ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც მონაწილეობის მიღების სურვილი საწყის ეტაპზე 23-მა დეველოპერულმა კომპანიამ გამოთქვა დასრულდა და მერიაში მხოლოდ 11 კომპანიის მიერ შეტანილი განაცხადის განხილვა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, მერია დეველოპერებს დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად საბანკო სექტორის წინაშე კრედიტის მიღების გარანტად დაუდგება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი დეველოპერები ძველ თბილისში, ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს.
პირველი, ვინც მერიაში განაცხადი შეიტანა "ეუბე ჯორჯია" იყო, რომელმაც საკონკურსოდ პროექტი "კრწანისი პალასი" წარმოადგინა. გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია სოლოლაკსა და ვორონცოვზე მცხოვრებ 13 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინებით 4-5 თვეში დააკმაყოფილებს.
კომპანია "არსი" ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამაში 5 პროექტითაა წარმოდგენილი და ალტერნატიული ბინებით 100 ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს. მერიის გარანტიით კი კრედიტს კომპანია "საქართველოს ბანკის" და "თი ბი სი ბანკისგან" მიიღებს.
სამშენებლო კომპანია "ტექსმა" მხოლოდ ერთი პროექტი "შანხაი ტექსი" წარადგინა. კომპანია კრედიტს "საქართველოს ბანკისგან" მიიღებს და წელიწადნახევარში 30-მდე ოჯახს გადაიყვანს ახალ ბინაში.
პროექტს გამოეთიშა სამშენებლო კომპანია "კიდ არქიტექტურა", რის მიზეზად დასახელდა ის, რომ ორი ეზოს მცხოვრებლები შეთავაზებულ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. გარდა ამისა, გართულებულ რეჟიმში მიმდინარეობდა ბანკებთან მოლაპარაკებებიც. კომპანია ძირითადად მოლაპარაკებებს ვახუშტისა და ქუთაისის ქუჩის მცხოვრებლებთან აწარმოებდა და მათ ხოშარაულის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსს სთავაზობდა. პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, "კიდ არქიტექტურა" კვლავ ეცდება მასში მონაწილეობის მიღებას.
პროექტს ასევე გამოეთიშა ისეთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია, როგორიცაა "ცენტრ პოინტი ჯგუფი."Kკომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი ამის მიზეზად მსხვილი პროექტის შეთავაზებას ასახელებს, რომლის განხორციელებაზეც ბანკებმა უარი განუცხადეს, იმის გამო, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი თქმით, სხვა დეველოპერებისგან განსხვავებით "ცენტრ პოინტს" მოსახლეობისთვის ახლად მშენებარე კორპუსებში შეეძლო ბინების შეთავაზება, აქედან გამომდინარე, პროგრამაში მონაწილეობა გაუმართლებელი იქნებოდა. "ცენტრ პოინტი" პროექტში ჩართვას "კიდ არქიტექტურის" მსგავსად მეორე ეტაპიდან გეგმავს.
ვიდრე მერიაში განაცხადები შევიდოდა, საინფორმაციო სააგენტო "პირველის" მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკები იპოთეკურ სესხების გაცემაზე უარს აცხადებდნენ. სწორედ ეს დასახელდა გადადებული აუქციონის მიზეზადაც, რასაც კატეგორიულად უარყოფს მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი და აღნიშულ ფაქტს უბრალო ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ სააგენტო "პირველმა" თვითონაც არ იცის, საიდან გაავრცელა ეს ინფორმაცია. თუმცა არავინ უარყოფს იმას, რომ ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეული სახის პრობლემები არსებობდა, პირად საუბრებში დეველოპერები აღიარებენ, რომ ბანკებთან მოლაპარაკება და მათგან საგარანტიო წერილის მიღება მარტივი პროცესი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა თანამშრომლობა შედგა და დეველოპერები იმედოვნებენ, რომ პროექტის მეორე ეტაპზე ბანკები ამ ურთიერთობაზე უფრო თამამად წამოვლენ.
როგორც კომპანია "აქსისის" წარმომადგენლები ამბობენ, საწყის ეტაპზე ისინი ბანკებიდან კრედიტის მიღებას 17 ათას კვადრატულ მეტრ მშენებარე ფართზე გეგმავდნენ, თუმცა შეთანხმებას მხოლოდ 7 ათას კვადრატულ მეტრზე მიაღწიეს და შესაბამისად, განაცხადი ერთ პროექტზე, საბურთალოს ქუჩაზე მშენებარე პროექტზე შეიტანეს.
"ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა. 11 კომპანია საკმაოდ ბევრია, თანაც იმ ფონზე, როცა ეს მთელს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ასეთი ტიპის თანამშრომლობა სახელმწიფოს, დეველოპერებსა და ბანკებს შორის, დიდი მიღწევაა და ძალიან სასიხარულო ფაქტი. რაც შეეხება "ცენტრ პოინტს" და "კიდ არქიტექტურას" მათი გამოთიშვის მიზეზი ერთ შემთხვევაში ბანკისთვის მაღალი შეთავაზება იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში პრობლემას პროექტის სირთულე წარმოადგენდა, ძალიან ბევრმა ოჯახმა უარი ბოლო დღეს განაცხადა პროექტში მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს აუქციონი საერთოდ ჩატარდა და ამის შედეგებს მთელი მოსახლეობა რამდენიმე თვეში დაინახავს", -განაცხადა ჩვენთან საუბრისას ირაკლი როსტომაშვილმა.
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის განსახორციელებლად სამშენებლო კომპნიებმა შერჩევის უპირველეს კრიტერიუმად დაბალი ფასი დაასახელეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერიაში განაცხადი სულ 11-მა კომპანიამ შეიტანა და გამარჯვებულის გამოვლენას დღე-დღეზე ელოდებიან. გამარჯვებულის დასახელების შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში გაფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება მერიას, დეველოპერებსა და ბანკებს შორის. ხელშეკრულების დადების შემდეგ კი სამშენებლო კომპანიები ბანკებისგან კრედიტს მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მერიის კომისია ყველა სამშენებლო კომისიის მიერ წარდგენილ პაკეტს მოიწონებს, ახალი საცხოვრებელი ბინებით ძველ თბილისში 500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. მათ შორის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი "არსი" იქნება, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას 100-მდე ოჯახისთვის გეგმავს,Yყველაზე მცირე რაოდენობით – 14 საცხოვრებელ ფართს კი ამ ეტაპზე "ეუბე ჯორჯია" წარმოადგენს.
რაც შეეხება ფასებს, კვადრატულ მეტრზე მიწის ყველაზე დაბალი ფასი 650 დოლარი "ტექს ჯგუფს" აქვს, ყველაზე მაღალი კი "ვაკე პალასმა" წარმოადგინა. მისი ერთ-ერთი პროექტის კვადრატული მეტრი 2658 დოლარს შეადგენს.
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში სესხის ყველაზე მსხვილი გამცემი "საქართველოს ბანკია", მეორე ადგილზეა "თი ბი სი ბანკი", მესამეზე კი ბანკი "ქართუ". სულ კი გეგმის თანახმად, პროექტის ფარგლებში ბინით 3500 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს.
თათია ჩაფიჩაძე