ნანახია: 1261
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან
"ასეთი ცვლილებები დროდადრო ხდება. მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი დაბალია. რატომ? ამის მთავარი მიზეზია ქვეყნის პირველი პირის მიდგომა ასეთი ცვლილებებისადმი. იგი მხოლოდ და მხოლოდ `გამოყენებითია" - ამ მომენტში ხალხს მოვაწონებ თავს და გონიერ კაცს შევიყვან მთავრობაში, იმ მომენტში იულონ გაგოშიძე გამომადგება - იტყვიან - ვინ თქვა, ასაკოვნებს ჩარეცხილებად მიიჩნევსო, იქაც ქალბატონს, თანაც სიმპათიურს და დასავლურად განსწავლულს გავამინისტრებ, ხათუნა კალმახელიძეს, არც პატიმრებს უშლის ნერვებს და არც უფლებადამცველებს და ასე შემდეგ. აბა, რა აზრი აქვს მინისტრების პერსონალიებს? კაბინეტური სისტემა ზურაბ ჟვანიასთან ერთად მოკვდა. არადა, რამდენი ჭიდაობა დასჭირდათ ე.წ. "ახალგაზრდა რეფორმატორებს", რომ შევარდნაძისთვის კაბინეტური სისტემით მთავრობის დაკომპლექტების უფლება, ხელისუფლებასთან ერთად, გამოეგლიჯათ ხელიდან. მინისტრი ჩვენთან არ ქმნის პოლიტიკას, არ ხელმძღვანელობს მიმართულებას, არ არის ფუნქციონალურად გამართული სახელმწიფო სტრუქტურის მნიშვნელოვანი პერსონა. იგი პაიკია, მარიონეტია, უკეთეს შემთხვევაში, თუ "პირველთან" დაახლოებული პირია, მის ყურთანაც ახლოს არის და ამდენად, რაღაცას დაუმტკიცებს, რაღაც სიკეთეს მიიღებს, დაფინანსებას "თავისთვის", შეღავათებს, პრივილეგიებს, ესაა და ეს. მაინც ატრიალებს სააკაშვილი ამ "კარუსელებს". ვიღაცას თვალს მოაფარებს, ვინც ხალხს მაინცდამაინც არ ეპიტნავება, ვიღაცას ქანცი გაწყდება და შეცვლაა საჭირო, ვიღაცას ყავლი გაუვა, როგორც მაგალითად, დევნილების მინისტრ სუბელიანს. ამიტომაც, ხომ უნდა გაართო მასა, ისედაც საკმაოდ დაღლილი მძიმე სანახაობით, რომელსაც "არჩევნები" ერქვა. მაინც ცნობისმოყვარენი ვართ ქართველები. თანამდებობებზე ხალხის შეცვლა და ფეხბურთი გვიყვარს. უფრო სწორად, საუბარი ამაზე. ზუსტ ინფორმაციას ვინ გაღირსებს. ჰოდა, ჩვენც "ხმებით" ვსაზრდოობთ, თავს კი რომაული სენტენციით ვიმშვიდებთ: Haud semper erat fama! ანუ "ყოველთვის როდია ჭორი ტყუილი!" ამას ცოტა ინტუიციაც წავამატოთ, ცოტა ანალიტიკაც და ნოსტრადამუსი თუ არა, ვანგას წმინდა აჩრდილს მოვაგონებთ ვისმე. მით უფრო, თუ გავთამამდი, როცა თბილისში ახლადჩამოსულ ალასანიას ოპზიციის "ტროას ცხენი" ვუწოდე "რეზონანსში", ორი თვის წინ, 2013 წლამდე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის მთავარი გარანტი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე _ 20% და გიგი უგულავასთვის მიმლოცველების რიგში ჩადგომა, ხოლო თავად უგულავას 55,55%. შეადარეთ ოფიციალურ (დაწერილ, დაფიქსირებულ) 55,52%-ს!!! ასე რომ, მისმინეთ მსმენნო!!! სავარაუდოა, რომ პრემიერი გილაური ფინანსთა მინისტრად მოგვევლინება, კახა ბაინდურაშვილი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური ფინანსისტია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. თანამდებობის გარეშე არც ირაკლი ქადაგიძე დარჩება. მე მას მაღალი რანგის მოხელედ და მოღვაწედ მივიჩნევ, დიდი იმედით შევხვდი ეროვნულ ბანკში მის მისვლას და სებ-ის ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე აღებულ კურსს. როგორც ჩანს, მას სახელისუფლებო კონიუნქტურამ შეუშალა ხელი, უწინარეს ყოვლისა, კახა ბენდუქიძის დაჯგუფების ყოვლისშემძლეობამ. ძალოვანები, ალბათ, უცვლელად დარჩებიან. მე ვერ გეტყვით, როგორი მინისტრია ბაჩო ახალაია, მაგრამ სარწმუნოდ აღვნიშნავ, რომ ვანო მერაბიშვილი ფუნქციურად, ამ ეტაპზე, შეუცვლელია. (ესეც მწამს და ვინც მიცნობს, იცის, ამ უწყებებთან საპირფერო არაფერი მაქვს). შესაცვლელია მთელი ეკონომიკური ბლოკი. ეკონომიკური პოლიტიკა არ გვაქვს. ლარი უმწეოდ ჰკიდია სავალუტო რეზერვზე. სოფლის მეურნეობა მოკვდა. ჯანდაცვა და სოციალური სისტემა დაინგრა. ბიზნესი კორუმპირებულია. მომგებიან დარგებში მძვინვარებს კარტელური გარიგებები და ოლიგოპოლია. მრეწველობა აღარ არსებობს, ტურიზმი გაჩერდა. საზოგადოებრივ სამუშაოებზე რამდენს დაასაქმებ?! მთავრობა მთლიანადაა შესაცვლელი. 18 პუნქტი, 18 პროექტი, 18 დაპირება, რომლის შეუსრულებლობისთვის პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო-დემოკრატების" ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომა მოითხოვა, ისევ ძალაშია. მე დავუმატებდი კიდევ ერთს - ნაციონალების ადრინდელ საარჩევნო სლოგანს - `საქართველო სიღარიბის გარეშე~ და შევადარებდი დღევანდელ შედეგს - ქვეყნიდან ბოლო დროს შიმშილს გაქცეული ერთი მილიონი ადამიანი, მოსახლეობის ორი მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, უმუშევრობის 50-60%-იანი დონე. . . საჭიროა კიდევ გაგრძელება? PR აქციებით გაძნელდება გაქაჩვა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა უხმოს გონიერ ადამიანებს მთავრობაში, არა ტორონტოდან და კალიფორნიიდან ჩამოყვანილ ექსპერიმენტატორებს, არამედ ნაცად მებრძოლებს. მაგრამ ჯერ ხელისუფლების გადარჩენაა საჭირო. თბილისის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით უკვე აღარც უცხოელები "ბოლდებიან". ჯერ რუსებთან უნდა გავრიგდეთ. ამისთვის ცოტა ჩალიჩია აუცილებელი, შეიძლება, ბევრიც. პირველ რიგში, შაშკინის გაპრემიერება. მე, როცა ეს განათლების მინისტრად დაინიშნა, "ბ&ფ"-ს მკითხველს მაშინვე გავანდე, პრეზიდენტის შორსმიმავალი ზრახვების თაობაზე დიმიტრი შაშკინთან დაკავშირებით. შაშკინით მიშა რუსებსაც ეტყვის, თქვენი ვარო და ამერიკელებიც მშვიდად ეყოლება... განათლებას გოკა გაბაშვილს ჩავაბარებდი. დევნილებს ვერა ქობალიას, უცხო ენა უნდა იცოდეს კარგად. თემურ იაკობაშვილს ვიცე-პრემიერად გადავიყვანდი. ასეც მოხდება, ალბათ. რამდენად შეცვლის ეს ვითარებას, ძნელი სათქმელია. მე, რომ ხელისუფლებში მრჩეველი ვიყო, ვიცე-პრემიერის სამ თანამდებობას შემოვიღებდი და ამ პოსტზე კახა ბენდუქიძეს, ლევან რამიშვილსა და გიგა ბოკერიას დავნიშნავდი. როცა ისინი (უცხოელ საიდუმლო მრჩევლებს არ ვგულისხმობ), ვინც "ჩრდილიდან" მართავს მოვლენებს, კონკრეტულ ძალაუფლებას არ ფლობენ და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არ აკისრიათ, მაშინ ირყევა, ირყვნება და ინგრევა ხელისუფლება, რომელიც ჯერ ძალადობად იქცევა, ხოლო შემდეგ მარაზმში იძირება. დანიშნეთ, ბატონო პრეზიდენტო, რეალური გავლენის მქონენი რეალურ თანამდებობებზე. ახლა ხომ ხალხი ჩუმადაა, დიდი ხნით გაჩუმდა, ოპოზიცია კი მოსყიდული, გაფარჩაკებული და განადგურებულია. ახლა შედეგის მიღწევა იოლია. ვფიქრობ, ხელისუფლებამ დრო ფუჭად არ უნდა დაკარგოს. ... თორემ ხვალ გვიან იქნება! `ვიდრე ხვალ?!”
|