მტკივნეული ზომები აუცილებელია, რათა ინვესტორებს ბრიტანული ეკონომიკისადმი ნდობა დაუბრუნდეთ. ხარჯების შეკვეცა შეეხება სამინისტროების კომპიუტერიზაციის პროგრამებს, მთლიანად სამინისტროების ბიუჯეტებს, სახელმწიფო სამსახურებში კი ახალი თანამშრომლების მიღებაზე მორატორიუმი გამოცხადდება. თუმცა ფინანსთა ახალი მინისტრის პოზიციას, რომ ეს შემცირებები შედეგიანი იქნება, ყველა არ იზიარებს. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, მსგავსი ნაბიჯებით ბრიტანულ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს და ის რეცესიის მეორე ტალღაში აღმოჩნდეს. ჯერჯერობით ჯანდაცვის სფეროს და მით უფრო განათლების სისტემის დაფინანსებაში შემცირებები არ იგეგმება. უფრო დაწვრილებით ხელისუფლების გეგმები 22 ივნისს გახდება ცნობილი.
|