მოქალაქეებმა არც კი იციან, რომ დანგრევის პირას მყოფ შენობაში ცხოვრობენ
ქალბატონმა ლიამ და მისმა მეუღლემ წლების მანძილზე დაგროვილი დანაზოგით ბინა შეიძინეს და უკვე რამდენიმე წელია ორ შვილთან ერთად მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბინა არცთუ ჩვეულებრივ საიდუმლოს მალავს.
2004 წლის 14 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოსა და ეკონომიკური რეფორმებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგში ქ. თბილისში მიმდინარე მშენებლობების ხარისხის შემოწმება დადგა. მშენებარე ობიექტების ხარისხის შესამოწმებლად შემდეგი ობიექტები შეირჩა: კოსტავას შესახვევი #19 საცხოვრებელი კომპლექსი "სატივე", მცხეთის ქუჩა #38-40ა, მცხეთის ქუჩა #24, მცხეთის ქუჩა #20-22, მცხეთის ქუჩა #29, ალმასიანის ქუჩა #D29, ალმასიანის ქუჩა #14, აკურის ქუჩა #13-15, ბერბუთის ქუჩა #10, ალმასიანი ქუჩა # 23-25 სახლი #1 #2 #3 და ბერბუთის ქუჩა #8.
აღნიშნულ ობიექტებზე მდგომარეობა სავალალო აღმოჩნდა. საკრებულოს მოთხოვნით მშენებლობები შეჩერდა და პროექტის ავტორებს გამაგრებითი სამუშაოების პროექტის წარმოდგენასთან დაკავშირებით მითითებები მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებელი ორგანიზაციების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდებოდა.
კომისიის წევრების განცხადებით, რომლებმაც უარი თქვეს თავიანთი ვინაობის გაჟღერებაზე, ამ სიაში კიდევ იყო რამდენიმე საკმაოდ ცნობილი სამშენებლო კომპანიის შენობებიც, თუმცა ე.წ. "კრიშის და ავტორიტეტის" ქონის გამო, მათი ერთი ზარი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს მათი სახელები ჩამონათვალიდან საერთოდ გამქრალიყო.
ქალბატონი ლიას ბინა სავალალო მდგომარეობაში არსებულ შენობათა ნუსხაში მოხვდა, თუმცა მისი ბინა დასრულდა და ახლა ოჯახი უკვე რამდენიმე წელია თბილ ბინაში მშვიდად ცხოვრობს.
ექსპერტების განცხადებით, რომლებიც შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ, საქმიანობიდან მოგების დიდი მასშტაბები რკინა-ბეტონის მზიდანურანიობის შემცირების, არმატურისა და ცემენტის ყოვლადგაუმართლებელი "ეკონომიის" ხარჯზე მიიღწევა. მშენებლები იაფფასიან, დაძველებულ და კოროზირებულ ლითონის არმატურასა და უხარისხო, ფალსიფიცირებულ ცემენტს იყენებენ. ბეტონის სიმტკიცეები კი საპროექტო მაჩვენებელს კატასტროფულად ჩამორჩება.
შემოწმებული ობიექტების დიდი ნაწილი რამდენიმე წლის, ზოგი 15-16 წლის, განმავლობაში შეჩერებული იყო, არმატურის ჟანგვის პროცესი კი დაწყებული. მიუხედავად ამისა, მშენებლობები დასრულდა და თითოეულ ბინაში, დაახლოებით, რამდენიმე ათეული ადამიანი შესახლდა.
"როდესაც ჟანგვის პროცესია დაწყებული, ის აღარ წყდება. კოროზიის დროს ჟანგი რკინას "ჭამს" და მხოლოდ ბეტონი რჩება, რომელიც შემდეგ დატვირთვას ვეღარ უძლებს და ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ ამას უკვე ნგრევა მოჰყვება," - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ, ლილოს ყოფილი ცეკავშირის რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორმა, ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" დამფუძნებელმა.
ექსპერტებმა დემონსტრაციისთვის ერთ-ერთი მშენებლობის დანგრევა მოითხოვეს. ეს უნდა ყოფილიყო პრეცედენტი იმისა, რომ სახლები უხარისხოდ აღარ აეშენებინათ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის შემოწმების უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არავის გააჩნია. იმპორტულ საშენმასალებს ლაბორატორიული შემოწმება და ეკოლოგიური ექსპერტიზა კი არ უტარდება.
თუ ბეტონის გამძლეობის შემოწმებას ლაბორატორია და ექსპერტი სჭირდება, იმის დასადგენად არის თუ არა მშენებარე სახლში ჟანგვის, კოროზიის, პროცესი დაწყებული, ერთი შეხედვაც საკმარისია, ამისთვის საკმარისია მიხვიდეთ მშენებლობაზე და სინკარს მხოლოდ ერთხელ შეავლოთ თვალი.
სამშენებლო სექტორში პრობლემები დიდი ხნის, მშენებლობებზე კონტროლის მოიხსნის შემდეგ, დაიწყო. რკინა-ბეტონის საწარმოებლად კი ლიცენზია საჭიროებას აღარ წარმოადგენდა.
1997 წელს მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა, რომლის მიხედვითაც გადასახადები არნახულად გაიზარდა, წარმოებასა და ბიზნესს დიდი ზიანი მიაყენა. ცეკავშირის ლილოს რკინა-ბეტონის ქარხანა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეუჩერებლივ და წარმატებულად მუშაობდა, ზემოხსენებული საგადასახადო კოდექსის შემოღებიდან ერთ წელიწადში გაკოტრდა. ნოღაიდელის მიერ მიღებული კოდექსის თანახმად, სახელმწიფომ ქარხნის მიერ რეალიზებული შემოსავლების 63%-ი წაიღო, რაც მოგების 150%-ის იდენტურია. ქარხანა გაკოტრდა. ამ პერიოდში ბაზარზე ჩნდება ბეტონი, რომელიც 50 ლარად ფასობს, მაშინ, როდესაც 1997-1998 წლებში ბეტონის თვითღირებულება 100-120 ლარი იყო. ფალსიფიცირების გარეშე კი ასეთი შედეგის მიღება წარმოუდგენელია.
"დეჟა ვუ კრიზისის დროს მოხდა. ბაზარზე გამოჩენილ 100 ლარად ღირებულ ბეტონზე დიდი მოთხოვნაა, მაშინ როცა დღეს ბეტონის თვითღირებულება 160-170 ლარია. ფალსიფიცირება იმაში გამოიხატება, რომ 1 მ3 ბეტონში მცირდება ცემენტის შემცველობა. შესაბამისად, ნაკლებია, როგორც მისი თვითღირებულება, ასევე გამძლეობაც. თუ ამ საკითხის დროულად გადაწყვეტა არ მოხდება, ფატალური შედეგები გარდაუვალია. მე წარმოდგენილი მაქვს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, მაგრამ, როგორც ჩანს, სამშენებლო კომპანიები ცეცხლთან თამაშს ამჯობინებენ," - აცხადებს ექსპერტი ანზორ საკანდელიძე.
ირმა ზარნაძე