როგორც ზიმბაბვეში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : როგორც ზიმბაბვეში
ნანახია: 580

ჰილარი კლინტონის ნაწინასარმეტყველები "დემოკრატიის შუქურა" საქართველო მაშინ გახდება, როცა ერთ მშვენიერ დღეს კერძო საწარმოს სახელმწიფო არ მიითვისებს

პანტიკო – ქართველი მილიონერი "დიდი ავიაციიდან", რომელმაც სახელმწიფოს მთელი ქარხანა აჩუქა

ვაჟა, იგივე პანტიკო თორდია, უკვე მრავალი წელია, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს "თბილავიამშენს" (წარსულში 31-ე საავიაციო ქარხანას) უდგას სათავეში. ის საბჭოთა კავშირის დროსაც ცნობილი დირექტორი იყო. მისი საწარმოს სტრატეგიულობასთან დაკავშირებით იმის გახსენებაც საკმარისია, რომ რუსეთის 2008 წლის აგრესიის დროს საქართველოში ამ ქვეყნის ავიაციამ "თბილავიამშენს" წერტილოვანი სარაკეტო დარტყმები მიაყენა და მისი მწყობრიდან გამოყვანა სცადა. ბედის ირონიით, მოიერიშე თვითმფრინავების მწარმოებელი სწორედ მისმა "რუსულ-საბჭოურმა" ანალოგებმა დაბომბეს. ბოლო წლებში თორდია არაერთხელ მოხვდა ქართული პრესის მიერ შედგენილ ქართველ მილიონერთა რეიტინგში, მისი ქონება, სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
2004 წელს "თბილავიამშენმა" სახელმწიფოსგან 67 მილიონ დოლარად გამოისყიდა აქციების 90%. აქციების 10% მომსახურე პერსონალიზე გადანაწილდა.
ამბობენ, რომ საკონტროლო პაკეტს პანტიკო თორდია ფლობდა. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, სააქციო საზოგადოებებში წილების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ამდენად, ვისი რა იყო "თბილავიამშენში", უცნობია. ცხადია, მხოლოდ ერთი - "თბილავიამშენი" კერძო საწარმო იყო. მისი პროფილი, საკუთრების ფორმის თვალსაზრისით, არანაირი სპეციფიკას არ განაპირობებდა.
პანტიკო თორდია 1935 წლის 22 იანვარს დაიბადა. 1954-1957 წლებში მან სავალდებულო სამსახური მოიხადა საბჭოთა არმიაში. მისი შრომითი კარიერა 1959-1967 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე საქმიანობით იწყება. 1967 წელს სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავთმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა. 1967-დან 1985 წლამდე თბილისის საავიაციო ქარხანაში განყოფილების უფროსი იყო, ასევე ეკავა მთავარი კონსტრუქტორისა და ინჟინრის თანამდებობები. 1985-დან 1991 წლამდე პანტიკო თორდია თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორია. 1991-დან 1995 წლამდე იგი საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 1995-დან 1998 წლამდე – სახელმწიფოს მეთაურის აპარატში მთავარი სახელმწიფო მრჩეველია. 1998-დან 2000 წლამდე ის საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა, 2000-დან 2002 წლამდე, უკვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `თბილავიამშენის~ გენერალური დირექტორი. 2002-დან 2006 წლამდე თორდია ამავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. 2006 წლიდან დღემდე იგი სააქციო საზოგადოება `თამის~ თბილავიამშენის~ გენერალური დირექტორია. 2001 წელს თორდია საქართველოს ყველაზე წარმატებულ მენეჯერად დაასახელეს.

"თბილავიამშენის" წარსული, ნათელი პერსპექტივები და დღევანდელი "შავი დღე"

პანტიკო თორდიას საქმიანობაში ახალი ეტაპი 1998 წელს, ღია სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" დირექტორად დანიშვნიდან დაიწყო. ეს საქართველოს უმსხვილესი და ყველაზე პერსპექტიული საწარმო იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდშივე იგი ედგა სათავეში. 2001 წლიდან "თბილავიამშენმა" უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღო, რის შემდეგაც საწარმოს გზა გაეხსნა მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. აღსანიშნავია, რომ სწორედ "თბილავიამშენი" გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საერთაშორისო დონის მენეჯმენტი დანერგა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო 1994 წელს. როგორც საქართველოში საავიაციო წარმოების მოდერნიზაციის სულისჩამდგმელი, პანტიკო თორდია სიამოვნებით იხსენებს: მისი საწარმოს პირველობას ისიც განაპირობებდა, რომ იმ წლებში საქართველოში არსებული ქაოსის პირობებში, მას კონკურენციას ვერავინ უწევდა ვერცერთი მიმართულებით.
თბილისის საავიაციო ქარხანაში 1991 წლამდე 15 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ის საბჭოთა ეპოქაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მომგებიანი საწარმო იყო. ქარხანა მსხვილ შეკვეთებს იღებდა მთელი საბჭოთა კავშირიდან და ძირითადად საავიაციო ტექნიკას, თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და საავიაციო ნაწილებს უშვებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეკვეთებიც საგრძნობლად შემცირდა და მოსამსახურეთა რაოდენობაც. იმ პერიოდში, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში ეკონომიკური კრიზისი მძინვარებდა, საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად აუცილებელ აუდიტში 3 მილიონი ლარის დახარჯვა ბევრმა უაზრობად ჩაუთვალა თორდიას, თუმცა, მომავალმა აჩვენა, რომ მისი ეს ნაბიჯი გამართლებულიც იყო.
პანტიკო თორდიას, როგორც ბიზნესმენის წარმატების საიდუმლო, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ავიაციის კუთხით თითქმის 40 წელიწადია საქმიანობს და ამ სფეროს ზედმიწევნით იცნობს. თორდია ახალგაზრდა ბიზნესმენებს ურჩევს: ვინც ბიზნესს იწყებს, აუცილებლად უნდა იცოდეს რა სურს კონკრეტულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატება გამორიცხულია და ეს "თამაშის" ერთადერთი წესია.
მან კარგად აუღო ალღო 90-იანი წლების კრიზისს და ქარხანა, რომელიც ერთ დროს ცნობილ საბჭოთა თვითმფრინავებს უშვებდა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადავიდა. ეს, ერთი შეხედვით მოულოდნელი ნაბიჯი, ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებოდა, იმდროინდელ საქართველოში კი, ის, რომ საბაზრო ეკონომიკა მომხმარებლის მოთხოვნილებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, ბევრისთვის უცხო "ჭეშმარიტება" იყო.
საავიაციო ქარხანამ გაზის გამათბობლების გამოშვება დაიწყო, რომელმაც სერიოზული კონკურენცია გაუწია თურქეთსა და ირანში წარმოებულ პროდუქციას. საავიაციო ქარხნის ნაწარმი უფრო უსაფრთხო აღმოჩნდა, ვიდრე ირანული გამათბობლები და გაცილებით იაფიც უცხოეთიდან შემოტანილ გამათბობლებთან შედარებით. ქარხანაში ელექტროგენერატორებისა და ჰიდროტურბინების გამოშვებაც დაიწყეს.
1952-1957 წლებში საავიაციო ქარხანა მოიერიშე თვითმფრინავებს, "მიგ-15-სა" და "მიგ-17-ს" უშვებდა. 1957 წლიდან სუპერმოიერიშე "მიგ-21-სა" და ორადგილიანი საწვრთნელი "მიგ-21 უ-ს" წარმოება დაიწყო, მოგვიანებით კი – "მიგ 21 უს-ისა" და "მიგ 21 უმ-ის". 1967 წლიდან თბილისის საავიაციო საწარმომ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველმა გამოუშვა თვითმფრინავი "იაკ-15", მოგვიანებით კი "იაკ-17", "იაკ-23" და ორსექტორიანი "იაკ-17 უტი". 1975 წელს თბილისის საავიაციო საწარმომ სამხედრო გამანადგურებელი "სუ-25" გამოუშვა, 1979 წლიდან კი პირველი სერიული თვითმფრინავი "ილიუშინი". 1980 წლიდან ქარხანამ "მიწა-მიწა" ტიპის რაკეტების გამოშვება დაიწყო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ავღანეთის ომში იყენებდა.
სოციალისტურ ეპოქაში თბილისის საავიაციო ქარხანა განსაკუთრებულ პატივში იყო, რადგან ის საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალებსა და ფლოტს ამარაგებდა. საბჭოთა კავშირის არსებობისას თბილისის საწარმოს მიერ წარმოებული "მიგ- 21 უ-ს", "მიგ-21-უს-სა" და "მიგ 21 უმ-ს" ექსპორტი ბულგარეთში, ალჟირში, ფინეთში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ინდოეთში, სირიასა და ვიეტნამში ხორციელდებოდა. "სუ-25-ებს" ყიდულობდნენ ანგოლა, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, ერაყი და ჩრდილოეთ კორეა.
1987-1996 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანა "სუ-25 ტ-ს" აწარმოებდა ანტისატანკო მოდიფიკაციით, ასევე ექვსადგილიან სამოქალაქო "იაკ-58-სა" და ორადგილიან საწვრთნელ "სუ-25 უბ-ს". 1979 წლიდან თბილისის საწარმომ ლეგენდარული საბჭოთა თვითმფრინავის – "სუ-25-ის" გამოშვება დაიწყო და ამ ტიპის 800-მდე თვითმფრინავი დაამზადა. იმ პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანაში მომუშავენი დღემდე ამაყობენ, რომ მათ მიერ გამოშვებულ არც ერთ სამხედრო თვითმფრინავს კატასტროფა არ განუცდია. ამჟამად "თბილავიამშენი" საბჭოთა წარმოების "სუ-25-ებს" არემონტებს, რომელსაც სხვადასხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ფლობს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თურქმენეთიდან მიღებული შეკვეთები. კომპანია მონაწილეობდა საქართველოს მიერ თურქმენეთისგან აღებული ვალების დაფარვაში და 200 მილიონამდე დოლარის ღირებულების პროდუქცია შეუკვეთა ამ ქვეყანას.
თბილისის საავიაციო ქარხანა მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის "სატლის" საბჭოთა ანალოგის შექმნის პროცესში, პროგრამა "ბურანში". თბილისის ქარხანა სხვადასხვა ნაკეთობას აწარმოებდა ამ პროგრამისთვის. 90-წლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ წარმატებად ითვლება "თბილავიამშენისა" და საქართველოს კოსმოსური ნაგებობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი – ანტენა-რეფლექტორის დამზადება, რომელიც რუსულ კოსმოსურ სადგურ "მირ-ზე" გამოსცადეს.
2005 წლიდან "თბილავიამშენმა" რეაქტიული თვითმფრინავის "ტამჯეტის" წარმოება დაიწყო, რომელიც ამერიკული "მავერიკის" ბაზაზე შეიქმნა. კომპანიის საიმედოობაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი პარტნიორები ისრაელის, ამერიკის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების წამყვანი საავიაციო საწარმოები გახდნენ. პანტიკო თორდიას აზრით, თბილისის საავიაციო საწარმომ მომავალში არჩევანი უნდა გააკეთოს სამოქალაქო და არა სამხედრო ავიაციის სასარგებლოდ. ამასთან, კომპანია ორივე სფეროს თანაბრად მოემსახურება.
იმის წყალობით, რომ "თბილავიამშენი" თითქმის ერთადერთი ქართული კომპანია იყო, რომელსაც ვალები არ ჰქონდა და მოგების პერსპექტივა გააჩნდა, მან ადვილად შეძლო ინვესტიციების მოზიდვა და შედეგმაც არ დააყოვნა. პირველ ეტაპზე საწარმომ კანადურ კომპანია "ფლაიკრაფტთან" ერთად დაიწყო ერთობლივი პროდუქციის წარმოება. "თბილავიამშენის" 30-მდე მაღალი კლასის ინჟინერმა კანადაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა. პანტიკო თორდიას კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებულმა კომპანია "ეარ-მაც", რომელიც 6-ადგილიანი სამოქალაქო თვითმფრინავების შექმნაზეა ორიენტირებული.
ამჟამად "თბილავიამშენში" 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს კომპანია დღესდღეობით საქართველოში წამყვანი ექსპორტიორია. კომპანია, რომლის ისტორიაც მეოცე საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო, ახალი ძალით დამოუკიდებელ საქართველოში გაიფურჩქნა. 2002 წელს პრივატიზაციის პროცესის პერიოდში მან სახელი გამოიცვალა და თბილისის საავიაციო ქარხნიდან "თბილავიამშენად" გარდაიქმნა. ამჟამად კომპანია ძირითადად სამხედრო ვერტმფრენებისა და მოიერიშეების მოდერნიზაციაზე მუშაობს და შეკვეთებს ძირითადად უცხოეთიდან იღებს.
"თბილავიამშენმა" წლების წინ ერთი მოიერიშე "სუ" შეაკეთა, რომელიც 2001 წელს რუსეთის სტრატეგიულ ჩვენებაში, საწვრთნელ ფრენებში მონაწილეობდა. თბილისის საწარმო არემონტებდა "სუ-39-ებსა" და "სუ-25-ებსაც". მიუხედავად იმისა, რომ პანტიკო თორდია მზად იყო რუსეთთან თანამშრომლობისთვის, პროექტი საბოლოოდ მაინც ჩაიშალა.
ქართული საავიაციო კომპანია ერთობლივ პროექტებს ისრაელის კომპანიებთან ერთადაც ახორციელებს, კერძოდ, "ელბიტსა" და "ელგრადთან". თანამშრომლობის მიზანი თანამედროვე შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეკეთებაა. გარდა ამისა, "თბილავიამშენი" აწარმოებს საკონტროლო და სანავიგაციო სისტემებს, რომელსაც საზღვრის დაცვის, ბუნებრივი რესურსების მოპოვების, რკინიგზისა და სხვა სამუშაოების დროს იყენებენ. საწარმო ასევე ამზადებს აღჭურვილობას მილსადენებისთვის და ელექტრომოწყობილობებს.

პანტიკო თორდიას სხვა ბიზნესები

პანტიკო თორდია, "თბილავიამშენის" გარდა, სხვა ბიზნესითაც იყო დაკავებული: 2008 წელს თბილისში "პირველი ბრიტანული ბანკი" ბრიტანულ კომპანია "მონტე კრისტო ქეპითალ ლიმითედთან" თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა. ბრიტანული კომპანია `პირველი ბრიტანული ბანკის~ აქციების 67 პროცენტს ფლობდა, აქციების დარჩენილ 33 პროცენტს კი – პანტიკო თორდია.
"მონტე კრისტო ქეფითალ ლიმითედი" იმით არის ცნობილი, რომ სამოქმედო სფეროდ განვითარებად ქვეყნებს ირჩევს და რისკის გაწევის თითქმის არასოდეს ეშინია. "მონტე კრისტო ქეფითალი" საქართველოში მოღვაწეობის დაწყებისას აცხადებდა, რომ მისთვის პრიორიტეტი ისეთ ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობა იყო, როგორებიცაა "თბილავიამშენი" და "მადნეული". "თბილავიამშენთან" თანამშრომლობამდე "მონტე კრისტო ქეფითალ ლიმითედი" საქართველოში სატრანსპორტო, სამშენებლო და აგროსამრეწველო ბიზნესით იყო დაინტერესებული.
კომპანიამ "თეთრის", მოგვიანებით უკვე "პირველ ბრიტანულ ბანკად" სახელდებული ბანკის საკონტროლო პაკეტი, როგორც აღვნიშნეთ, 2008 წელს შეიძინა. აღსანიშნავია, რომ "თეთრი" ქართულ ბაზარზე არსებული ყველაზე მცირემასშტაბიანი ბანკი იყო. ამ ბანკის საკონტროლო პაკეტი პანტიკო თორდიასა და მის ოჯახს ეკუთვნოდა. ოფშორულმა კომპანიამ "მონტე კრისტო ქეფითალ ლიმითედმა" თორდიასგან "თეთრის" აქციების საკონტროლო პაკეტი 8,5 მილიონ ლარად შეისყიდა.
"პირველი ბრიტანული ბანკის" საწყისი კაპიტალი 14 მილიონი ლარი იყო, რაც 2 მილიონით აღემატებოდა საქართველოში არსებულ საშუალო საბანკო მაჩვენებელს. პანტიკო თორდია ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრიდან ერთ-ერთი იყო. მის გარდა "პირველი ბრიტანული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ადამ დევიდ კლირი და ფრანკ რეისი იყვნენ. 2009 წელს ბანკს ლიცენზია გაუუქმდა და მისი ლიკვიდაცია გამოცხადდა.
2009 წლის სექტემბერში "ბლეკ სი ქეპითალ ჰოლდინგი" დაფუძნდა, რომელიც ბრიტანული ბანკის ბაზაზე შეიქმნა. ეს კომპანია "პირველი ბრიტანული ბანკის" სამართალმემკვიდრე გახდა. ახალი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბანკების ცუდი სესხების მენეჯმენტია. ის კომერციულ ბანკებს სესხების დაფარვაში ეხმარება. რამ აიძულა პანტიკო თორდია და მისი კომპანიონები მათი კუთვნილი ბანკის ლიკვიდაცია გამოეცხადებინათ, უცნობია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქართულ საბანკო სექტორში 2009 წელს გამძაფრებული კრიზისი იყო.

სკანდალები

პანტიკო თორდია რამდენიმე არაკომერციულ, სკანდალურ ისტორიაშიც გაეხვია. 2003 წელს უცნობმა პირებმა პანტიკო თორდიაზე თავდასხმა განახორციელეს – მას ესროლეს, თუმცა, ის არ დაშავებულა. ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს, მისი ძმისშვილი, ზაზა თორდია, ზუგდიდში საკუთარი სახლის მახლობლად უცნობმა პირებმა გაიტაცეს. გამტაცებლებმა თორდიების ოჯახს გამოსასყიდის სახით 500 ათასი დოლარი მოსთხოვეს. 17 წლის ზაზა თორდიას გათავისუფლება ოთხთვიანი ტყვეობის შემდეგ, 2005 წლის დასაწყისში მოხერხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის სოფელ რუხში ჰყავდათ დატყვევებული, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. გატაცების დეტალები დღემდე არ გახმაურებულა. არც ის არის ცნობილი, გადაიხადა თუ არა თორდიების ოჯახმა გამოსასყიდი.

კერძო საკუთრების მორიგი წართმევა

საინფორმაციო საშუალებები წყაროს არ უთითებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმაც დაგვიდასტურა, ეს ქარხანა კერძო საკუთრებაა და მასში სახელმწიფოს წილი არ აქვს. გამომდინარე აქედან, თუ "თბილავიამშენის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, პანტიკო თორდია მართლაც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჩაანაცვლა, ეს იქნება კერძო საკუთრების მორიგი წართმევა, რომელიც ოფიციალურად ისე ფორმდება ხოლმე, როგორც კერძო საკუთრების სახელმწიფოსთვის ჩუქება.

იარაღით ვაჭრობა და ბატონი პანტიკო

ბოლო დროს, აქტიურად საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობაზე იარაღით ვაჭრობაში - საერთაშორისო კონტრაბანდაში, რომლის კრიმინალური საფუძვლებიც არამარტო ქართველი სპეციალისტების, არამედ საზღვარგარეთის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროშიც მოექცა. არაერთხელ დასახელდა საქართველოსთან ერთად ამ კონტრაბანდაში მონაწილე ქვეყნები - ისრაელი, უკრაინა, იორდანია და ა. შ. ასევე ასახელებდნენ კონკრეტულ გვარებსაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია.
ტელეკომოპანია "მაესტროს" ეთერში იარაღით ვაჭრობის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც
ქართველი მილიონერი, "თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი პანტიკო თორდია ფიგურირებს:
"ა. ისლამოვმა (იარაღით მოვაჭრემ – ა.ე.), იარაღით მოვაჭრემ, გამოკვეთა მისი ახლო ურთიერთობა "თბილავიამშენის" გენერალურ დირექტორთან - პანტიკო თორდიასთან. მისი განმარტებით, ამ უკანასკნელთან არაერთხელ ჰქონდა საუბარი კომერციულ თემაზე, რომელიც შეეხებოდა "თბილავიამშენის” ნაწარმის - საბრძოლო თვითმფრინავებისა და მათი მარაგნაწილების რეალიზაციას აფრიკის ქვეყნებში".
მაგრამ მალევე ისლამოვის გადაზიდვები შეფერხდა. იარაღით მოვაჭრე, დოკუმენტის მიხედვით, სირთულეების შექმნაში პანტიკო თორდიას სდებს ბრალს. ისლამოვის თქმით, ქართველმა მილიონერმა თორდიამ მოახერხა სამთავრობო დონეზე გარიგების ჩაშლა, რადგან აღნიშნული ტვირთების გადაზიდვა თავად სურს”.
"თორდიამ სატელეფონო და სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა", - აღნიშნავდა `მაესტრო". "თუმცა დაადასტურა, რომ ისლამოვს იცნობს; არ უარყო, ასევე, მეგობრობა სააკაშვილის ბიძასთან - თემურ ალასანიასთან, რომლის სახელმაც იარაღის ბიზნესთან დაკავშირებით არაერთხელ გაიჟღერა. პანტიკო თორდიამ არ დაადასტურა ისლამოვის არც ერთი განცხადება და თქვა, რომ ისლამოვი ტყუის. თავად ისლამოვი კი აღნიშნავს, რომ მას სპეცსამსახურები დევნიან" - ნათქვამია სიუჟეტში.

როგორც ზიმბაბვეში

2005 წლიდან "თბილავიამშენის" აქცების საკონტროლო პაკეტის მფლობელი პანტიკო თორდია გახდა. დანარჩენი აქციები, სავარაუდოდ, ეკუთვნოდათ მის მოადგილეებს, რასაც ასაიდუმლოებდნენ. ითვლებოდა რომ ქარხანა პანტიკო თორდიას საკუთრება იყო. ასეც ექცეოდა ქარხანას, ახლა ყველაფერი წაართვეს.
დღეს სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს იძენს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ”თბილავიამშენია”, რომლის კონტრაქტორიც უკვე წლებია გახლავთ თავად თავდაცვის სამინისტრო. 1 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში ისიც ითქვა, რომ ქარხნის ბაზაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა იგეგმება. თუმცა ”თბილავიამშენის ” სახელმწიფო სტრუქტურასთან ასეთ მოულოდნელ მიერთებას ეჭვის თვალით შეხედეს ექსპერტებმა სამხედრო და ეკონომიკის სფეროში და ეს ამბავი სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მითვისების კიდევ ერთ ფაქტად შეაფასეს.
”თბილავიამშენში”, რომელიც ერთ-ერთი უდიდესიმოქმედი ქართული საწარმოა, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. "არ შეიცვლება კომპანიის ძირითადი გეგმები, მაგრამ ის დღეიდან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შევა", - განუცხადა მედიას პირველ ივლისს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რევაზ ჭარბაძემ.
საავიაციო ქარხნის სახელმწიფოს მმართველობაში გადაცემის ფაქტი დაადასტურა "თბილავიამშენის" ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამაც და აღნიშნა, რომ მიესალმება ქარხნის ბაზაზე სამხედრო მრეწველობის კომპლექსის ჩამოყალიბების სახელმწიფო გეგმას, - "ამ კომპლექსის შექმნა სერიოზულად გააუმჯობესებს სიტუაციას ჩვენს კოლექტივში, გარანტირებული ვიქნებით შეკვეთებით და, როგორც ვიცი, ეს პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს", - აცხადებს პანტიკო თორდია.
თუმცა, ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა გააჩინა. რა ინტერესი აქვს თავდაცვის სამინისტროს "თბილავიამშენში", განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სამხედრო-საჰაერო სარდლობა გაუქმებულია და, პირიქით, რატომ შევიდა სახელმწიფო სტრუქტურის შემადგენლობაში "თბილავიამშენი". თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე განმარტავს, რომ ეს გაერთიანება ორივე მხარისათვის მომგებიანია, რომ მათ შორის არსებული თანამშრომლობის პროცესში არაერთი პროცედურა გამარტივდება.


ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48