- ბ-ნო ნოდარ, ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მთავრობის მიერ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით, რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული მილსადენის გაყიდვა? ხელისუფლება შემოსავლებში ხარვეზებისგან, ან მომავალში ბიუჯეტის შემცირებისგან ხომ არ იზღვევს თავს? და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს მაგისტრალურ მილსადენს საქართველოსთვის და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მისი გასხვისება? - მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის მცდელობა პირველი არ არის. მისი გასხვისება დაახლოებით ექვსი წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ამერიკული მხარის რეკომენდაციით მოხერხდა და გაზსადენი არ გაიყიდა. როგორც ჩანს, ერთ-ერთი არგუმენტი, ოღონდ ფარული, მართლაც არის შემოსავლები. მაგრამ არის მეორე მომენტიც, თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს გაზსადენი და პირველი, ხელისუფლება ზეპირად ამბობს, რომ არ აპირებს მთლიანად გაყიდოს გაზსადენი, თუმცა ეს კანონში არსად არ წერია. ახლა ვნახოთ, ეს გაზსადენი რა არის. ეს არის გაზსადენი, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს, ესაა რუსეთი და სომხეთი. ამ გაზსადენს სხვა დანიშნულება, სხვა დატვირთვა არ აქვს, შესაბამისად, მას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რაიმე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ის უბრალოდ არ მონაწილეობს ამ პროცესში, აქედან მხოლოდ გაზის გატარების საფასური მიდის საქართველოს ენერგეტიკაში. ანუ, ეს გაზსადენი სჭირდება რუსეთს და სომხეთს. ვინ იყიდის? იყიდის მხოლოდ რუსეთი, - "გაზპრომი", რადგან მას ეს სჭირდება.
ახლა ვნახოთ, რუსეთის კანონმდებლობით რისი საშუალება აქვს "გაზპრომს". ძალიან საინტერესოა. "გაზპრომს" აქვს თავისი შეიარაღებული ძალები. ამავე დროს რუსეთის კანონმდებლობით, თუ რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთის საკუთრებას დაემუქრება რაიმე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, "გაზპრომი" გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს. ახლა ვდგავართ ასეთი დილემის წინაშე - ჩვენ თუ დღეს გავყიდით გაზსადენს და ვიცით, რომ მას იყიდის "გაზპრომი", იმიტომ რომ ეს სხვას არავის არ სჭირდება, "გაზპრომს" იცავს ჯარი, და თუ ამ გაზსადენზე მოხდება ელემენტარული პროვოკაცია და იგი ამას გამოიყენებს დიდი პროვოკაციისთვის, მაშინ რატომ უნდა გავყიდოთ გაზსადენი? ანუ, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გაზსადენის გაყიდვა შეიძლება, პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით კი გაზსადენის პრივატიზება მოიცავს გარკვეულ საფრთხეებს.
- ბოლო პერიოდის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს გარკვეულ პროდუქტებზე აქციზის დაწესებაც წარმოადგენს, ერთ-ერთი მათგანია კავშირგაბმულობა. თქვენ როგორ შეაფასებდით კავშირგაბმულობის მომსახურებაზე აქციზის დაწესებას? - პრეზიდენტმა, შარშან, 6 ოქტომბერს, თქვა, რომ საქართველოში ახალი გადასახადები არ იქნება შემოღებული, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე არ ვგულისხმობ კავშირგაბმულობას, სიგარეტსა თუ სპირტიან სასმელებზე აქციზის გაზრდას. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ახალი გადასახადები შემოღებული არ იქნება. აქაც პოლიტიკური საკითხია, რადგან ეს ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს პროდუქციის გაძვირებას, რაც არტყამს იმ ადამიანს რომელიც, დაუშვათ, ტელეფონს იყენებს მხოლოდ ზარის გასაშვებად. ამაზეა საუბარი, თორემ ცხადია, რომ 1 თეთრით მეტი ეღირება ზარი თუ 3 თეთრით, შესაძლოა, ვიღაცისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
- სტატისტიკის დეპარტამენტმა ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, გამოქვეყნდა დეფლაციის მაჩვენებელიც, რომელმაც 0.3% შეადგინა. თქვენ რამდენად სანდოდ მიგაჩნიათ ეს ციფრები და რამდენად დასაშვებად მიიჩნევთ ივნისის თვეში ფასების საერთო დონის შემცირებას?- სამწუხაროდ, ჯერ არ მინახავს ეს მონაცემები, მაგრამ რაღაც ფასები, ალბათ, გაზრდილია. ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს გადავამოწმოთ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია, ამიტომ იძულებულები ვართ უბრალოდ ვთქვათ, იმ ფონზე როდესაც ლარის კურსი გაიქცა, მას გაჰყვა ფასებიც, მაგრამ შემცირებით რა შემცირდა, არ ვიცი. მე არ მაქვს არანაირი არგუმენტი იმისა, რომ ვთქვა ეს ან სწორია, ან არ არის სწორი. ჩვენ ვერ დავაკვირდებით ფასები იზრდება თუ მცირდება, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ამიტომ ძალიან რთულია, მე გითხრათ, რომ ფასები გაიზარდა თუ შემცირდა. პრაქტიკულად შეუძლებელია ამის თქმა.
- მსოფლიო ბანკმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ინვესტორებისთვის, ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად დასახელდა, ამის მიზეზად კი ქვეყანაში მონოპოლიების არ არსებობა დასახელდა. თქვენი შეფასებით საქართველო მართლაც ხელსაყრელი ქვეყანაა ბიზნესის წარმოებისთვის? ქართულ ბაზარზე მონოპოლიების არსებობაზე რა აზრის ხართ? არსებობს თუ არ არსებობს? თუ არსებობს, მაშინ რატომ ვერ ხედავს ამას მსოფლიო ბანკი?- იცით, რაშია საქმე? კლასიკური გაგებით მონოპოლია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსად არ არსებობს. თეორიულად, მონოპოლია არის ისეთი საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომლის ანალოგსაც არავინ აწარმოებს. მაგრამ საქართველოში არის საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები. მეორეც, მსოფლიო ბანკმა თქვა, რომ ეს არის შესაძლებლობა, მაგრამ ფაქტობრივად ის, რომ ინვესტორებისთვის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა საქართველოა, უნდა ჩანდეს ციფრებით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 80 მლნ დოლარამდე ინვესტირება მოხდა, ანუ ერთია შესაძლებლობა და მეორეა, თუ როგორ ვიყენებ ამ შესაძლებლობას. როგორც ჩანს, აქ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს.
- სახელმწიფო ბიუჯეტი მთავრობამ გაზარდა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც 2-დან 4.5%-მდე გაიზარდა. ამის პარალელურად, ეროვნულმა ბანკმაც გაზარდა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. მაგრამ მთავრობის ოპტიმიზმის მიუხედავად, მიმდინარე წლის I კვარტალში ინვესტიციების შემოდინებას სერიოზული პრობლემები შეექმნა, პრივატიზაციიდან შემოსული თანხაც მოსალოდნელზე გაცილებით ბევრად დაბალია. თქვენი აზრით, რა აძლევს მთავრობას ოპტიმიზმის საფუძველს და თქვენ როგორ ეთანხმებით მათ მიერ გაკეთებულ ოპტიმისტურ განცხადებებს?- ღმერთმა ქნას, რომ ეს ოპტიმიზმი გამართლდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ოპტიმიზმის შესასრულებლად ხელისუფლებას მოუწევს გაზსადენის, ან სხვა რაღაცის გაყიდვა, სესხის აღება, რათა ვალდებულებები დაფაროს, ან წლის ბოლოს ბიუჯეტის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში მართლაც შეიმჩნევა გამოცოცხლება, ცხადი, ყველა ის პრობლემა, რომელიც აქამდე იყო, მოგვარებული არაა. ამიტომ ეს სერიოზულ ხიფათს შეიცავს.
ესაუბრა თეონა ჭიტაძე