ვანო მთვრალაშვილი აღიარებს, რომ კარტელური გარიგება ლოგიკურია
წინა კვირას ბენზინგასამართი სადგურების ფასების აბრებზე დაფიქსირებულმა ცვლილებებმა ქართველ მძღოლებს და საწვავის სხვა მომხმარებლებს კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. შაბათ-კვირას საწვავის საცალოდ მოვაჭრე ყველა ქსელურმა კომპანიამ ერთხმად გაზარდა ფასები. რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 1.62 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. პრემიუმის სტანდარტის საწვავის ფასი კი 1.75 ლარიდან 1.8 მდე გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა უფრო მაღალი ხარისხის ბენზინზე და დიზელზეც.
საწვავის ფასების ზრდას მომხმარებელი მტკივნეულად აღიქვამს, "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი", რომელიც რატომღაც მხოლოდ იმპორტიორების ინტერესების დამცველად გვევლინება და მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სახელს მხოლოდ სიმბოლურად ატარებს, საწვავზე ფასების ზრდას ისევ ამართლებს და ზრდას უმნიშვნელოს უწოდებს.
შეიძლება ამ კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის არგუმენტი, რომ ფასების ზრდა საწვავის საერთაშორისო ფასების ზრდასთან არის დაკავშირებული, მართალია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საწვავზე ფასების ასე ერთდროულად და შეთანხმებულად ზრდა, მაინც ბადებს გარკვეულ ეჭვებს. "ბ&ფ" დაუკავშირდა ვანო მთვრალაშვილს და ამჯერადაც დაინტერესდა, თუ როგორ გაამართლებდა იგი ნავთობიმპორტიორების გადაწყვეტილებას, საწვავზე ფასების ზრდის შესახებ. რადგან ბატონი მთვრალაშვილის პოზიციაში არასოდეს არის გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესები. "ბ&ფ" ამჯერადაც გამოკვეთს იმ საეჭვო ფაქტორებს, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ნავთობიმპორტიორები მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და რეალურ სიტუაციას არაფრად აგდებენ და მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავენ.
- ბატონო ვანო, რატომ გაძვირდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავი და რა გახდა ამის მთავარი მიზეზი?- უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე, ნავთობის ფასებმა, როგორც დიზელის, ასევე ყველა კატეგორიის ბენზინის საწვავზე საშუალოდ 5-10 თეთრით მოიმატა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნავთობის ფასი სტაბილური იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მატება იწყო და ეს კავშირშია იმასთან, რომ ერთი კვირის წინ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია _ 82 დოლარი ბარელზე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ნავთობისა და დიზელის ფასით ხორციელდება იმპორტი ჩვენთან. მაგალითად, დიზელის ფასი თუ შეადგენდა 520-530 დოლარს ტონაზე, დღეს არის 620-630 დოლარი ტონაზე. ანუ 100 დოლარით არის ფასები გაზრდილი, ანალოგიურადაა მომატებული ფასები ბენზინის საწვავზე, აქაც 80-100 დოლარის დიაპაზონში გაიზარდა ფასი _ ერთი ტონის საერთაშორისო ფასი 700-730 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საერთაშორისო ბაზარზე ფასები ერთიანად არ გაზრდილა, დროთა განმავლობაში იზრდებოდა და 100 დოლარი ტონაზე არ არის დაბალი ნიშნული, საკმაოდ სერიოზული მატებაა და სწორედ ამან განაპირობა და გახდა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ადგილობრივი ბაზრის ნავთობზე ფასების მატებისა.
- უახლოეს მომავალში ადგილობრივ ბაზარზე არის თუ არა მოსალოდნელი ფასების ზრდა ან კლება?- პერსპექტივას ამ საკითხთან დაკავშირებით, ამოსავალი ისევ იქნება საერთაშორისო ნავთობის ფასი. მართალია ნავთობის ფასის ზრდა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგრამ როდესაც ნავთობზე ფასი იზრდება, შეიძლება ეს ჩვენთვის იყოს მტკივნეული და ძნელად აღსაქმელი, რადგან ჩვენთანაც მატულობს ფასი, თუმცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ეს ჯამში არის კარგი, რადგან იგი ჯანსაღდება და, რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებული დადებითი ტენდენციები ჩვენზედაც დადებითად იმოქმედებს. ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატებასა თუ კლებას, ესეც როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის საერთაშორისო ფასებზე. მაგრამ ნავთობის საერთაშორისო ფასი მინიმუმ 85 დოლარი ბარელზე უნდა გაიზარდოს, რომ საქართველოში ნავთობის ფასმა იმატოს.
- ბატონო ვანო, საცალო ბაზარზე მოვაჭრე ქსელურმა დიდმა კომპანიებმა ფასების ზრდა თითქმის წუთებშიც კი დაამთხვიეს ერთმანეთს, საუბარი აღარ არის იმაზე, რომ ფასები თეთრებშიც კი ემთხვევა, ამ ფაქტის საფუძველზე შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს კარტელურ გარიგებასთან? - ფასების წუთებში დამთხვევა არ მომხდარა. როგორც უკვე აღვნიშნე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა დროთა განმავლობაში მოიმატა და ადგილობრივ ბაზარზეც ფასის მატებაც ამის გამოძახილი იყო და ეს ასეც იქნებოდა. კარტელურ გარიგებაზე თუ არის საუბარი, არის კომპანიები, რომელთაც აქვთ როგორც ერთნაირი, ასევე განსხვავებული ფასები. ეს დამოკიდებულია თვითონ ნავთობის ხარისხზე. ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული ხარისხის ნავთობმა 5-10 თეთრით მოიმატა. ერთი შეხედვით ეს მატება ვითომ არაფერია, მაგრამ როდესაც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს, მისთვის 5 თეთრიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ლოგიკურია, ამ ლოგიკით კი ნავთობპროდუქტებზე ერთნაირი ფასი უნდა იყოს.
როგორც ვხედავთ, ბატონ მთვრალაშვილს ორი სტანდარტული არგუმენტი აქვს. თუ საწვავის საერთაშორისო ფასები გაიზრდება, ის ამბობს, - რა ვქნათ ბატონებო, პროდუქტის თვითღირებულება გაიზარდა და მისი საცალო ფასიც უნდა გაიზარდოსო. როდესაც საწვავის საერთაშორისო ფასები შემცირდება, მაშინ ბატონი ვანო ამბობს, რომ საქართველოში საცალო ფასების შემცირება ვერ მოხდება, იმიტომ რომ ნავთობიმპორტიორებს ორი თვით ადრე აქვთ შეძენილი ნავთობი და ფასებიც იმ მოცემულობებით განისაზღვრება.
ვანო მთვრალაშვილის პასუხებში რამდენიმე მომენტია საყურადღებო. ის აცხადებს, რომ "ერთი კვირის წინ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია _ 82 დოლარი იყო ბარელზე", ბატონი ვანო მართალია, 22-23 ოქტომბერს მართლაც დაფიქსირდა ნავთობის ფასის 2009 წლის რეკორდი, შემდეგ კი ფასმა ისევ იკლო და დღეისათვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 77-78 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მაგრამ მაინცდამაინც 22-23 ოქტომბერს მოპოვებული ნავთობი, როგორ მოხვდა ქართულ ბაზარზე, იქნებ ერთი ან ორი დღის ადრე ან გვიან ეყიდათ ჩვენს იმპორტიორებს საწვავი?!
ბატონი მთვრალაშვილის პასუხებში კიდევ ერთი საგანგაშო მომენტის ხაზგასმა შეიძლება. იგი ფაქტობრივად დაგვპირდა, როგორც კი ერთი ბარელი ნავთობის ფასი 85 დოლარს მიაღწევს, საქართველოში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ გაიზრდება. ასე მოხდება, მიუხედავად იმისა, მეორე დღეს საერთაშორისო ფასები რომ შემცირდეს. თუ 82 დოლარიდან 78 დოლარამდე ფასის დაცემის შემთხვევაში ფასები არ შეამცირეს, ნამუსი შეაწუხებთ თუ შუბლის ძარღვი გაუწყდებათ, თუ ასე მოიქცევიან?!
და ბოლოს, ბატონმა მთვრალაშვილმა ჩვენთან საუბარში ფაქტობრივად აღიარა, რომ ნავთობით მოვაჭრე ქსელურ კომპანიებს შორის კარტელური გარიგება არსებობს. კარტელური გარიგება მარტივი სიტყვებით რომ განვმარტოთ, ნიშნავს ბაზარზე ფასების შეთანხმებას. ამ შემთხვევაში, კომპანიები, მაღალი ფასის შესანარჩუნებლად და კონკურენციის სიკეთეების გამოსარიცხად ფასებს ერთმანეთს უთანხმებენ. ჩვენ ბატონ მთვრალაშვილს დავუსვით ამის შესახებ კითხვა, - რატომ მოხდა ფასების ზრდა დროში და რაოდენობაში შეთანხმებულად. მან გვიპასუხა, - "როდესაც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს, მისთვის 5 თეთრიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ლოგიკით კი ნავთობპროდუქტებზე ერთნაირი ფასი უნდა იყოს". ეს ლოგიკა ძალიან მარტივი გასაგებია, ნავთობიმპორტიორები უკვე შეთანხმებულები არიან თავიანთ საბაზრო წილებზე. თუ რომელიმე მათგანი 5 თეთრით დაბალ ფასს დაადებს პროდუქტს, კომპანიების საბაზრო წილები შეიცვლება. "ეს ლოგიკურია"-ო, აცხადებს ბატონი მთვრალაშვილი, იქნებ აგვიხსნას ბატონმა მთვრალაშვილმა, რომელ ლოგიკაში ჯდება კონკურენციის გამორიცხვა და ერთნაირი ფასების შეთავაზება მომხმარებლისთვის.
თეონა ჭიტაძე