ნანახია: 1070
აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა "ენგურჰესის" გაყიდვას აპირებს და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რუსულ კომპანიასთან აწარმოებს. გარდა ამისა, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზური მთავრობა იმ ხელშეკრულებასაც გადახედავს, რომლის მიხედვით "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს საქართველო, ხოლო დანარჩენს აფხაზეთი მოიხმარდა. საქმე ის გახლავთ, რომ მდინარე ენგურზე კაშხალი საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელშიც ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება, ხოლო ელქტროენერგიის გამანაწილებელი სადგური აფხაზეთში, ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღო, სადაც წერია, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც ქვეყნის იურისდიქცია არ ვრცელდება, ყოველგვარი ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობა აკრძალულია. ამგვარი საქმიანობების ნუსხაშია საბანკო გადარიცხვები, ინვესტიციები, საწარმოს დაფუძნება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, პრივატიზაცია და ა.შ. აქვე წერია, რომ აღნიშნული შეზღუდვები და სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკურ-ფინანსური საქმიანობის მწარმოებელ სუბიექტებზე, არამედ ამ სუბიექტებთან სამართლებრივ-ეკონომიკური კავშირის მქონე იურიდიულ პირებზეც. კანონდამრღვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნა და სანქციები ხორციელდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომიისის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სეპარატისტთა მიერ ინიცირებულ ავანტურისტულ ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობას, არც ერთი საერთაშორისო კომპანია არ მიიღებს: "ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედების წესი განსაზღვრულია, როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით. სეპარატისტები "ენგურჰესის" გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს "რაო-ესთან" აწარმოებენ, რომელიც მხოლოდ რუსული კომპანია არ გახლავთ. ის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სტრუქტურაა. ჩვენი კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს, "ენგურჰესის" შესყდვისთვის ეს კომპანია დაჯარიმდეს, ან მის დამფუძნებელ ყველა იურიდიულ პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს და ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს." მალაშხიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის კეთილი ნებით, აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებს ელექტროენერგია სრულიად უსასყიდლოდ მიეწოდებათ, იმიტომ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამჟამად, ცხოვრება სეპარატისტული რეჟიმისა და რუსული საოკუპაციო ჯარების გავლენის ქვეშ უწევთ. "ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის მოსახლეობას უსასყიდლოდ მიეწოდება. რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს მოსახლეობა იძულებულია დენის გადასახადი აფხაზურ ადმინისტრაციას გადაუხადოს, რომლებიც ამ ენერგიის ნაწილს, ჩემი ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეშიც ჰყიდიან." მალაშხიას მიაჩნია, რომ სეპარატისტთა მხრიდან, "ენგურჰესის" გაყიდვის შესახებ განცხადებები, ხალხში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენისგან გამოწვეული შიშისა და მუდმივად დაძაბული სიტუაციის შესანარჩუნებლად არის გაკეთებული. ცნობილია, რომ აფხაზურ მხარეს სოხუმის აეროპორტის გახსნის სურვილიც აქვს, რასაც ზემოთ აღნიშნული კანონი ავტომატურად კრძალავს. სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ფრენების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნება. თუკი ოდესმე აფხაზები აეროპორტს მაინც გახსნიან, ეს შიდა მოხმარების დონეზე იქნება და ისეთი თვითმფრინავები იფრენს, რომლებიც საერთაშორისო რეისებს ვერ განახორციელებენ. იგივე მდგომარეობაშია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი რუსული მობილური ტელეკომპანია "მეგაფონი", რომლის უკანონო საქმიანობის შესახებ საქართველოს სასამართლოში საჩივარი შეტანილია და რამდენიმე ინსტანცია უკვე გავლილია აქვს: "საინტერესოა, რომ "მეგაფონი" თვითონ ღებულობს მონაწილეობას ამ სასამართლო პროცესში. "მეგაფონზე", ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა ჯარიმა გაზარდა. ჯერჯერობით, ჯარიმასთან დაკავშირებით საქმე სასამართლოში იხილება. თუ "მეგაფონი" ჯარიმას არ გადაიხდის, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს და შემდეგ უკვე ვეცდებით მოვძებნოთ ის კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ "მეგაფონის" დაფუძნებაში,"- აცხადებს შოთა მალაშხია.
მარიამ შონია
|