ნანახია: 508
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან
- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ახლახანს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებს? - ასეთი არჩევნები არც მე მახსოვს. ამით მინდა გამოვეხმაურო ბატონ ანდრო ბარნოვს, პოლიტოლოგს, რომლის ინტერვიუსაც ანალოგიური სათაურით ინტერნეტში გადავაწყდი. სამწუხაროდ, ვერ გავეცანი, დრო არ მქონდა, საინტერესოა, ბატონი ანდრო რა მახასიათებლებით გამოარჩევს ამ არჩევნებს მის მეხსიერებაში არსებული სხვა წინა არჩევნებთაგან. მე, ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ მათუსალას ხნის არც მე ვარ, მაგრამ ბევრი არჩევნები მახსოვს 1990 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე, სხვათაშორის ის არჩევნები, რომელიც 28 ოქტომბერს შედგა, დღემდე საქართველოში ჩატარებული ერთადერთი სამართლიანი არჩევნებია. გეტყვით, რომ მეც, ბატონ ბარნოვისა არ იყოს, ასეთი არჩევნები არ მახსოვს. ეს იყო მასშტაბური გაყალბების და ამომრჩეველზე პერმანენტული ფსიქოლოგიური ზეწოლის თვალსაზრისით, უპრეცედენტო არჩევნები. - რა გაძლევთ ასეთი შეფასების გაკეთების საშუალებას? - ნამდვილად არ ვარ სუბიექტური და არც ჩემი ქვეყნის ავისმოსურნე გახლავართ. არც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვუდგავარ კრიჭაში, იქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ჩემი მეგობრებიც არიან. სწორედ მათ სასიკეთოდ მინდა საგნებს თავისი სახელი დაერქვას. ჩვენზეც ვრცელდება უნივერსალური ჭეშმარიტება – No justice, no peace! ანუ, ვიდრე არ არის სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა და ვერავინ შეირგებს ვერც ძალაუფლებით ტკბობას და ვერც უსამართლობის პირობებში მოხვეჭილ სიმდიდრეს. როცა ვამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ვგულისხმობ არა პირველ რიგში ე.წ. სომხურ კარუსელებს, საკმაოდ ფართოდ რომ იყო გამოყენებული და არა ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების ეშელონირებულ სისტემას, რომლებიც თითოეულ ოჯახზე, თითოეულ მოქალაქეზე აწარმოებდნენ ინტენსიურ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იყენებდნენ რა მათი ოჯახის წევრების ნარკომანობას, კრიმინალურ ბიოგრაფიას ანდა სულაც უკიდურეს სიღატაკეს, არამედ გაცილებით არსებით მომენტებს. ესაა, ელექტრონულ მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი, პირდაპირ ან ცრუმაგიერი პირების მეშვეობით, საინფორმაციო სივრცის დახშულობა მთლიანად რეგიონებში და არსებითად, დედაქალაქში, სამართლიანი სასამართლოს არარსებობა, თავისუფალი ბიზნესისა და კონკურენტული გარემოს არარსებობა, ბიზნესის კორუმპირებულობა, რაც გამორიცხავდა საქმიანი წრეების მხრიდან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. და განა ამ ყველაფერს თუ მივუმატებთ უხეირო და გაუმართავ საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ კონტროლს მმართველი პარტიის მხრიდან და სახელისუფლო რესურსის არათუ გადაჭარბებით, არამედ წარმოუდგენელი მასშტაბებით გამოყენების პრაქტიკას, თუ ღმერთი გწამთ, რომელ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. - თუმცა, უცხოელი დამკვირვებლები ხარვეზებს აღნიშნავენ, მაგრამ არჩევნებს სამართლიანად მიიჩნევენ. ამ ფაქტორს თქვენ იგნორირებას გაუკეთებდით? - საქართველოში ექსკურსიაზე ჩამოსული დამკვირვებლების თაობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. მათ, გნებავთ, ეუთოს აბრევიატურა ჰქონდეთ წამძღვარებული და გნებავთ, სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის. ასევე გასაგებია ჩემთვის ელჩების განცხადებებიც. თუმცა, მე სოლიდური ქვეყნების საქართველოსთან ძალიან დამეგობრებული დიპლომატების განცხადებებშიც ვერ ამოვიკითხე ცნებები და სიტყვათშეთანხმებები: "გამჭვირვალე არჩევნები", "სამართლიანი არჩევნები", "დემოკრატიული არჩევნები". სამაგიეროდ, მე ვნახე ტელეკომპანია კავკასიაზე პროექტ "ცხელი ხაზის" ბოლო გადაცემა, სადაც ალეკო ელისაშვილს სტუმრად ჰყავდა სამი შესანიშნავი ახალგაზრდა ქალბატონი: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი და "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ეკა სირაძე. ძალიან საინტერესოდ და არგუმენტირებულად ისაუბრეს ამ მომხიბლავმა ქალბატონებმა წინასაარჩევნო პროცესზე, მის შუქჩრდილებზე, დარღვევებზე და ა.შ. ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემის ფინალში მათ დაუსვა ინტერაქტივის კითხვა: როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში _ როგორც სამართლიანს, თუ როგორც უსამართლოს. ამ სამივე კვალიფიციურმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში არისარასამართლიანი. ჩემო კარგო, ამას ამბობს სამი ყველაზე ავტორიტეტული ქართველი ექსპერტი, სამი ყველაზე ავტორიტეტული, პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ვინ მეტყვის, ამის შემდეგ, რომელი უცხოელი მოგზაური, რომ არასამართლიან და უსამართლო წინასაარჩევნო გარემოში შეიძლება ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. რისთვის გვინდა ასეთი თვალთმაქცობა? ვინ უნდა მოვატყუოთ? ქართველი ხალხი? უცხოელები? მათ ხომ ჩვენზე უკეთ იციან საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე. ისევ ხაზს გავუსვამ, რომ ასეთი მასშტაბური ზეწოლა ამომრჩეველზე მაშინაც კი არ იყო საქართველოში, როცა შეიარაღებული ბანდები დაძრწოდნენ გადატრიალების შემდგომ პერიოდში 1992-1994 წლებში. - ბატონო ვაჟა, რა უნდა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, ვითარება საკმაოდ რთულია. რა შეიცვალა ამ არჩევნებით ქვეყანაში? - მე ვიტყოდი, რომ ამ არჩევნებით საქართველოში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია საქართველოს გარშემო და ეს გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობას, დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება ვერ დააბალანსებს. მისი ინტელექტუალური პოტენციალი გამოცდილება და მართვის უნარ-ჩვევების ფლობა ამ ამოცანების გადასაწყვეტად არასაკმარისია. ის ვარსკვლავები, რომლებიც ამ ხელისუფლებაში არიან და ვინც როგორ უნდა ისე იფიქროს, პირდაპირ დავასახელებ – ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია არასწორი მიმართულებით იხარჯებიან. სახეზე გვაქვს მხოლოდ ერთი პოზიტიური შედეგი სახელმწიფოს აღმშენებლობაში, ესაა გამართული საპოლიციო სტრუქტურები, თუმცა პოლიტიკური პოლიციის ნიშნებით და ალაგმული კრიმინალური სამყარო. სხვა შედეგები არც ხილულ და არც შორეულ პერსპექტივაში ჯერ-ჯერობით არ ილანდება. ახლა, დანიელ კუნინებს და სხვა უცხოელ მრჩევლებს თუ მივაჩერდით მორჩილი ლაქიებივით, არაფერი გამოვა. გახსოვთ, ალბათ, დიდი ფინანსისტის, ბალცეროვიჩის ჩამოყვანამ ვერაფერი არგო შევარდნაძის რეჟიმს, რომელიც არასწორად მოქმედებდა და კორუფციის ჭაობში ეფლობოდა თანდათან იმაზე ოცნებაში, რომ ამერიკელები, როცა ბალკანეთს დააწყნარებდნენ, რუსებთანშეთანხმდებოდნენ და ხონჩით მიართმევდნენ შევარდნაძეს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. შეცვლით არაფერი შეიცვალა. ამავე დროს, დაფიქსირდა, რომ ხელისუფლებამ შეძლო რეალური ოპოზიციის მარგინალიზაცია და ყველა ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფს პირდაპირ ან ირიბად თავის ჭკუაზე ატარებს. არიან გამონაკლისები, რომელთა შორის დღეისთვის მე მოვიაზრებ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. თუმცა, ვერ გეტყვით, გაძლებს თუ არა იგი ბოლომდე, რამეთუ ჯორდანო ბრუნოს ჯალათისა არ იყოს, მანაც იცის, რომ დედამიწა ბრუნავს, მაგრამ ოჯახი და შვილები ჰყავს. ასე რომ, ახდა ბატონ ნოდიას წინასწარმეტყველება - ოპოზიცია გაფარჩაკებულია და, ფაქტობრივად, თავიდან ყალიბდება. ახლა მთავარია უახლოეს პერიოდში, ამ ზაფხულსვე, ვინ შეძლებს ქართველი ხალხისთვის იმის დამტკიცებას, რომ მათი ინტერესების და მისწრაფებების გამომხატველია. ეს ამ ძალებმა უნდა მოახერხონ არათავისუფალი მედიის, მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი კორუმპირებული ბიზნესის, უფულობის და უკანონობის პირობებში. მაგრამ რას იზამ, საქართველოს პოლიტიკა იყო და არის გმირების სარბიელი. აქ პოლიტიკა კიდევ კარგა ხანს არ იქნება პოსიბილისტების არენა, ანუ იმათი სარბიელი, ვინც პოლიტიკას შესაძლებლის ხელოვნებად მიიჩნევს. ესაა ოპოზიციის ლიდერის _ ირაკლი ალასანიას წარუმატებლობის მიზეზიც. - გმადლობთ
ესაუბრა შოთა ლიქოკელი
|