ნანახია: 1297
ნავთობპროდუქტების რეალიზატორებს ქსელში პროდუქციის გაძვირების საბაბი მიეცათ, ტერმინი "საბაბი" სრულად ასახავს იმ სიტუაციას, რაცა ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით შეიქმნა. სხვა სიტყვებით და ეკონომიკური დასაბუთებებით ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა ძნელი ასახსნელია. საქართველოს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელში საწვავზე ფასები, ბოლო 2 თვის განმავლობაში, რამდენჯერმე გაიზარდა. ნავთობპროდუქტების გაძვირებას მსოფლიო ტენდენციებს უკავშირებენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ცვალებადია და პერიოდულად ზრდა და კლება შეინიშნება, საქართველოში მსოფლიო ტენდენციების ასახვა მხოლოდ ზრდის მიმართულებით ხდება. საწვავის არალოგიკური ფასი ყოველთვის დიდი განსჯის საგანი იყო. თუმცა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდება, არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება. მართალია, ამ ორი თვის განმავლობაში, ნედლი ნავთობი მართლაც გაძვირდა, მაგრამ გაძვირებული ნედლი ნავთობისგან წარმოებულ მზა პროდუქტს ქართულ ბაზარზე მოსახვედრად, გარკვეული დრო სჭირდება და ფასებიც შემდეგ უნდა განისაზღვროს. ჩვენს შემთხვევაში კი საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში ნედლი ნავთობის ფასის ზრდის შესახებ იუწყებიან, დილით კი მზა საწვავის გაძვირებას ბენზინგასამართი სადგურების აბრები გვამცნობენ. საცალო ქსელში საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გამოთქმულ უკმაყოფილებას ‘ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი~ გამოეხმაურა. კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, ქსელში საწვავის გაძვირება იძულებითი არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა აუცილებელია იმისათვის, რომ კომპანიებმა ნორმალურად იფუნქციონერონ. მისივე განმარტებით, ცნობილ ბრენდებს ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და დასაქმებულთა მაჩვენებელი მაღალია, რის გამოც მათი ხარჯები და შესაბამისად ფასები უფრო მაღალია. ‘ნავთობის ფასი ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ბარელზე 35-40 დოლარიდან 65-67 დოლარამდე (70-75%-ით) გაიზარდა, თუ არ ჩავთვლით ერთკვირიან პერიოდს, როდესაც ნავთობზე ფასი 10 დოლარით შემცირდა. თუმცა ბოლო 1 კვირის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ მატულობს და ფასი თითქმის უწინდებურ ნიშნულს დაუბრუნდა. ნავთობის ფასთან დაკავშირებით ასეთი რყევები ხშირია და ნავთობპროდუქტების იმპორტიორ არცერთ ქვეყანაში ასე მცირე პერიოდში ფასების კლება-მატება ბაზარზე ასახვას ვერ ჰპოვებს. ამიტომ არასწორად მიმაჩნია, როდესაც ჩვენს ბაზარზე არსებულ ვითარებას ადარებენ იმ ქვეყნების ვითარებას, რომელთაც საკუთარი გადამამუშავებელი წარმოება გააჩნიათ და აქვთ რესურსი, სწრაფი ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ფასების ცვლილებებზე~, - განმარტავს მთვრალაშვილი და დასძენს, რომ როდესაც საუბარია იმაზე, თუ რატომ არ გაიაფდა საწვავი უფრო მეტად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში საწვავი იბეგრება სხვადასხვა გადასახადებით, მათ შორის აქციზის (ბენზინზე - 250 ლარი ტონაზე), დღგ-ის (დაახლოებით 200 ლარი/ტონაზე), რასაც ტრანსპორტირების თუ სხვა დანახარჯები ემატება და ამის გამო ჩვენთან ნავთობის მსოფლიო ფასის შემცირების იდენტური შემცირება ნამდვილად ვერ მოხდება. დღეისათვის 1 ლიტრი საავტომობილო საწვავის ფასი სარეალიზაციო ფასი საცალო ქსელში 1,35 ლარიდან 1,71 ლარამდე მერყეობს. გასული წლის ივლისში, როდესაც ბარელი ნავთობის ფიუჩერსები 125-130 აშშ დოლარი ღირდა, საქართველოში ბენზინი 2-2,30 ლარად იყიდებოდა. არგუმენტები მართლაც ლოგიკურად არის დალაგებული და თითქოს სარწმუნოდაც გამოიყურება. თუმცა, ამ არგუმენტებით საწვავით მოვაჭრე კომპანიების გამართლება ძალიან რთულია. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში სახელმწიფო გადასახადები ყველა სიტუაციაში ერთნაირი იყო. ეს მაჩვენებელი მოქმედებდა მაშინ, როდესაც მსოფლიოში ნავთობის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა, როდესაც ფასი 33 დოლარამდე დაეცა და დღესაც. სახელმწიფო გადასახადი არ იცვლებოდა, ის ყოველთვის ერთი მაჩვენებლით იდო ფასში, სხვა საკითხია, მაღალია თუ არა ეს გადასახადი, მაგრამ ნავთობის ფასის, როგორც მატების ისე კლების ტენდენცია საქართველოში მის საცალო ფასზე ზუსტად უნდა ასახულიყო. საწვავის ფასების მაღალი ნიშნულის გასამართლებლად კიდევ ერთ არგუმენტად მთვრალაშვილს, სამუშაო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მუშახელის გაზრდილი რაოდენობა მოჰყავს. როგორც წესი, უფრო დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენება ამცირებს მუშახელზე მოთხოვნას. ბატონი მთვრალაშვილის მიერ მოცემული სტატისტიკა, დიდ კომპანიებში დასაქმებულების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით, შეიძლება სწორია, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, მათი საქმიანობის მასშტაბები გაიზარდა, ამიტომ მუშახელის რაოდენობის ზრდას, საწვავის ფასზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. ასევე, ‘ნავთობიმპორტიორთა კავშირის~ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს ბენზინის ფასი 1.35 ლარიდან 1.75 ლარამდე მერყეობს. დედაქალაქში არსებული 4 ყველაზე მსხვილი რეალიზატორი ქსელის არცერთ ბენზინგასამართ სადგურში არ არის ყველაზე დაბალი ფასი 1.5 ლარზე ნაკლები. ყველაზე საინტერესო კი ისაა, როდესაც ბატონი მთვრალაშვილი ბენზინის დღევანდელი ფასებისა და ნავთობის მსოფლიო ფასების შეფარდებას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებს. გავიხსენოთ, რომ 2008 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 144 დოლარი იყო, ზუსტად იმ პერიოდში საქართველოში ბენზინის მინიმალური ფასი ყველაზე მასშტაბურ ქსელებში 1.85 ლარი გახლდათ. სადღეისოდ ერთი ბარელი ნავთობი ფასი 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს, წამყვან ქართულ ნავთობიმპორტიორების ქსელში კი ბენზინის საცალო ფასი 1.5 ლარია. ძალიან მარტივი არითმეტიკული გათვლებითაც, კარგად ჩანს, რომ ნავთობის მსოფლიო ფასი წინა წელთან შედარებით 51%-ით არის შემცირებული, საქართველოში ბენზინის საცალო ფასი მხოლოდ 19%-ით. ეს მარტივი ციფრებია, როგორც უნდა აგვიხსნან და ვინც უნდა გაამართლოს ნავთობიმპორტიორების მიერ შემოთავაზებული ფასი, არალოგიკურად მაღალია. ნავთობიმპორტიორებისა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული მიზეზები კი მხოლოდ საბაბია და თითიდან გამოწოვილი მიზეზია, რომ ფასი კიდევ უფრო გაზარდონ.
|