ნანახია: 984
დღეს დეველოპერულმა კომპანია “აქსისიმა” პრესსკომფერენცია მოაწყო, სადაც მისმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ მომხმარებელს ფართის შეძენის ახალი პირობები გააცნო. ახალი შემოთავაზება - escrew – ანუ სპეციალური სადეპოზიტო ანგარიში, გულისხმობს ახალი ფართის ან ბინის რისკის გარეშე შეძენას. “აქსისის” ახალი პროექტი მიზნად ისახავს მიმდინარე მშენებლობებში ინვესტირებისას მომხმარებლის რისკების განულებას. ეს არის ბანკებისა და უძრავი ქონების დეველოპერის საერთო შეთავაზება. სადაც ამ დროისათვის ჩართულია ისეთი წამყვანი ბანკები, როგორიცაა “საქართველოს ბანკი” და “თი ბი სი ბანკი.” შეთავაზების არსი არის ის, რომ მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის სასურველ უძრავ ქონებას, რომელიც დასრულდება 3 თვიდან 2 წლამდე ვადაში და აფორმებს სამხრივ ხელშეკრულებას ბანკთან და დეველოპერთან. რისკების განულება კი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი ხსნის სადეპოზიტო ანგარიშს ბანკში, რომელზეც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ამ ანგარიშზე განათავსებს სასურველი უძრავი ქონების საფასურს ან მის ნაწილს. დეველოპერს კი თანხის მიღების უფლება ექნება მხოლოდ მას შემდეგ რაც ის შეასრულებს მომხმარებლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად მომხმარებელი იქნება დაცული იმ მხრივ, რომ მას ექნება უფლება ანგარიშიდან მოხსნას თანხა ან გააგრძელოს ხელშეკრულება. ნებისმიერ ამ შემთხვევაში კი მას მაინც რჩება დარიცხული საპროცენტო განაკვეთი. - “მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს სასურველი უძრავი ქონება საწყის ეტაპზევე, ბევრი ალტერნატივიდან და იწყებს უძრავი ქონების შეძენას დეველოპერებთან ფინანსური ანგარიშსწორების გარეშე. მას დაზღვეული აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და მეტიც, ზრდის მას, რადგან მთელი მშენებლობის პერიოდში მას ერიცხება საბანკო განაკვეთი. მშენებლობის დასრულებამდე და ვალდებულებების დროულ შესრულებამდე კი ჩვენ არ გვექნება უფლება გამოვიყენოთ ეს თანხა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებლის რისკი ნულის ტოლია, რადგან მისი ფინანსები სრულად დაცულია და იზრდება კიდეც. ამ შემოთავაზებაში ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
თათია ჩაფიჩაძე
|