"საქართველოში მოქმედ დეველოპერებს მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო ბანკიდან კრედიტი ვერ გამოაქვთ"
გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა უძრავი ქონების ბიზნესს ისეთ ქვეყნებშიც კი რომლებიც მსოფლიო ბაზრის პასიური მონაწილენი არიან. საქართველოს სამშენებლო კომპანიები გაყიდვების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ. გარდა ფინანსური კრიზისისა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამაც გაამძაფრა სიტუაცია. ამასთანავე არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებს სამშენებლო სექტორს. გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ამ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტ ნიკო კახეთელიძეს ესაუბრა.
- რამდენიმე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამშენებლო სექტორი კრიზისიდან გამოსვლის გზას ადგას. თქვენი შეფასებით, დღესდღეობით რა მდგომარეობაა ქართულ სამშენებლო სფეროში და მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში ამ სფეროში არსებული კრიზისის დაძლევა?- რას ნიშნავს გამოდის კრიზისიდან. "ძველი თბილისის რეაბილიტაციის" პროექტს მე, ალბათ, ავარიული რეაბილიტაციის ფონდს დავარქმევდი. მაგალითად, ნაძალადევი ერთ-ერთი ისეთი უბანია, რომელიც ძველ თბილისად არ შეიძლება ჩაითვალოს. ძველი თბილისი ეს ვახუშტის გეგმის მიხედვით შემოსაზღვრული ქალაქის ზონაა. სამშენებლო კომპანიებს ეძლევათ შანსი, რომ დაამთავრონ დაწყებული სახლები და ის ვალდებულება, რაც მათ ჰქონდათ ზოგიერთ კლიენტთან. სახელმწიფო აძლევს სამშენებლო კომპანიებს სახსრებს, რათა მათ დაამთავრონ დაწყებული სახლები. ამან როგორ შეიძლება გამოიწვიოს მშენებლობის აღმასვლა? რანაირად გაიზარდა მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან? მე მოთხოვნას ვეძახი იმას, როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა იყიდოს ბინა. თავისთავად ბინა შეიძლება ვიღაცას უნდა, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით მოთხოვნა არ გაზრდილა. ბანკში კრედიტის აგება ძალიან გაჭირდა, ანუ კრედიტი რომ გამოიტანოს მოქალაქემ ბანკიდან და იყიდოს ბინა, ეს საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს ფაქტობრივად არ შეუძლია. სხვა პერიოდთან შედარებით ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში უფრო მძიმეა.
-რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ მერიის დახმარებით და დაფინანსებით `ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი~-ს ფარგლებში შეჩერებული მშენებლობები განაახლა. თქვენი აზრით, რა ეფექტს მოახდენს ეს? - ზოგადად ბაზარზე ეს ეფექტს ვერ მოახდენს. ახლა დეველოპერები ქმნიან ფონდს, რომელიც სიტუაციას გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს კლიენტების მოზიდვას, მაგრამ ეს მყიდველთა საკმაოდ პატარა პროცენტია.
- რამდენად შეესაბამება საქართველოს სამშენებლო კომპანიების სტანდარტები საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების სტანდარტებს?- საქართველოს სამშენებლო კომპანიებს არანაირი სტანდარტი არ გააჩნიათ. ქვეყანაში არ მოქმედებს სტანდარტი. ნორმა, რომელიც იყო კომუნისტების დროს, ის ნორმა არ ფუნქციონირებს და ახალი არ მიღებულა. არა არის ასევე მიღებული კანონი `მშენებლობის შესახებ~. მაგალითად დასავლეთში, ვთქვათ, გერმანიაში ან სხვა ევროპულ ქვეყნებში დეველოპერებს აქვთ შესაძლებლობა გამოიტანონ ბანკიდან კრედიტი 5-6%-ად, შეადარეთ ჩვენი საპროცენტო განაკვეთი და სხვა ქვეყნებში არსებული საპროცენტო განაკვეთი. თანაც იქ მშენებლობის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენთან. კრიზისი არის მთელ მსოფლიოში და აქ როგორ შეიძლება, რომ მშენებლობის აღმავლობა იყოს.
- საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ სამშენებლო სფეროში კრიზისი ამ სფეროს სახელმწიფოს მხრიდან არარეგულირებამ გამოიწვია. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ამ სფეროს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება და რა ორგანოს უნდა გადაეცეს ეს ფუნქცია?- შეიძლება შეიქმნას სააგენტო. ეს ყველაფერი რეგულირდება კანონით და ნორმებით. საქართველოში მსგავსი არაფერი არსებობს და შესაბამისად, რეგულირებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი მშენებლების და არქიტექტორების ინდივიდუალური მოსაზრებების საფუძველზე უნდა გაკეთდეს.
ესაუბრა ელინა აივაზოვა