უწყვეტი გაზი იგივე ფასად
14 ნოემბერს აზერბაიჯანში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანის პრეზიდენტმა, საქართველოში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ, 5 წლიანი კონრტრაქტი გააფორმეს. ენერგეტიკის სამიტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები დიდ ხანს გრძელდებოდა და ახლა, მიუხედევად მსოფლიო კრიზისისა, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ უახლოეს ხუთ წელში, საქართველოს გაზმომარაგებას არანაიარი საფრთხე არ შეექმნას. გარდა ამისა, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა 50 თვიანი გეგმის ფარგლებში დაპირებისამებრ, მოსახლეობის 80% გაზიფიცირებას მოახერხებს.
ამჟამად, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელია. საქართველოსთვის გაზის მოწოდება აზერბაიჯანული ენერგო-კომპანია "სოკარის" მეშვეობით ხორციელდება და დღე-ღამეში 1,5 მლნ.კუბ. მეტრს შეადგენს. საქართველო გაზს "შაჰ-დენიზის" კონსორციმუისგანაც იღებს. ტრანზიტული გადასახადის სახით კი, საქართველოს "გაზპრომის” მიერ სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10% რჩება.
აზერბაჯანიდან გაზმომარაგების 5 წლიანი კონტრაქტის მიხედვით, ინდივიდუალურ მომხმარებლებს ბუნებრივ აირზე ტარიფი არ შეეცვლებათ და ის უწინდებურად 51 თეთრი იქნება. რაც შეეხება კომერციულ სტრუქტურებს, მათთვის ტარიფი გაიზრდება და ფასი ინდივიდუალურად გადაწყდება. თუმცა, ის 80 თეთრს არ გადააჭარბებს. გაზის დისტრიბუტორმა კომპანიებმა, გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, რის მიზეზადაც დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურება სახელდება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ დრომდე, მაშინ როცა დოლართან მიმართებაში ლარი მყარდებოდა, ამან ბუნებრივ აირზე ფასების კლება რატომღაც არ გამოიწვია.
კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულებების შესრულებას აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად უზრუნველყოფს. ამასთან, შეიქმნება "სოკარის" შვილობილი კომპანია, რომელიც თავისი წილი ვალდებულებების რეალიზაციას ინდივიდუალური მომხმარებლის წინაშე საკუთარი ხარჯებით განახორციელებს. ეს კომპანია გაზს ფიქსირებული ფასით გაყიდის და ის "შაჰ-დენიზის" კონსორციუმის გაზისა და რუსეთის, სომხეთის მიმართულებით ტრანზიტული გაზის ღირებულებაზე მეტი არ იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიხედვით, ამავე კომპანიისთვის საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემების მმართველობაში გადაცემაც იგულისხმება. როგორც ცნობილია, მანამდე მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება 13 აგვისტოს იგეგმებოდა, მაგრამ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს მაშინ ვერ მოხერხდა.
"სოკარის" ხელმძღვანელთა განცახადებით, 3 წლის განმავლობაში, გაზის მომხმარებელთა ქსელის კიდევ 250 ათასი აბონენტით გაფართოება იგეგმება, რაც წელიწადში მოხმარებული გაზის მოცულობას, 300 მლნ.კუბ. მეტრამდე გაზრდის.
საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან დადებულ კონტრაქტს, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან მიღწევად აფასებს. გარდა 5 წლიანი გარანტირებული გაზმომარაგებისა, როგორც პრემიერ-მინისტრი მგალობლიშვილი იმედოვნებს, უწყვეტი გაზის მიწოდება სტაბილურ ბიზნესგარემოსა და დასაქმების პრობლემის გადაჭრას უზრუნველყოფს.
მარიამ შონია