ნანახია: 1468
ომის შემდგომი კრიზისიდან ქვეყანა თანდათან გამოდის, თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ადრე დაკარგული რეგიონების გარდა, სხვა ტერიტორიებიც დაიკარგა. საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს ახალგორის რაიონს, რომელიც რუსეთის სეპარატისტულმა არმიამ მთლიანად დაიკავა. აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის რაიონი იმ ტემპსა და რიტმში ცხოვრობდა, როგორშიც დანარჩენი საქართველო. მანამდე აქ განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. დღეს კი, მისი დე-იურე და დე-ფაქტო სტატუსი, გაურკვეველია. გაურკვეველია ვის შემადგენლობაში შედის ეს რაიონი, საქართველოს თუ ცხინვალის ოლქში. საბჭოთა პერიოდში ახალგორი მთლიანად შედიოდა ცხინვალის შემადგენლიბაში და მას ლენინგორის სახელით მოიხსენიებდნენ. იმ დროს იქ მცხოვრები ოსები და ქართველები, ერთმანეთის მიმართ კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ. თუმცა, საქართველოში არეულობის დაწყების შემდეგ (1984-86წწ) მდგომარეობა აქაც გართულდა. იქ მცხოვრები ოსების ნაწილი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები და ცხინვალის მიმართულებით გადასულიყვნენ, 1987 წელს კი ლენინგორი ცხინვალს გამოეყო და უკვე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. 2008 წლის 6 აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი, ვითარება ამ რაიონში რადიკალურად შეიცვალა. იგი მთლიანად რუსეთის არმიის და ოსური ფორმირებების მიერ იქნა დაკავებული. შეშინებული მოსახლაობის ნახევარზე მეტმა საცხოვრებელი სახლები დატოვა და დედაქალაქს შეაფარა თავი, თუმცა იმედი იმისა, რომ მალე დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს, დღემდე არ დაუკარგავთ. რაიონის შესასვლელში 2 ბლოკ-პოსტია, რომელიც მოსახლეობის შესვლა- გამოსვლის კონტროლითაა დაკავებული. წინა პოზიციებზე ქართველები, ხოლო 100 მეტრის მოშორებით რუსეთის ოკუპანტური არმიაა განლაგებული. აგვისტოში ახალგორის გამგებელს ზურა ფიცხელაურს იძულებით დაატოვებინეს დაკავებული თანამდებობა და რაიონი ისევ ცხინვალის ოლქად გამოაცხადეს, იქ დარჩენილ მოსახლეობას კი თავისი პირობები წარუდგინეს. რაიონში კომენდატის საათია გამოცხადებული. გარკვეული დროის განმავლობაში, კერძოდ, ღამის 10 საათიდან დილის 8 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში ამ დროის განმავლობაში მოქალაქე გამოჩნდება, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ის ცოცხალი გადარჩება. მთელი ღამის განმავლობაში, დაზვერვის მიზნით, რაიონში ‘ურალის~ მარკის ავტომობილები გადაადგილდებიან. დღესდღეობით, რაიონის ცენტრში რამდენიმე მაღაზია ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია, პირველადი მოხმარების საგნების ყიდვა, ასევე მუშაობა არ შეუწყყვეტია რაიონის საავადმყოფოს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ მომუშავე პერსონალი რუსებით და ოსებით არის დაკომპლექტებილი. თუ რამდენიმე თვის უკან რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის მეგობრული დამოკიდებულება იყო, ამჟამად ვითარება სრულიად შეიცვალა. მეზობელი მეზობელს აღარ ენდობა და ამის უამრავი ფაქტია დაფიქსირებული. საქართველოს ხელისუფლებამ რაიონს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელიც ჟინვალიდან მარაგდება, იგი არ შეწყვეტილა. მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებს არ იხდის, ერთი მიზეზის გამო, არ არსებობს დაწესებულება, სადაც შესაძლებელია დანახარჯის გადახდა. მოსახლეობას რუს სამხედროებთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით ოსურ ფორმირებებზე, რომლებიც მოსახლეობის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან. ამ ხნის განმავლობაში არანაირ ძარცვას, ან სხვა სახის ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, ასევე უპრობლემოდ ხდება რაიონიდან სხვა რეგიონში გადაადგილება. ერთი შეხედვით რაიონი წყნარ ტემპში განაგრძობს ცხოვრებას, თითქოს არანაირ ცვლილებას არ ჰქონია ადგილი, მოსახლეობა თანდათან ცდილობს შეეგუოს ახალ კანონებს, რომელსაც რუსები და ოსები ადგენენ. სხვა შემთხვევაში, იძულებულნი არიან სამუდამოდ დატოვონ საცხოვლებელი ადგილები.
ნათია ციგრიაშვილი
|