გაზსადენისთვის ბუნებრივი აირი არ ჩანს
ვირტუალური კეთილდღეობითა და დიადი მომავლით მანიპულირება დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე მეტი წარმატებით გამოსდის. ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენიმე ისეთი სერიოზული პროექტის შესახებ გაჟღერდა, რომელზეც მთელი ეკონომიკის აწყობა შეიძლებოდა. თუ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და საერთაშორისო საფინანსო ცენტრი კახა ბენდუქიძის მიერ ინიცირებული პროექტები იყო და მათი ჩავარდნა არავის გაკვირვებია, ტრანსაკავკასიური მაგისტრალების პროექტების განხორციელება საქართველოსთვის ობიექტურად ძლიერი მხარეა და ასეთი პროექტების წარუმატებლობა გასაკვირია.
ბოლო წლებში ყველაზე მეტს "ნაბუკოს" გაზსადენის შესახებ საუბრობენ. ეს პროექტი ითვალისწინებს ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთი-ბულგარეთი-რუმინეთი-უნგრეთი-ავსტრიის მარშრუტით. მაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2010 წელს იგეგმება. პროექტის რეალიზებისთვის საჭიროა 7-8 მილიარდი დოლარი. "ნაბუკოსთვის" გაზის პოტენციური მიმწოდებლების სახით იხილავენ აზერბაიჯანს, ირანს, თურქმენეთს და ბოლო დროს ერაყს. ერაყული გაზის ევროპაში გატანას მხარს უჭერს აშშ.
თუმცა, პროექტი, რომელზე მუშაობაც 8 წლის წინ დაიწყო ჩანასახოვან მდგომარეობას არ გასცდენია. წარუმატებლობის ასახსნელად დღევანდელ ხელისუფლებას ტრადიციული მიზეზი აქვს - რუსეთის ფაქტორი. თუმცა, "ნაბუკოს" პროექტის წარუმატებლობის მიზეზად, რამდენიმე უფრო სერიოზული მომენტის დასახელება შეიძლება.
23 მარტს ბრიუსელში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა "ნაბუკო" იყო. სამიტზე ევროკავშირმა პროექტისთვის 200 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ეჭვები მაინც ჩნდება. ევროკავშირში "ნაბუკოს" შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ და ის ფაქტი, რომ მის დასაფინანსებლად თანხა გამოიყო, ერთადერთი ფაქტორით იყო განპირობებული, რადგან, საკითხი ჩეხეთმა გამოიტანა, გერმანიამ და საფრანგეთმა აღმოსავლეთ ევროპას ერთგვარი რევერანსი გაუკეთეს”. მხოლოდ ამ სიტყვით შეიძლება შეფასდეს 200 მილიონის გამოყოფა პროექტისთვის, რომელსაც რეალურად 7 მილიარდ დოლარზე მეტი სჭირდება.
თებერვალში რუსულ-უკრაინულმა გაზის კონფლიქტმა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე ევროპაში ენერგორესურსების მიწოდების საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტის აუცილებლობა დაადასტურა. ამას თითქოს დადებითად უნდა ემოქმედა "ნაბუკოს" პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, როგორც ვხედავთ, "ნაბუკო" ჰაერშია გამოკიდებული. იმ 8 წლის განმავლობაში, რაც ეს პროექტი განიხილება, მასში ჩართულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევა, რომ ეს გაზსადენი ბუნებრივი აირით შეივსოს. როგორც უკვე ვთქვით, "ნაბუკოს" გაზსადენისთვის ბუნებრივი აირის პოტენციურ მიმწოდებლებად თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ირანი განიხილება.
ამჟამად თურქმენეთი წელიწადში 70 მილიარდ კუბომეტრ აირს მოიპოვებს. აქედან 20 მილიარდს ის საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყენებს, 8 მილიარდს კი აწვდის ირანს, დანარჩენი რუსეთში გადის. თურქმენეთსა და რუსეთს შორის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თურქმენულ საექსპორტო გაზს მთლიანად რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" აკონტროლებს. ანალოგიური მდგომარეობაა ყაზახურ გაზთან დაკავშირებით, სადაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს ბუნებრივი აირის საბადოებს. რაც შეეხება ირანს, "ნაბუკოს" პროექტში მის მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ, რომლის თანხმობისა და ფინანსური რესურსების გარეშე, პროექტი აუცილებლად ჩავარდება. ბუნებრივი აირის რესურსებით ბოლო დრომდე მანიპულირებდა აზერბაიჯანი. რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად, ჩვენმა მეზობლებმა რუსულ კომპანიას ბუნებრივი აირის რესურსებზე მართვის სადავეები არ გადასცეს. სწორედ ამის გამო აზერბაიჯანი ყოველთვის იღებდა პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ დივიდენდებს ევროპაში, ხოლო საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების სანაცვლოდ, მან მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივი ჩაიგდო ხელში. თუმცა, ბოლო პერიოდში გაჟღერდა აზერბაიჯანულ „სოკარსა” და რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს” შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ. "გაზპრომსა" და "სოკარს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2010 წლისთვის ევროპის გაზით ერთობლივ მომარაგებას ითვალისწინებს. ერთი სიტყვით, მთელს იმ რესურსებს, რომლითაც "ნაბუკოს" გაზსადენი უნდა შეივსოს, რუსეთი აკონტროლებს, ირანულ გაზს კი პოლიტიკური ნიშნით იწუნებენ.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, "ნაბუკოზე" საუბარს არ წყვეტენ. ამ პროექტის განხორციელება ბუნებრივი აირის მომპოვებელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დაინტერესებულ ევროპულ ქვეყნებს დამატებითი ფინანსური რესურსები მოსთხოვონ, ახალი საბადოების ასათვისებლად.
შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებას ახდენს ევროპა. რუსეთ-უკრაინის "გაზის ომის" შემდეგ, ბუნებრივია, ევროკავშირი ცდილობს ბუნებრივი რესურსების ალტერნატიული წყაროების მოპოვებას. დიდია იმის შანსი, რომ ეს არ იქნება "ნაბუკო". თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის გაზსადენის პროექტი (TGI) ბევრად სჯობს "ნაბუკოს" გაზსადენის პროექტს, რადგანაც მისი განხორციელება უფრო მოკლე ვადებშია შესაძლებელი. TGI ჯერ კიდევ 2006 წელს ევროკავშირის მიერ პრიორიტეტულ პროექტად იქნა აღიარებული. პროექტი ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრანტინიმ. გარდა ამისა, ევროკავშირი უკვე აქტიურად მუშაობს აფრიკული გაზის ათვისებაზე, იტალიასა და ალჟირს შორის ხმელთაშუაზღვის გავლით უკვე არსებობს გაზსადენი, რომლის რეაბილიტაციისთვის, იმავე ბრიუსელის შეხვედრაზე, 50 მილიონი ევრო გამოიყო. უკვე აქტიურად მიდის საუბარი ეგვიპტური გაზის ათვისებაზე. ამის შესახებ Nabucco Gas Pipeline International-ის კონცერნის დირექტორმა რეიჰარდ მიტჩეკმა განაცხადა. გრძელვადიან პერიოდში "ნაბუკოს" პროექტში ეგვიპტის ჩართვა, მართალია შესაძლებელია, მაგრამ ეს საქართველოს არ შეეხება.
"ნაბუკოს" გაზსადენის პროექტს ყველაზე დიდ პრობლემას, ამ გაზსადენისთვის ბუნებრივი აირის არარსებობა წარმოადგენს. კასპიურ და შუააზიურ გაზს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. საქართველოს "საამაყოდ" გამოცხადებული მტერი რუსეთი, ბუნებრივია, არ დაუშვებს, რომ მის ხელში არსებული რესურსებით საქართველომ გარკვეული სარგებელი მიიღოს. "ნაბუკო" ჰაერში ჰკიდია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამის აღიარების შემდეგ კიდევ ერთი "სალაპარაკო" თემა აღარ ექნება, გაზსადენის პროექტის რეალური ბედი პრემიერმა გილაურმა უკვე აღიარა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ნიკა გილაურმა "ნაბუკოს" უპერსპექტივო უწოდა, თუმცა, იქვე დაიწყო საუბარი ახალ ეფემერულ პროექტზე - "თეთრი ნაკადი".
საინფორმაციო სააგენტოებში "თეთრი ნაკადის" შესახებ მხოლოდ მთავრობის ზოგადო განცხადებებია გაჟღერებული. მთავრობა კომპანია „უაით სთრიმ ფაიფლაინთან” "თეთრი ნაკადის" გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე აცხადებს, დოკუმენტით ორივე მხარე "თეთრი ნაკადის" გაზსადენის პროექტის განხორციელებისთვის თანამშრომლობაზე საკუთარ ნებას გამოხატავს. მისი ინფორმაციით, მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდება და მას ხელს საქართველოს მთავრობის სახელით, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მოაწერს. „თეთრი ნაკადის” გაზსადენი "ნაბუკოს" ალტერნატიული პროექტია და მას საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის გაზსადენის პროექტსაც უწოდებენ. პროექტი კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი გაზის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებას, აგრეთვე სამომავლოდ ცენტრალური ევროპის მომარაგებას გულისხმობს. ბუნებრივი გაზი სუფსამდე ანუ შავ ზღვამდე სამხრეთ კავკასიური გაზსადენით მივა, საიდანაც მისი რუმინეთში ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით, წყალქვეშა მილით მოხდება. გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა იყოს და ის აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული გაზით მომარაგდება.
მთავრობის მიერ "თეთრი ნაკადის" "ნაბუკოს" ალტერნატიულ პროექტად გამოცხადება ერთ ცნობილ გამოთქმას გვახსენებს - "მკვახე იყო ის ყურძენი". "თეთრი ნაკადი" ვერ შეცვლის "ნაბუკოს", "ნაბუკოს" გამტარუნარიანობა წელიწადში 20-30 მილიარდი კუბური მეტრი უნდა ყოფილიყო, "თეთრი ნაკადის" გამტარუნარიანობა კი მხოლოდ 8 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ჩვენმა ხელისუფლებამ შეიძლება დაამტკიცოს, რომ 8 მეტია, ვიდრე 30, მაგრამ რეალობა სხვაა. გარდა ამისა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ "თეთრი ნაკადი" აუცილებლად შედგება. ამ გაზსადენსაც დასჭირდება ბუნებრივი აირი, რომელიც შაჰ-დენიზზე ნამდვილად არის, მაგრამ მას აკონტროლებს "გაზპრომი". ასე რომ, "თეთრ ნაკადსაც" შეიძლება დაემუქროს იგივე საფრთხეები, რომელმაც "ნაბუკო" გახადა საეჭვო.
ერთი სიტყვით, ევროპას ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყარო სჭირდება. საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს შანსს, რომ ამ ვითარებით ისარგებლოს, თუ ევროპისკენ მიმავალი გაზი ჩვენს ქვეყანაშიც გაივლის, ამას, ბუნებრივია, თავისი ეკონომიკური სარგებელი ექნება. მაგრამ გეოპოლიტიკური რესურსის ასათვისებლად საქართველო უნდა იყოს სტაბილური ქვეყანა, სტაბილურობა კი მხოლოდ ის არ არის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ყოველ დღე ქადაგებს, ამ ქადაგებების უკვე საქართველოშიც აღარ სჯერათ, ევროპაში მით უმეტეს. ევროკავშირისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა, მონსტრ მეზობელთან ურთიერთობაში არ დაიჩაგროს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი ინტერესები. დასავლეთმა შეიძლება შეშფოთება გამოთქვას ან, მაქსიმუმ, დატუქსოს რუსეთი საერთაშორისო სამართლის შეუსაბამო ქცევისთვის, თუმცა, საეჭვოდ მართალ და დემოკრატიულ საქართველოს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს არ ანაცვალებს. საქართველომ საკუთარ თავში უნდა გადაწყვიტოს სტაბილურობის პრობლემა, რაც რუსეთთან დაბალანსებულ ურთიერთობებს გულისხმობს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს შანსი, მიიღოს ის დივიდენდები, რისი მიღების შანსს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს.
ლევან მარტაძე